ზელენსკი მხოლოდ პუტინთან განიხილავს ტერიტორიების საკითხს და მხოლოდ ფრონტზე არსებული მდგომარეობის მიხედვით
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა ტერიტორიული საკითხები განიხილოს, მაგრამ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირად შეხვედრაზე და მხოლოდ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის საფუძველზე. ამის შესახებ ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერჰი კისლიცამ.
ამასთან, მან კვლავ უარყო უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის დე იურე გადაცემის შესაძლებლობა. კისლიცას თქმით, ზელენსკი „ხელმძღვანელობს როგორც უკრაინაში მოქმედი სამართლებრივი საფუძვლებით, ასევე საზოგადოებრივი განწყობით, საზოგადოება კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი მიწების მშვიდობაზე გაცვლას“. ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტი „მზადაა პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს“ და განიხილოს ტერიტორიული საკითხები, ხოლო „ასეთი საუბრების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არსებული სადემარკაციო ხაზი“.
ადრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კიევი მზადაა დათანხმდეს იმ ტერიტორიების დროებით დაკარგვას, რომლებიც რუსეთის მიერაა ამჟამად ოკუპირებული, და არ ეცადოს მათ დაბრუნებას სამხედრო გზით - ოღონდ მათზე იურიდიულად უარის თქმის გარეშე და მომავალში დაბრუნების შესაძლებლობის დატოვებით.
რუსეთი კი, როგორც მრავალი მედიასაშუალება ამტკიცებს წყაროებზე დაყრდნობით, დაჟინებით მოითხოვს არა მხოლოდ მის მიერ უკვე კონტროლირებადი ტერიტორიების მისთვის გადაცემას, არამედ დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანასაც. ამასთან, პუტინი, სავარაუდოდ, მზადაა დათანხმდეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზის გაყინვას. ადრე რუსეთი ამ რეგიონებზე სრულ კონტროლსაც ითხოვდა.
კისლიცამ ასევე განაცხადა, რომ, მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცროს, თუ არ გაიმართება რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, რომლის ინიციატივითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი ამ შეხვედრის ჩაშლას ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თქვა, რომ შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ იქნება მიღწეული ძირითადი შეთანხმებები და თავად შეხვედრა ფორმალობად გადაიქცევა. „მე ვერ ვხედავ იმის რაიმე ნიშანს, რომ პუტინი მზად არის არსებითი მოლაპარაკებებისა და შეხვედრისთვის - როგორც ორმხრივის, ასევე სამმხრივის (შეერთებული შტატების მონაწილეობით)“, თქვა კისლიცამ.
დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით თავის პოზიციას მომდევნო ორ კვირაში ჩამოაყალიბებს. „ვფიქრობ, ორ კვირაში გავიგებ რუსეთის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინის დამოკიდებულებას. საჭირო არიან ორნი. ვფიქრობ, მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. იქნება ეს მასიური სანქციები, მასიური ტარიფები თუ ორივე. ან არაფერს არ გავაკეთებ და ვიტყვი „ეს თქვენი ომია““,თქვა ტრამპმა. ტრამპის თქმით, „ბევრნი მიიჩნევენ“, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრა „არაფერს მოიტანს“.
Politico-ს ცნობით, ტრამპი არ აპირებს მოლაპარაკებებში მოსკოვზე ზეწოლას, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ კიევი, რომელიც დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული, უნდა წავიდეს დათმობებზე და დათანხმდეს გარიგებას, სავარაუდოდ, რუსეთის პირობებით. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეიძლება სწრაფად დაკარგოს ინტერესი სამშვიდობო პროცესის მიმართ, თუ პროგრესს ვერ დაინახავს.
ტერიტორიებზე კონტროლის საკითხი სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება. რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა საკუთარ ტერიტორიებად უკრაინის ექვსი რეგიონი (მათ შორის ყირიმი და სევასტოპოლი, რომლებიც 2014 წელს იქნა ანექსირებული). რუსეთი და უკრაინა ასევე განსხვავებულად განმარტავენ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისადმი მიდგომას.
სიახლეები
- ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
- “ლევან გაჩეჩილაძის გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, ვწუხვართ მისი განშორების გამო და ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებთ” - ილია მეორე
- ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპზე დაკისრებული 500-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა
- ტრამპი აცხადებს, რომ ორ კვირაში გადაწყვეტს, დააწესოს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები
- “ტრამპის მოსვლით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა” - პუტინი