მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა პრემიერ-მინისტრ სანჩესის გადადგომის მოთხოვნით

ესპანეთის ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ მოწოდებით ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა მადრიდის ცენტრში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის. დემონსტრანტებმა გაიზიარეს ოპოზიციის მოთხოვნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „მაფია, თუ დემოკრატია“ 30 ნოემბერს გაიმართა. ესპანეთის შსს-ს ცნობით, აქციაში 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. „სახალხო პარტიის“ თანახმად, დემონსტრანტების რიცხვი ორჯერ მეტი, 80 ათასი იყო.

საპროტესტო აქციის მიზეზად იქცა კორუფციის ბრალდება, რომელიც გასულ კვირაში წაუყენეს ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს, სანჩეს აბალოსს და მის ყოფილ მრჩეველს, კოლდო გარსიას.

გამოძიების თანახმად, საქმე ეხება კოვიდ-პანდემიის გამო დამცავი ნიღბების შეძენასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებას. 2020 წელს ესპანეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა საჯარო ტენდერის გარეშე დამცავი ნიღბები დაუკვეთეს კომპანიას, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა. ამ კომპანიის ხელმძღვანელმა მოგვიანებით სასამართლოში განაცხადა, რომ აბალოსი, გარსია და სხვა სახელმწიფო მოხელეები მოისყიდა. ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს და მის ყოფილ მრჩეველს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. პროკურატურა აბალოსისთვის 20-წლიან საპატიმრო სასჯელს ითხოვს. ბრალდებულები კორუფციულ გარიგებას უარყოფენ.

ოპოზიციური „სახალხო პარტია“ მიიჩნევს, რომ კორუფციულ სკანდალზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს და ის უნდა გადადგეს, რადგან მისი მართვის სტილი ნიშნავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინსტიტუციურ და მორალურ კორუფციას. სანჩესის ოპონენტები ხაზს უსვამენ კორუფციასთან მისი ცოლისა და ძმის შესაძლო კავშირებსაც. ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრი მსგავს ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულ ცილისწამებას უწოდებს.

წაკითხვა 54 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.