October 14, 2025

“დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს; ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ” – მეუფე შიო

“დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ, ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ქადაგებისას ისაუბრა.

მეუფემ ქართველი ერისადმი კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.

 

„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართვეოში და მის გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნე, დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი, ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას ქრისტეს აზიარა. ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, გაღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა. მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი შედეგია უაღრესად მყარი საფუძვლისა, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში“.

 

სპეციალური კომისიის მიმართვის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა. „ღვთის განგებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის და ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების – წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, რომელიც წელს, 20025 წლის 8 თებერვალს შესრულდა და წმინდა ქეთევან დედოფლის მწამებლური აღსასრულიდან 400 წლისთავი, რომელიც 2024 წლის 26 სექტემბერს აღინიშნა.

 

"საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენენ ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს – სულიერი სრულყოფისკენ ერის დაუცხრომელ სწრაფვასა და ღვინისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს. ამ საღვთო თვისებების წყალობით გამუდმებით ყოფნა/არყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში.

 

შარშან, 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ. მის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისთვის ზრუნვა“.

 

"დღეს ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ ვერ ვხდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული.

 

საიუბილეო თარიღების აღნიშვნა საუკეთესო საშუალებაა, სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს. იმისთვის, რომ საიუბილეო დღეებმა მთელი სახელმწიფო მოიცვას, პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში.

 

საიუბილეო წლის განმავლობაში განსაკუთრებით მართებს სარწმუნოებრივ-ეროვნული ღირებულებების და თვითმყოფადობის სავსე გაცნობიერება და მათზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა. ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანა. შეგვეწიოს უფალი, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი განმტკიცების და ღირსეული აწმყოსი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა“.

წაკითხვა 74 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 14 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.