ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო
ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო.
მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო.
სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს.
მომსახურების გადასახადი შვიდი ევროთი განისაზღვრა.
ახალი სისტემა შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ.
როგორც ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპულ სისტემაში“ (ETIAS) რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა. სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მოქალაქე ნებართვის მოქმედების პერიოდში რაიმე მიზეზით პასპორტს შეცვლის.
ევროკომისიის ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესასვლელად შვიდი ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ.
ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს, მათ შორის, დაბადების ადგილს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, განათლებას და სამუშაო ადგილს. მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც პირველს მოინახულებენ. განაცხადის ფორმაში მოქალაქეებს ასევე შეხვდებათ ველი, სადაც აუცილებელი იქნება კითხვების გაცემა ჯანმრთელობაზე, ნასამართლეობაზე და ა.შ. ევროპაში მოგზაურობისთვის საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ მისი ამობეჭდვა სავალდებულო არ იქნება.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებით, ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
