უკრაინაში მთავრობა შეიცვალა - რას ნიშნავს და რა კავშირი აქვს ვაშინგტონთან?

ახალი პრემიერი, განახლებული მთავრობა, ახალი ელჩი აშშ-ში - ცვლილებები რუსეთთან ომში მყოფ უკრაინაში, ბევრი ექსპერტის აზრით, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებისთვის გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯია და ემთხვევა ვაშინგტონის ერთგვარ შემობრუნებას კიევისკენ. 

 

17 ივლისს, უკრაინის რადამ ახალი პრემიერი (262 ხმით) და მთავრობის ნაწილობრივ განახლებული შემადგენლობა (253 ხმით) დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც, 16 ივლისს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საკუთარი მოთხოვნით გადააყენეს დენის შმიჰალი, რასაც ავტომატურად მოჰყვა ყველა მინისტრის გადადგომა.

 

  • პრემიერ-მინისტრის პოსტზე დენის შმიჰალი მისმა პირველმა მოადგილემ, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ ჩაანაცვლა;
  • თავად დენის შმიჰალი - თავდაცვის მინისტრად დასახელდა;
  • ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩად იქნება წარდგენილი, ხოლო მანამდე შეასრულებს აშშ-სთან ურთიერთობებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციას;
  • არ გამართლდა მოლოდინი, რომ აშშ-ში ახალ ელჩად წარდგენილი იქნებოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის კანდიდატურა.

 

მოსალოდნელ ცვლილებებზე ლაპარაკი უკრაინულმა მედიამ დიდი ხნის წინ დაიწყო.

 

პრემიერის გადაგდომამდე, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების განახლებას დათანხმდა.

 

ტრამპის გეგმით, უკრაინისთვის მისაწოდებელი ამერიკული შეიარაღების საფასური ნატომ და ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაიხადონ. ეს სქემა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ევროპაში.

 

ამავე დროს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს 50 დღე მისცა - უკრაინაში ომის დასასრულებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში - სანქციებითა და ტარიფებით დაემუქრა.

 

პრემიერის გადადგომა, კაბინეტის შეცვლა

 

დადგენილება დენის შმიჰალის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის რადაში 16 ივლისს დილით დარეგისტრირდა, ხოლო დღის მეორე ნახევარში გადაწყვეტილებას უკვე ჰქონდა უკრაინელი დეპუტატების თანხმობა.

 

„გადმოგცემთ ქვეყანას შენარჩუნებული ფინანსური სტაბილურობით, რესურსების საკმარისი ბაზით და ყველა ჩვენი ვალდებულების 100%-იანი შესრულებით“, - თქვა შმიჰალმა 16 ივლისს, უკრაინის პარლამენტის სხდომაზე. მან მადლობა გადაუხადა უკრაინის დამცველ მებრძოლებს, პრეზიდენტ ზელენსკის, მინისტრების გუნდს, დეპუტატებს, ბიზნესმენებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

 

პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დენის შმიჰალმა 15 ივლისს, ტელეგრამის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა. პრემიერის თანამდებობას ის 2020 წლიდან იკავებდა.

 

შმიჰალს ზელენსკი 13 ივლისს შეხვდა, „აღმასრულებელი ხელისუფლების ტრანსფორმაციასთან“ დაკავშირებული სტრატეგიული ნაბიჯების დასაგეგმად. ვარაუდობენ, რომ სწორედ მაშინ შეთანხმდა თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნაც.

 

“დენის შმიჰალის კოლოსალური გამოცდილება ნამდვილად სასარგებლო იქნება უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე - ზუსტად ამ სფეროშია ახლა ქვეყნის მაქსიმალური რესურსი, მაქსიმალური ამოცანები და დიდი პასუხისმგებლობა”, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 14 ივლისს.

წაკითხვა 167 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 18 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.