ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნებოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ისრაელის გადაწყვეტილებას, გაანადგუროს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“. ამის შესახებ ბაიდენმა განაცხადა CBS-თან ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 15 ოქტომბერს გავიდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგები ჰოლოკოსტს შეადარა და თქვა, რომ ისრაელი ებრძვის დაჯგუფებას, რომელმაც ბარბაროსობა ჩაიდინა და ლიკვიდირებული უნდა იყოს. ამასთან, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და იმასაც, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები.
შეკითხვას, მხარს დაუჭერს თუ არა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ოკუპაციას, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს ისრაელის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა. ჯო ბაიდენის თანახმად, უნდა არსებობდეს პალესტინელთა ადმინისტრაცია და სამომავლოდ მათი სახელმწიფოს შექმნის გზა.
აშშ-ის პრეზიდენტის ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ინტერესი არ არის ღაზის სექტორის ოკუპირება და იქ დარჩენა, რადგან ისრაელი საკუთარი სახელმწიფოს გადასარჩენად იბრძვის და ამისთვის ერთადერთი გზა „ჰამასის“ განადგურებაა. CNN-თან ინტერვიუში იგივე განაცხადა ისრაელის ელჩმა აშშ-ში მაიკლ ჰერცოგმა. მისი თქმით, ისრაელს არ აქვს ღაზის სექტორის ოკუპირების და 2 მილიონზე მეტი პალესტინელის ცხოვრების მართვის არანაირი სურვილი.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორზე საავიაციო დარტყმების შემდეგ, ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.
15 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინური მხარის თანახმად, ომს უკვე 2600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი