რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ წასვლას გადაწყვეტენ

დღეიდან, 20 ივლისიდან, რუსეთი „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ აცხადებს ყველა გემს, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებიან.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. დღეიდან რუსეთი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში მიზეზად დასახელებულია ის, რომ ფუნქციონირება შეწყვიტა „შავი ზღვის ინიციატივამ“ და საზღვაო ჰუმანიტარულმა დერეფანმა, რომლითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა უკრაინიდან ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ზოგიერთი რაიონი ნაოსნობისთვის საშიშად ცხადდება და დადგენილი წესით გაგზავნილია საინფორმაციო შეტყობინება უსაფრთხოების გარანტიების გაწვევის შესახებ“.

 

რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა, უკრაინამ შუამავალ გაეროს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან.

 

რუსეთი გარიგების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.

 

რუსეთი ირწმუნება, რომ ვერ ახორციელებს სურსათის და სასუქების ექსპორტს, რასაც დასავლეთის სახელმწიფოები სიცრუეს უწოდებენ, რადგან ეს პროდუქცია სანქცირებული არ არის. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სურსათის იარაღად გამოყენებაში.

 

  • უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
  • გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
  • შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა და ბოლოს 17 ივლისს ამოიწურა.
წაკითხვა 238 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.