საფრანგეთში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია მასობრივ არეულობებში გადაიზარდა
საფრანგეთში გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. პროფკავშირის ინფორმაციით, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, აქციებში მონაწილეობდა 3.5 მილიონი ადამიანი. შსს-ს ცნობით, დემონსტრანტების რიცხვი 1 მილიონს აჭარბებდა.
ბევრგან დემონსტრაციები პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარიზსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებს დაუშინა ქვები, ბოთლები და პეტარდები. საპოლიციო ძალებმა ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 170-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 72 პარიზში.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, დემონსტრანტების აგრესიულად განწყობილმა ნაწილმა პარიზში, ბორდოში, ნანტსა და სხვა ქალაქებში ცეცხლი წაუკიდა ნაგვის ურნებს და ჩაამსხვრია მაღაზიების, ბანკების და სახელმწიფო დაწესებულებების ფანჯრები.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს 2030 წლისთვის საპენსიო ასაკის ეტაპობრივად გაზრდას 62-დან 64 წლამდე. რეფორმის მოწინააღმდეგეები მეორე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ.
კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში, საფრანგეთის მთავრობამ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ისარგებლა და გადაწყვეტილება პარლამენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცა. საფრანგეთის პარლამენტში დადგა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, თუმცა, საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
