რუსეთში ადასტურებენ დრონით დარტყმას სოჭის ტერიტორიაზე არსებულ ნავთობის საცავზე
გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ტერიტორიაზე. რუსული წყაროები, მათ შორის სახელმწიფო სააგენტოები სულ მცირე ხუთი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა.
ღამის სამი საათისთვის ფედერალური ტერიტორიის, სირიუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრი პლიშკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დარტყმა იყო ნავთობის ბაზაზე. პლიშკინს შედეგები არ დაუკონკრეტებია.
სირიუსს რუსეთის პირველი „ფედერალური ტერიტორიის“ სტატუსი აქვს 2020 წლიდან. მანამდე ეს ტერიტორია სოჭის ადლერის რაიონში შედიოდა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ადლერის რაიონში მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
24 ივლისის დილის ცხრა საათის მდგომარეობით უკრაინას სოჭის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 21 შავი ზღვის აკვატორიის თავზე, 11 - აზოვის ზღვის თავზე და 7 - კრასნოდარის მხარეში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
სიახლეები
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი
- “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
- “ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი