საბერძნეთს, ისტორიაში პირველად, ქალი პრეზიდენტი ჰყავს
საბერძნეთს, ისტორიაში პირველად, ქალი პრეზიდენტი ჰყავს.
63 წლის ეკატერინ საკელაროპულუ ქვეყნის პარლამენტმა 22 იანვარს პრეზიდენტად 5 წლის ვადით აირჩია. მას 300 დეპუტატიდან 261-მა დაუჭირა მხარი. როგორც ბერძნული მედია წერს, ეს თანამდებობა ცერემონიულია.
საკელაროპულუ პრეზიდენტობამდე 15 თვის განმავლობაში სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელობდა. ბერძნული გამოცემების ცნობით, ახალი პრეზიდენტი სამართლის სპეციალისტია და ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ადამიანთა უფლებადამცველად და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.
ეკატერინ საკელაროპულუ თესალონიკში დაიბადა და ათენის უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ სამართლის ფაკულტეტზე საფრანგეთში, უნივერსიტეტ პარიზი II-ში სწავლობდა. მისი მშობლები განქორწინებულები არიან. თვითონ დედასთან იზრდებოდა, ზაფხულს კი მამასთან ატარებდა. პრეზიდენტის მამა, ნიკოსი სამართლის სპეციალისტია და მოსამართლედ მუშაობდა, ასევე იყო საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს ვიცე პრეზიდენტი.
63 წლის საკელაროპულუ მეგობარ მამაკაცთან, პავლოს კოტსონისთან ერთად ცხოვრობს, რომელიც პროფესიით ადვოკატია. ეკატერინს წინა ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, 36 წლის ნიობი ჰყავს, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა და ამჟამად კერძო სექტორში მუშაობს.
ბერძნებისთვის განსაკუთრებით გასაკვირი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ეკატერინ საკელაროპულუ ძალიან აქტიური იყო სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი "ფეისბუქზე“. როგორც პრესაში აღნიშნავენ, სოციალურ ქსელებში ასეთი აქტიურობა, როგორც წესი, მოსამართლეებისთვის და საჯარო პირებისთვის დამახასიათებელი არ არის.
მას შემდეგ, რაც საკელაროპულუ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს, მან სოციალურ ქსელში აქტიურობა შეწყვიტა. მართალია, მისი გვერდი კვლავ იძებნება, მაგრამ ფოტოები ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა მედიაში მაინც მოიპოვება სურათები და პრეზიდენტის ძველი "ფეისბუქ პოსტები“.
ეკატერინს ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კი, კატები, ბევრს მოგზაურობს, უყვარს ლაშქრობა და შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, გიჟდება თესალონიკზე, ადგილზე, სადაც გაიზარდა, ასევე უყვარს კლასიკური ფილმები და მათ შესახებ ვრცელ პოსტებსაც კი წერდა "ფეისბუქში.“
ახალი პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითადაა განწყობილი, რადგანაც მიიჩნევენ, რომ კარგად ესმის ყველა სოციალური ფენის და უბრალოდ ცხოვრობს, როგორც "ჩვეულებრივი ადამიანი.“
"ის თანამედროვე ბერძენი ქალია, რომელსაც აქვს სრულფასოვანი პირადი, სოციალური და პროფესიული ცხოვრება“, - წერენ ბერძნული გამოცემები ეკატერინ საკელაროპულუს შესახებ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი