ტრამპმა მორიგჯერ გადადო TikTok-ის აკრძალვის კანონის ამოქმედება
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, 19 ივნისს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, Tik-Tok-ის აკრძალვის შესახებ გამოცემული კანონის აღსრულება კიდევ 90 დღით გადაიწევს, რათა მის ადმინისტრაციას მეტი დრო მიეცეს ამ პლატფორმის ამერიკული საკუთრების ქვეშ მოქცევის შეთანხმების მისაღწევად.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ტრამპმა აკრძალვის ამოქმედების ვადა გაახანგრძლივა. Tik-Tok-ის ამკრძალავ კანონს დონალდ ტრამპის წინამორბედმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის აპრილში მოაწერა ხელი. ამ კანონით, Tik-Tok-ის მფლობელი ჩინური ByteDance-ს ეს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წლის 19 იანვრიდან აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალებოდა. ტრამპმა აკრძალვის ამოქმედება ჯერ 75 დღით გადადო, შემდეგ კი მეორეჯერ 4 აპრილს - ასევე 75 დღით.
გაურკვეველია, რამდენჯერ შეუძლია ტრამპს აკრძალვის გადავადება. სააგენტო "ასოშიეტიდ პრესის" ცნობით, კანონის ამოქმედების ამგვარ გადავადებას მკაფიო სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, თუმცა ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა არავის წამოუწყია.
Pew Research Center-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების დაახლოებით ერთი მესამედი მხარს უჭერს TikTok-ის აკრძალვას - 2023 წლის მარტში აკრძალვას მხარს 50% უჭერდა.
სიახლეები
- ტრამპმა არ გამორიცხა, რომ საბოლოოდ პუტინი დათანხმდება უკრაინის თაობაზე შეთანხმებას
- ესპანეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება – ევროკავშირი ქვეყანას დახმარებას უგზავნის
- 15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის – უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის
- მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
- პუტინი უკრაინის საკითხში ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას აქებს