რეანიმაცია იზღუდება მათთვის, ვისაც გადარჩენის ნაკლები შანსი აქვს - ლონდონი
კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) იძულებული გახდა, სარეანიმაციო განყოფილებაში პაციენტის მოთავსების კრიტერიუმები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. ამ თემაზე ჟურნალისტებს ქვეყნის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილე, ექიმი ჯენი ჰარისი კვირას ესაუბრა.
ინფორმაციას 164-წლიანი ისტორიის მქონე გამოცემა "დეილი ტელეგრაფი" ავრცელებს. მაღალი რანგის ჯანდაცვის ოფიციალური პირი გამოტყდა, რომ რესურსების სიმცირის გამო, სარეანიმაციო განყოფილებებში გადაყვანისას, პრიორიტეტი ენიჭება კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს, ვისი გადარჩენის შანსიც უფრო მეტი იქნება.
ექიმ ჰარისის თქმით, ექიმები "საკმარისად დარწმუნებულები" უნდა იყვნენ იმაში, რომ ინფიცირებული ავადმყოფის მდგომარეობა რეანიმაციაში დაწვენით გაუმჯობესდება. "რაც უფრო მეტს ვიგებთ დაავადების შესახებ, უფრო და უფრო ფრთხილად ვირჩევთ პაციენტს, რომელსაც სარეანიმაციო განყოფილებაში დასაწვენად შევარჩევთ".
ჩვეულებრივ დროში, ეს შანსი დაავადებულების უმეტეს ნაწილს ეძლეოდა. თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემიის ფართოდ გავრცელების გამო, ბრიტანეთის საავადმყოფოებში სიტუაცია შეიცვალა.
ექიმი ამბობს, რომ "ამ ინფექციით, რამდენიმე კვირა ვენტილატორზე ყოფნაა საჭირო. ასეთი ხანგრძლივი დროისთვის რესურსები სწორად უნდა განაწილდეს და საკმარისად დარწმუნებული უნდა იყო, რომ ადამიანი თავს უკეთ იგრძნობს". ჯენი ჰარისის თქმით, "გარდაცვალების შეყოვნება ორი თუ სამი კვირით, არ არის სწორი არც მათთვის, არც საზოგადოებისთვის".
ბრიტანეთის მოქალაქეების მიერ დაფინანსებულ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს, წინ ურთულესი კვირა აქვს. გაერთიანებული სამეფოს მთავარი სამედიცინო ოფიცერი ფიქრობს, რომ კორონავირუსით დაავადებულებს შორის სიკვდილის შემთხვევები გაიზრდება.
ამ ეტაპზე ბრიტანეთში კოვიდ-19-ით 1 300-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ჯანდაცვაში შექმნილი საგანგებო ვითარება და შეზღუდვები შესაძლოა შემოდგომამდე გაგრძელდეს, აცხადებს ექიმი ჰარისი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ისევ იმეორებს, რომ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური კოლაფსის რისკის წინაშეა. მისი თქმით, ეს აუცილებლად მოხდება, თუ მოსახლეობა არ დაიცავს ახალ რეგულაციებს და სახლში არ დარჩება.
თავად ჯონსონი, რომელსაც გასულ კვირას კოვიდ-19 დაუდასტურდა, ისევ თვითკარანტინში იმყოფება. ვირუსით ინფიცირებულია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი და დიდი ალბათობით ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო ოფიცერიც, პროფესორი კრის უიტი. მან პარასკევს განაცხადა, რომ თვითონაც იგივე სიმპტომები აღენიშნება, მაგრამ ჯერ ტესტი არ გაუკეთებია.
ამ სამიდან არცერთი არ ესწრებოდა კვირის ბრიფინგს, ის ექიმმა ჯენი ჰარისმა წაიყვანა. სწორედ ამ ბრიფინგზე თქვა პირველად მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება შესაძლოა კიდევ 6 თვე გაგრძელდეს.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი