November 23, 2024

"2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა" - პუტინი

2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, გაოცებული იყო, როცა ეს ინფორმაცია მიიღო.

„დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ზეწოლის მიუხედავად, 2022 წლის მარტის დასაწყისიდან ამ წლის ნოემბრის ჩათვლით, რუსეთში უცხოური კომპანიების, რუსეთში მოქმედი უცხოური სტრუქტურების რაოდენობა არ შემცირებულა. წარმოიდგინეთ, თვითონ გაოცებული ვიყავი, როცა მონაცემები ვნახე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, 2022 წლის პირველი მარტის მონაცემებით, რუსეთში 24 000 უცხოური ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული, 2023 წლის პირველ ნოემბერს კი ეს რიცხვი 1,5 ათასით გაიზარდა.

„ეს ხომ რუსეთთან მუშაობის სურვილის მაჩვენებელია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ და სხვა ქვეყნების ინვესტორებთან კონტაქტები გრძელდება. ამასთან, როგორც პუტინი ამბობს, იმედს გამოთქვამს, რომ „საღი აზრი გაიმარჯვებს და თანამშრომლობა გაძლიერდება“.

„ინვესტორებს რაც შეეხება, ისინი ჭკვიანი ხალხია, მათგან განსხვავებით, ვინც მათ მეთაურობს. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მათთან უშუალო კომუნიკაციას პირად დონეზე. კონტაქტები ფაქტობრივად გრძელდება, მაგრამ მათ უბრალოდ პოლიტიკური დონიდან აბრკოლებენ შეძახილებით და მიღებული გადაწყვეტილებებით, არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს. მე ასე ვარ განწყობილი“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთში გამართულ ფორუმზე.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო დრამატული ცვლილებების ეპოქაში შევიდა, სადაც მხოლოდ ძლიერ, სტაბილურ და სუვერენულ ქვეყნებს შეუძლიათ გადარჩენა.

„მსოფლიო შევიდა დრამატული ცვლილებებისა და სერიოზული გამოწვევების ეპოქაში არა მხოლოდ ცალკეული კომპანიებისა და ინდუსტრიებისთვის, არამედ მსოფლიოს მთელი ქვეყნებისა და რეგიონებისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

წაკითხვა 179 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.