“შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ?!”
“საქართველოში სხვისი სიტყვა უფრო დამაჯერებლად გვეჩვენება, ვიდრე საკუთარი გამოცდილება და დაკვირვება - არ ვენდობით არც ციფრებს, არც საკუთარ თავს... სამაგიეროდ, როდესაც ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები რაღაცაზე მიგვანიშნებენ ან ჩვენს მოქმედებას შეაფასებენ, ეს უფრო სარწმუნო გვგონია. ჰოდა, დღეს დასავლეთს იმდენად პოზიტიური შეფასებები აქვს, ის დროა, დავიჯეროთ, რომ ამ გლობალურ პრობლემას აქამდე მეტ-ნაკლებად კარგად გავართვით თავი. მხოლოდ ხელისუფლება ვერაფერს იზამდა, რომ არა საზოგადოების სწორი პასუხი მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც პროფესიონალთა რჩევებს ემყარება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ?!” / „ადამიანს მოსთხოვო 100 კი არა, 300 მილიონი უნდა ჩაგერიცხაო, უმადურობაა და მეტი არაფერი“ / “არ დაგვავიწყდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და პროდუქტები. ვფიქრობ, საკოლმეურნეო ბაზრები დროულად უნდა მოწესრიგდეს და ბაზრები გაიხსნას”.
“ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, ყველა მედიცინის მუშაკმა, გმირობის ტოლფასი საქმე ჩაიდინეს ამ თვე-ნახევრის განმავლობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მედიასთან ასეთი ინტენსიური კონტაქტი, ეთერიდან ეთერში სიარული, ახსნა-განმარტებების მიცემა ყოველ წვრილმანზე უაღრესად დამღლელია. თუმცა ამან ნაყოფი გამოიღო - ჩვენი საზოგადოება ინფორმირებულია და სიფრთხილის ზომებს პანიკის გარეშე იღებს, რაც დიდწილად სწორედ ამ პროფესიონალთა დასაბუთებული ახსნა-განმარტებების დამსახურებაა. მოკლედ, საზოგადოება ვითარების ადეკვატურად იქცევა, მშვიდად შეხვდა დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ვხედავთ, რომ გასაჭირია ქვეყანაში, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გასაჭირია და არ მესმის იმ ხალხის, ვინც კომენდანტის საათს არღვევს.თუმცა ისიც სათქმელია, კარანტინის რეჟიმის ზოგიერთი დეტალი ბოლომდე დაზუსტებული არც ხელისუფლებას აქვს. მთელი ქვეყანა თითქმის შინაპატიმრობაში ვცხოვრობთ, ამიტომ ამას დაძაბულობაც ახლავს და მომავალზე შფოთიც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთა საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ისიც სწორია, როგორც კი 3-4 ფაქტი გამოჩნდება რომელიმე მუნიციპალიტეტში, მკაცრ კარანტინში რომ აქცევენ. როგორც ვიცი, ამან გაამართლა მარნეულსა და ბოლნისში და ბოლო დღეებში იქ ახალი შემთხვევები აღარ ყოფილა. ვაღიაროთ, რომ დღემდე მიღებული ზომები საჭირო და ქმედითი იყო, რა იქნება შემდეგ, ამის თქმა ძნელია, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ კორონავირუსულ პანდემიას დავამარცხებთ... პოლიტიკური თემები ასპარეზიდან გაქრა - იქნება ეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები თუ სხვა რამ. ახლა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ პანდემიაზეა კონცენტრირებული. სამწუხაროდ, ოპოზიციამ შეცვლილ რეალობას ვერ აუღო ალღო. ოპოზიციურ ძალებს სურთ ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ ადგილს ვერ პოულობენ და არც ხელისუფლება აძლევს ამის საშუალებას...”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიტიკური საბჭოს შექმნით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევდით კორონავირუსთან ბრძოლაში, რისი იდეაც, როგორც მახსოვს, “ლელოს” ჰქონდა, მაგრამ ზოგად პოლიტიკურ ვითარებას, ვფიქრობ, დაალაგებდა და ეგებ ოპოზიციაც კმაყოფილი დარჩენილიყო. სხვათა შორის, ეს გააკეთეს კიდეც ზოგიერთ ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ერთიანობის გამომხატველი ჟესტიც. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს არ მოინდომა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას ოპოზიციას ახალი თემების ძებნა დაიწყოს და ამით ობსტრუქცია მოაწყოს. გავიგეთ, რომ სწრაფი ტესტების შემოტანა აუცილებლად მიგაჩნია და ამას სთავაზობ ხელისუფლებას, წინადადება კარგია, მაგრამ გააჩნია, როგორი კილოთი სთავაზობ. დიახ, ხელისუფლების გაკრიტიკება აუცილებელია, მაგრამ გააჩნია, ამ დროს წინა პლანზე რა გამოდის - საქმის გაკეთების სურვილი თუ ვიღაცის პარტიული ინტერესი. როდესაც ჩვენც ვხედავთ და ჩვენი მთელი მედპერსონალიც ამბობს, რომ პროცესის ისე წარმართვამ, როგორც მიდის, გაამართლა და სწრაფი ტესტები ჯერჯერობით არსებითად ვერაფერს შეცვლის, მათი ხარისხის თუ სხვა მიზეზების გამო, ყოველდღე აღარ უნდა ილაპარაკო ამაზე.... ავიღოთ პირბადეების თემა, - როცა იცი, რომ ევროპაში თუ აშშ-ში პირბადეების დეფიციტია, ისიც იცი, ეკონომიკა და მრეწველობა რა დონეზე გვაქვს განვითარებული და ამ დროს მოხერხდა და შეიქმნა ეროვნული წარმოება, რომლის პროდუქტზეც პროფესიონალები ამბობენ, რომ თავის დანიშნულებას ასრულებს, შენ კი ამ დროს აკრიტიკებ დიზაინის გამო, სასაცილო მდგომარეობაში იგდებ თავს”, - თვლის ექსპერტი.
“ბოლო 30 წელიწადი ჩვენთვის ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ დღევანდელი ვითარება სრულიად არაორდინარული და რთულია. ამას განაპირობებს მხოლოდ ის კი არა, რომ ჩვენ სუსტი ეკონომიკა გვაქვს, არამედ ისიც, რომ მთელ მსოფლიოში ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაჩერდა, მთელი მსოფლიო იზოლაციაშია, კრიზისი არის ყველგან - ყველას უჭირს და ყველა ცდილობს საკუთარი პრობლემების მოგვარებას. თურმე თურქეთმა ქვეყნიდან ლიმონის გატანა აკრძალა... მოკლედ, ყველა უფრთხილდება თავის მარაგებს... მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანას დროულად სჭირდება, მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი კარგად ასაწონ-დასაწონია, არ შეიძლება ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში ვართ, ჯერ არ ვიცით, რა იქნება. ყველა ვხვდებით, ხვალაც რომ დასრულდეს ინფიცირების გავრცელება, წელს ჩვენს ბიუჯეტში ტურიზმიდან შემოსავალი თითქმის ნულის ტოლი იქნება. მოკლედ, ხელისუფლებამ დანამდვილებით არ იცის, რა შემოსავლები ექნება ბიუჯეტში, ამიტომაც ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ვფიქრობ, საწარმოები, რაც ან გაჩერდა, ან შეზღუდვით მუშაობს, ნელ-ნელა უნდა ამოქმედდეს, იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც მოგვცემს ვირუსის გავრცელება. არ დაგვავიწყდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და პროდუქტები. ვფიქრობ, საკოლმეურნეო ბაზრები დროულად უნდა მოწესრიგდეს და ბაზრები გაიხსნას. ვფიქრობ, ერთი ქსელი სასოფლო-სამეურნეო საქონლით მთელ ქვეყანას ვერ მოამარაგებს, ანუ ის, რასაც “ჯიბის” შემთხვევაში გვიხატავენ. ყველაზე მეტად კი მაშფოთებს ეკლესიის დამოკიდებულება და ის სადღესასწაულო დღეები, რაც წინ გვიძევს. ამან შეიძლება კონტროლი დაგვაკარგვინოს შიდა გავრცელებაზე. მიკვირს, რომ ჩვენი სამღვდელოება არ ითვალისწინებს მსოფლიოში არსებული სხვა რელიგიური ორგანიზაციების გამოცდილებას, არც იმას, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისეთი სახელმწიფოებიც კი, სადაც სახელმწიფო იდეოლოგიას რელიგია წარმოადგენს. ეს პრობლემა უნდა როგორმე მოგვარდეს, მას საღი გონებით უნდა მივუდგეთ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“პირველი, რაც სჭირდებოდა მოსახლეობას, იყო კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება, რაც გაკეთდა და მისასალმებელია. არც ეკონომისტობაა საჭირო და არც პოლიტიკოსობა იმის მისახვედრად, რომ მთავრობამ, ერთი მხრივ, დონორები უნდა ეძებოს, იფიქროს წარმოების განვითარებაზე, ყველაფერი გააკეთოს კაპიტალის ქვეყანაში დასატოვებლად და ა.შ., მეორე მხრივ კი არსებული თუ მოძიებული რესურსები სწორად გაანაწილოს. ხელისუფლებამ პროცესების განვითარების რამდენიმე ვერსიაზე უნდა იმუშაოს და საჯაროდ გამოიტანოს მხოლოდ კარგად აწონილ-დაწონილი ანტიკრიზისული გეგმა და ამისთვის უნდა “იჩქაროს ნელა”... უკვე ითქვა 2-მილიარდიან ინვესტიციაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გადანაწილდება ეს თანხა. ჯერჯერობით თუნდაც ის, რომ მაღაზიათა ერთ-ერთ ქსელს მიანდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოტანა და რეალიზება, უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს ამ პროცესისადმი. ისე არ მოხდეს, ეს რესურსები მსხვილ ბიზნესზე განაწილდეს და წვრილი და საშუალო ბიზნესები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ, რაც მოგვიტანს იმას, რომ მდიდრები უფრო გამდიდრდებიან და ღარიბები კი გაღარიბდებიან”, - განმარტავს ექსპერტი.
“რაც შეეხება სოფლის მეურნეობასა და პროდუქტს, ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საქართველოში კვერცხის წარმოება შეიძლებოდა, მაგრამ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის დემპინგური ფასების გამო ეს ვერ ხერხდებოდა. დღეს ხომ დავრწმუნდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სასურსათო უსაფრთხოების საკითხს. როცა ამაზე ბიზნესი ლაპარაკობდა, მაშინ ხელისუფლებას არ ესმოდა, მაგრამ იმედია ახლა გაითვალისწინებს. იგივე ითქმის ქათმის ხორცის წარმოებაზეც. აი, ამას უნდა მოვუაროთ დროულად, ახლავე, ოღონდ უნდა დაიწყოს არა იმით, რომ მსხვილი მოთამაშეები გაჩნდნენ, არამედ იმით, რომ მსხვილ მოთამაშეებთან ერთად გაჩნდნენ წვრილი და საშუალო მწარმოებლები. თუ გვინდა ქვეყანაში შევქმნათ რეალური საშუალო ფენა, სწორედ ამ ჭრილში უნდა იფიქროს ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას”, - აღნიშნავს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “დიდი რეზონანსი მოჰყვა ფონდში ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვას...” - პასუხობს:
“ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეს 100 მილიონი ქვეყანას ჰაერივით სჭირდება და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ადამიანს მოსთხოვო 100 კი არა, 300 მილიონი უნდა ჩაგერიცხაო, უმადურობაა და მეტი არაფერი. ივანიშვილი რომ დღეს პოლიტიკის გარეთ იყოს, ბუნებრივია, ეს ქველმოქმედება იქნებოდა და ამაზე არავინ იდავებდა, მაგრამ ის დღეს ხელისუფლებასთან ასოცირდება, მეტიც, მას ხელისუფლების ხელისუფლად მიიჩნევენ. ამიტომ მისი ეს ნაბიჯი პოლიტიკური აქციაა, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად იმუშავებს ეს ამომრჩეველზე. მას შეეძლო 100 მილიონი ნაწილ-ნაწილ და გადაერიცხა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო როგორც ადრე, მაგრამ ასე არ გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკურ დივიდენდებს ელის”.
“ბევრი ვარაუდი გამოითქმის, რომ ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიოში დიდი პოლიტიკური ძვრები იქნება, მაგრამ არ მჯერა, ჩემი აზრით, ეს მოსალოდნელი არ არის. ვფიქრობ, დაიწყება შეცდომების გააზრება და შემდგომი საფრთხეების პრევენციაზე მეტად ზრუნვა. ის, რომ აშშ-ში, ამხელა ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, პირბადეების დეფიციტია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ვფიქრობ, ამას უპირველესად მოუვლის ამერიკა, მით უფრო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ პანდემიამდე კარგა ხნით ადრე ლაპარაკობდა ეროვნული წარმოების მეტად განვითარებასა და ჩინეთიდან ამერიკული ქარხნების დაბრუნებაზე. ასეთ დასკვნებს კიდევ ბევრი ქვეყანა გამოიტანს. ამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ უსაფრთხოება არ ნიშნავს მხოლოდ სხვა სახელმწიფოს სამხედრო აგრესიისგან თავის დაცვას, ამიტომაც ბევრ სახელმწიფოში თავდაცვაში დახარჯული თანხების განსაზღვრული პროცენტი, ვფიქრობ, მედიცინისკენ იქნება მიმართული, ველი დიდ ეკონომიკურ ძვრებსაც, მაგრამ ეს მსოფლიო წესრიგს ვერ შეცვლის”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი