" ომში ვართ - უხილავი მტერი აქვეა, საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია"
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყანაში ახალი, 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა და მოსახლეობას სახლში დარჩენისა და შინიდან მუშაობისკენ მოუწოდა.
„ომში ვართ, რა თქმა უნდა, სამედიცინო ომში. ჩვენ არ ვებრძვით არმიას ან სხვა ერს, მაგრამ მტერი აქვეა, უხილავი, მოუხელთებელი, განვითარებადი. საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია,“- განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში და ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებმაც გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არასერიოზულად მიიღეს.
მისი თქმით, საფრანგეთი ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრებს სამშაბათიდან 30 დღით ჩაკეტავს. გარდა ამისა, ქვეყანაში 22 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გადაიდება.
მაკრონმა განმარტა, რომ გარკვეული დროის მანძილზე საფრანგეთის მოსახლეობა, ქირის, გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადებისგან გათავისუფლდება. „საფრანგეთის არცერთი მოქალაქე დარჩება რესურსების გარეშე,“- დასძინა მან.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც კრიზისის დროს ბიზნესს დაკარგავენ, სახელმწიფო 300 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს.
პრეზიდენტის განმარტებით, გადაადგილებასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები მინიმუმ 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს და მათი დარღვევა დასჯადი იქნება. მოგვიანებით საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იზოლაციის წესებს ქვეყანაში 100,000-ზე მეტი სამართალდამცავი გააკონტროლებს.
ემანუელ მაკრონმა ახალი შეზღუდვები მას შემდეგ გაჟღერა, რაც „საფრანგეთის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1 210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 21-ით გაიზარდა.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის