სიმშვიდე დიდი ქარიშხალის წინ - რა ხდება ბახმუტში და როგორ მიდის მზადება დიდი შეტევისთვის

ბახმუტში ვითარება კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა, რაც დრო გადის, უკრაინელების მიერ ქალაქის დაცვის აქტუალობა მხოლოდ იზრდება და დიდ მნიშვნელობას იძენს გაზაფხულის შეტევის მომზადებისთვის.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბახმუტში მომარაგების ხაზები სრულიად გადაჭრეს, სიცრუეა და ქალაქის დაახლოებით 60%-ს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსები ცდილობენ, რომ დონეცკის ოლქის ორ დიდ და მნიშვნელოვან ქალაქს - სლავიანსკსა და კრამატორსკს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ, ბახმუტი კი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფორპოსტია, რომელიც ამ ქალაქებს იცავს. ამასთან, ექსპერტები აცხადებენ, რომ ახლა ფრონტის ხაზი პრაქტიკულად გაყინულია და შესაძლოა ეს პერიოდი შეფასდეს, როგორც სიმშვიდე დიდი ქარიშლის წინ, რადგან უკრაინელები მასშტაბური შეტევისთვის სერიოზულად ემზადებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სიმშვიდე დიდი ქარიშხალის წინ - რა ხდება ბახმუტში და როგორ მიდის მზადება დიდი შეტევისთვის.

 

“უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი გასულ კვირას ბახმუტში უკვე მეორედ ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიას ბახმუტის ალყაში მოქცევის საშუალება არ მისცეს, მაგრამ ფრონტის ამ სექტორში ვითარება კვლავ მძიმეა. გარდა ამისა, სირსკიმ განაცხადა, რომ ქალაქის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბახმუტის თავდაცვის აქტუალობა მხოლოდ იზრდება და ყოველი დღე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს რეზერვები მოამზადოს და მოახლოებული შეტევითი ოპერაციები დაგეგმოს. ამბობს, რომ ოკუპანტები დანაკარგებს არ ითვლიან, მაგრამ ამ შემთხვევბაში ჯარისკაცების რაოდენობა გადამწყვეტი არაა. ბახმუტში სირსკის ვიზიტის მომდევნო დღეს კი რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინელებს ქალაქის გარნიზონის მომარაგების ბოლო გზაც გადაუჭრეს. რაზედაც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სიცრუეა, თუმცა გზებს რუსები ბომბავენ. როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსს” უყვება, ბახმუტში სიტუაცია რთულია, თუმცა ეს უკრაინელთათვის მნიშვნელოვანი ფორპოსტია, რომელიც ორ მნიშვნელოვან ქალაქს - სლავიანსკსა და კრამატორსკს იცავს. ამასთან, ეს ბრძოლა უკრაინელებს შეტევის მომზადების საშუალებას აძლევს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რუსები ცდილობენ სლავიანსკსა და კრამატორსკს მაქსიმალურად დაუახლოვდნენ. უკრაინის ორივე ქალაქი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ბახმუტი კი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფორპოსტია, რომელიც ამ ქალაქებს იცავს. თუმცაღა, ეს არ ნიშნავს, რომ თუკი ბახმუტი დაეცემა, უკრაინელები ამ ორ ქალაქს ვერ დაიცავენ. მეორე ასპექტი ისაა, რომ რაც უფრო მეტი რუსი სამხედრო იქნება შეკავებული ბახმუტთან და რაც უფრო მეტ სამხედროს გაანეიტრალებენ - დაჭრა იქნება ეს, დაშავება თუ მოკვლა - ამ ფონზე უკრაინას უფრო მეტი შანსი ეძლევა, რომ საკუთარი სამხედროები გადაამზადოს, საკუთარ თავდაცვის მდგომარეობას გადახედოს და ა.შ. თუკი უკრაინელებს რუსების გაჩერება მოუწევთ, სჯობს გააჩეროს უფრო შორს და რაც შეიძლება კონკრეტულ ადგილას, რაც უკვე განადგურებული და ნაომარია. ბახმუტი კი სწორედ ეს ქალაქია. ამ თვალსაზრისით ბახმუტისთვის ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება მდგომარეობას, ბახმუტზე სამი გზა გადის და აქედან ორი უკრაინელების ხელშია. კოსტიანტინივკას მაგისტრალი საბოლოო ჯამში კრამატოსკამდე მიდის, ეს ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და რუსები ამ გზიდან დახალოებით 2 კილომეტრში არიან. რა თქმა უნდა, გზა იბომბება, მაგრამ უკრაინელებისთვის კვლავ ღიაა, რადგან მომარაგება არ შეწყვეტილა. დიდი კოლონები აქ რომ ვერ გაივლიან, ეს ნათელია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

 

“მეორეხარისხოვანი გზა ჩასივ იარზეა. აქ რუსები გზიდან დაახლოებით 3 კილომეტრში არიან, საარტილერიო მუშაობა აქაც ძალიან აქტიურია და უკრაინელები აქაც თავისუფლად ვერ გადადგილდებიან. ორივე გზა ღიაა, მაგრამ ორივე შემთხვევაში გადადილება რთულია. გზის გადაჭრა კი სხვა მოვლენაა, როცა პირდაპირი მნიშვნელობით გადაჭრილია და ვერაფერი ვერ გადის. რუსებმა მხოლოდ და მხოლოდ სლავიანსკის მიმართულებით ჩრდილოეთის გზა გადაჭრეს, ის უკრაინელთა მიერ ნამდვილად არ კონტროლდება. ქალაქის დასახლებული რაიონების დაახლოებით 40% რუსების ხელშია, მათ შორის მთელი აღმოსავლეთ ნაწილი”, - ამბობს კობერიძე. კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სმახედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ბახმუტს მხარეები ფაქტიურად 50/50-ზე აკონტროლებენ, ხოლო ადმინისტრაციული ცენტრი უკრაინელების ხელშია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ბახმუტში სიტუაცია რთულია, ფაქტიურად ქალაქს მხარეები ნახევარ-ნახევარზე აკონტროლ;ებენ. რუსები ცდილობენ სამხრეთიდან ჩრდილოეთით ალყა შეკრან და წინ წავიდნენ, ამ მიმართულებაზე ძირითადად “ვაგნერი” მუშაობს. უკრაინელები კი ცდილობენ, რომ ხაზი რეზერვებით გაამაგრონ და რუსებს ბახმუტი-ჩასოვ იარის მიმართულებით გასვლის საშუალება არ მისცენ. როგორც ვიცი, უკრაინელებს მომარაგების ერთი მთავარი გზა აქვთ დარჩენილი და ესეც საცეცხლე დარტყმის ქვეშაა. უკრაინელები რამდენიმე მიმართულებით ქალაქის დებლოკირებას შეეცდებიან. ეს მხოლოდ სირკის მიდგომა არაა. დებლოკირება ნიშნავს, რომ დარჩენილი ნაწილები გაათავისუფლონ და რუსეთის საოკუპაციო ძალების ქალაქიდან დაახლოებით 5-10 კმ-ით განდევნონ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“ამასთან, რუსებს პრობლემები აქვთ. პრიგოჟინსა და რეგულარულ ძალებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ უკვე ფრონტზეც აისახა - “ვაგნერს” ტყვია-წამალს და ხელყუმბარებს არ აწვდიან. თუ ასე გარძელდა, ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. თან კოორდინაციისა და ავციაციის პრობლემებიც აქვთ. ბახმუტში სიტუაცია კრიტიკულად სტაბილურია, ქალაქის ადმინისტრაციის შენობას და მარცხენა ფლანგს უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა “ვაგნერის” ჯგუფი წინ მიიწევს და ადმინისტრაციული ცენტრისგან 2 კმ-ით არიან დაშორებული. მათ მდინარე ბახმუტკას ფორსირება შეძლეს. იმედია, რომ ახალ შეტევამდე ბახმუტი შენარჩუნდება”, - დასძენს მაისაია.

 

“ჯერ კიდევ ზამთარში იყო საუბარი იმაზე, რომ გაზაფხულისთვის უკრაინა დიდი შეტევისთვის ემზადებოდა. თუმცა, ჯერჯერობით ფრონტზე სიმშვიდეა და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ფრონტის ხაზი პრაქტიკულად გაყინულია. ეს, დიდი ალბათობით, მასშტაბურ შეტევას მოასწავებს, რისთვისაც უკრაინელები შესაბამისად ემზადებიან. როგორც გიორგი კობერიძე აცხადებს, რუსების ზამთრის გეგმები ჩავარდა, ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია, უკრაინელების დიდი მზადება კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ უკრაინელთა მხრიდან შეტევა იქნება. ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ უკრაინელები შეტევას აპირებენ, თუმცა, ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე, გეგმებს წინასწარ არ აჟღერებენ. ამის გამო კი ძნელია მიმართულება განისაზღვროს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“სიმშვიდე არ ნიშნავს იმას, რომ შეტევა არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ, მიმდინარე პერიოდში, უახლოეს კვირებში, უკრაინის მხრიდან შეიძლება ლოკალური შეტევებიც კი იყოს. მასობრივ სტრატეგიულ შეტევას ძალიან დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალის მომზადება და ტექნიკის ჩაყვანა სჭირდება, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, მიტომ უკრაინელებს ამ თვალსაზრისით არსად ეჩქარებათ, ფრონტის ხაზი პრაქტიკულად გაყინულია და არსად არ მოძრაობს. რუსების მიერ დაანონსებული ზამთრის შეტევა ჩავარდა. ამის მცდელობა კრემინასთან და უგლედართან იყო და სრულიად ჩაიშალა. ამიტომ ახლა დრო უკრაინელებზე მუშაობს. საშუალება აქვთ, რომ გადამზადდნენ და შემდგომ შეტევა დაიწყონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდ ბრიტანეთში რამდენიმე, ხოლო მთელს უკრაინაში დაახლოებით ასზე მეტი ბრიგადა მზადდება, რაც ნიშნავს, რომ ასი ათასზე მეტი სამხედრო იქნება, რომელსაც შეეძლება, რომ უკრაინელთა მხრიდან შეტევაში მიიღონ მონაწილეობა. ყველაზე რთული ბრძოლა დონეცკის რაიონში იქნება. შესაბამისად, ამ რაიონს ამ შეტევის მიმართულებად ნაკლებად მივიჩნევ”, - ამტკიცებს ჯიპას პროფესორი.

 

“ეს რაიონი ყველაზე მეტად ურბანული სივრცეა და დავინახეთ, რომ ასეთ სივრცეში ომი რთული იყო. ყველაზე ლოგიკური იქნება, რომ შეტევა ზაპოროჟიე, ან დანარჩენი ხერსონის რაიონისკენ იყოს, რომელიც ყირიმამდე მიდის და ეს რუსებისთვის აქილევსის ქუსლია. მეორე ვარიანტი ლუგანსკის რაიონშია - შეიძლება შეუტიონ სტარაბილსისაკენ, რომელიც ლუგანსკის რაიონში რუსული მომარაგების ერთ-ერთი უმთავრესი კვანძია. ეს თუ უკრაინელებმა აიღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმიის მომარაგება ლუგანსკის რაიონში გადაჭრილი იქნება და მეორეს მხრივ რუსების მდგომარეობა სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის და კრემინას მიმართულებით ბევრად დამძიმდება”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

 

“უკრაინელები საერთოდ თავიანთ ოპერატიულ გეგმებს წინასწარ არ აცხადებენ ხოლმე. ისინი გეგმებს უფრო კარგად ნიღბავენ, ვიდრე რუსები. ხერსონისა და ხარკოვის გათავისუფლებაც ამის შედეგი იყო. უკრაინელები წინასწარ არაფერს არ ამბობენ და ეს, როგორც ჩანს, რაღაცას ნიშნავს. ნატოს ბაზებზე მომზადებულ უკრაინელ კადრებს, ასევე დასავლეთიდან სერიოზული რაოდენობის ტექნიკას და შეიარაღებას ელოდებიან. პლიუს პოლონეთმა ლვოვში საველე სამხედრო მომზადების ცენტრი გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პლიუსია. ჩემი აზრით, შეტევა ბახმუტში შემხვედრი ბრძოლებით დაიწყება. შესაძლოა რამდენიმე სატყუარა მიმართულებაც მოაწყონ, თუმცა მთავარი რომელი იქნება, ამაზე საუბარი ძნელია. შეტევის დაწყებას მაშინ ველოდები, როცა გეოგრაფიული და კლიმატური პირობები უკრაინელებს ხელს შეუწყობთ. როცა მიწა გამოშრება და პირველი მზიანი პერიოდი იქნება, შეტევის დაწყებას უფრო მაშინ ვფიქრობ - გაზაფხულის თბილ დღეებში, ან ზაფხულის დასაწყისში”, - თვლის ვახტანგ მაისაია.

წაკითხვა 263 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 14 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.