მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
ესპანელმა მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა პრეკლინიკური კვლევის შედეგები, რომლებიც პანკრეასის კიბოს კვლევის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემად ითვლება.
კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ „მეცნიერებების ეროვნული აკადემიის შრომებში“ (PNAS) გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა ლაბორატორიულ თაგვებში დაავადების ყველაზე აგრესიული ფორმის სრულად აღმოფხვრა მოახერხეს – რეციდივის გარეშე და მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
კვლევას ესპანეთის ეროვნული კიბოს კვლევის ცენტრის (CNIO) ონკოლოგი, მარიანო ბარბაჩიდა ხელმძღვანელობდა. მკვლევარებმა შეიმუშავეს სამმაგი მედიკამენტური თერაპია, რომელიც ერთდროულად ბლოკავს სიმსივნის გადარჩენის რამდენიმე ძირითად მექანიზმს. ექსპერიმენტებში, თაგვებში პანკრეასის სიმსივნეები მკურნალობის შემდეგ მთლიანად გაქრა და ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგაც კი აღარ განმეორებულა.
რეცენზენტებმა ხაზი გაუსვეს არა მხოლოდ თერაპიული ეფექტის მდგრადობას, არამედ წამლის კომბინაციის უკიდურესად დაბალ ტოქსიკურობას, რაც ხშირად ლაბორატორიული მოდელებიდან ადამიანებზე კლინიკურ კვლევებზე გადასვლისას მთავარ დაბრკოლებად იქცევა.
პანკრეასის კიბო, განსაკუთრებით სადინრის ადენოკარცინომა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ სიმსივნედ რჩება. მისი მკურნალობისადმი რეზისტენტობა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება: სიმსივნის მკვრივ მიკროგარემოს, დაგვიანებულ დიაგნოზს და კიბოს უჯრედების თერაპიასთან სწრაფად ადაპტაციის უნარს. სტანდარტული მკურნალობის რეჟიმები ხშირად არაეფექტურია ზუსტად იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ ერთ მოლეკულურ გზაზეა მიმართული.
CNIO-მ სხვა სტრატეგია აირჩია. მიზანმიმართული შეტევის ნაცვლად, მეცნიერებმა გამოიყენეს კომბინირებული მიდგომა, ერთდროულად თრგუნავდნენ სიმსივნის ზრდისა და აღდგენისთვის აუცილებელ რამდენიმე სასიგნალო კასკადს. ბარბასიდის თქმით, ეს „მრავალარხიანი“ მიდგომა ხელს უშლის კიბოს უჯრედების რესტრუქტურიზაციას და თერაპიისგან თავის არიდებას, რაც წამლისმიერი რეზისტენტობის განვითარების ძირითადი მექანიზმია.
მკვლევარმა ადრეც გაუსვა ხაზი, რომ პანკრეასის კიბოს ერთი პრეპარატით განკურნება შეუძლებელია. როგორც მედია აღნიშნავს, ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ მიღებული ახალი მონაცემები ამ ჰიპოთეზის პირველ დამაჯერებელ დადასტურებას იძლევა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
