როგორ შეცვალა კორონავირუსმა პუტინის პოლიტიკური დღის წესრიგი?
პრეზიდენტი პუტინი 22 აპრილს, პლებისციტის ჩატარებას გეგმავდა, რომელიც მას უფლებას მისცემს 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.
თუმცა კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, კრემლმა გადაწყვიტა პლებისციტი გადაედო. ცვლილებები, რომლებიც პუტინს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას აძლევს, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა. თუმცა პლებისციტი, ამ ნაბიჯს დემოკრატიულ სარჩულს მისცემდა.
გაურკვეველი ბედი ელის ასევე 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებსაც. „სამამულო ომის“ ისტორიული მეხსიერების პოპულარიზაცია, ბოლო წლების განმავლობაში კრემლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რუსეთის წარსული დიდების წარმოსაჩენად. ამ წელს, 1945 წელს, ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 75 წლისთავი აღინიშნება და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავდა ისეთი ლიდერებისთვის ემასპინძლა, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი. კორონავირუსმა ეს გეგმები შეცვალა.
კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, ჩატარდება თუ არა 9 მაისის აღლუმი, ჯერჯერობით მიღებული არაა. პესკოვის თქმით, „სხვადასხვა ვარიანტები“ განიხილება და თუ დაგეგმილი ღონისძიება 9 მაისს არ ჩატარდება, განხილული იქნება მისი მოგვიანებით ჩატარების შესაძლებლობა.
24 მარტს, პუტინი ყვითელი სკაფანდრით საავადმყოფოს ესტუმრა, სადაც ინფიცირებული ადამიანები იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, რუსეთის მთავრობა კორონავირუსს საფრთხედ არ მიიჩნევდა, თუმცა შემთხვევების ზრდასთან ერთად ვითარება შეიცვალა.
კორონავისურმა, კრემლის პოლიტიკური დღისწესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა, ამბობს „ჩათჰამ ჰაუზის“ რუსეთის და ევრაზიის პროგრამების უფროსი მკვლევარი, ნიკოლაი პეტროვი „ყველაფერი, რაც [პანდემიის გავრცელებამდე] ხდებოდა, გაქრა“, - ამბობს ის. „შეგვიძლია დავივიწყოთ კონსტიტუციური ცვლილებები“, - თქვა მან.
კორონავირუსი პუტინისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მარტში მისი რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო და ეს იმ ფონზე, როცა ნავთობის, რუსეთის მთავარი შემოსავლის, ფასების კლებამ, რუბლის მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია.
პანდემია საფრთხეს უქმნის რუსთის ეკონომიკას. მთავრობის მიერ მხარდაჭერილი „ვაჭრობის პალატის“ მონაცემებით, კორონავირუსის გამო ეკონომიკის გაჩერება 3 მილიონ კომპანიას გააკოტრებს და 8 მილიონ ადამიანს დატოვებს უმუშევრად, რაც რუსეთში მუშახელის 11 პროცენტია.
მიმომხილველები ფიქრობენ, რომ პუტინის რეიტინგების ვარდნის მიზეზი ეკონომიკური დაღმასვლა და ცხოვრების პირობების გაუარესებაა. კრიზისი კიდევ უფრო მეტად ავნებს მის პოპულარობას, ამბობს დენის ვოლკოვი, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის „ლევადას“ სოციოლოგი. 'როცა ხალხს უჩნდება შიში, რომ ვითარება გაუარესდება „რეიტინგები ვარდნას იწყებს“', - უთხრა ვოლკოვმა „ასოშიეთიდ პრეს“-ს.
კრემლის პასუხი კრიზისზე შეკითხვებს აჩენს, როგორც რუსეთში ასევე მის მიღმაც. ქვეყნის შიგნით პუტინს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მალევე არ გაამახვილა ყურადღება ეპიდემიის საფრთხეებზე და ცდილობს საკუთარი თავის დისტანცირებას მიმდინარე მოვლენებისგან. ის ისეთ მტკივნეულ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა საყოველთაო კარანტინი, მისაღებად რეგიონულ გუბერნატორებს და მის კაბინეტს უტოვებს.
დასავლეთში კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის ოფიციალური რიცხვები არ აღწერს რეალობას და რომ ვითარება ბევრად უარესია. კრიტიკა დაიმსახურა, ასევე რუსეთს მიერ იტალიისთვის და სერბეთისთვის გაგზავნილი დახმარების პიარმა და პროპაგანდირებამ.
პუტინი, საზოგადოებერივი ჯანდაცვის კრიზისის ფონზე, შეეცადა მოსახლეობის დამშვიდებას, თუმცა 8 აპრილს მის სატელევიზიო მიმართვას, სადაც ის კორონავირუსს 10 და 11 საუკუნის შემოსევებს ადარებდა, სოციალურ მედიაში დაცინვა და პაროდია მოჰყვა.
„ჩვენი ქვეყანა ბევრ გამოწვევას გაუმკლავდა. მას ემუქრებოდნენ პაჭანიკები და ყივჩაღები და რუსეთი ყველაფერ ამას გაუმკლავდა. ჩვენ ამ კორონავირუსაც დავამარცხებთ“, - თქვა მან.
სოციალურ მედიაზე, რუსმა მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ იგივე ფრაზა პუტინმა 2010 წელს გამოიყენა.
„ის რისკი, რომ პუტინი გამოჩნდეს, როგორც არსებულ ვითარებას აცდენილი, რეალურია“, - ამბობს სამუელ გრინი, ლონდონის კინგს კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის დირექტორი, „ასოშეითიდ პრეს“-თან საუბარში.
პუტინი ამ კრიზისისგან განსხვავებით, სხვა კრიზისების დროს, კონტროლის და მხარდაჭერის მოპოვებას, საშინაო პრობლემებიდან ყურადღების გეოპოლიტიკურ არენაზე რუსეთის როლზე გადატანით ახერხებდა, იქნებოდა ეს ყირიმის ანექსია 2014 წელს თუ სირიის სამხედრო კამპანია. თუმცა, კრემლი დღეს გლობალურ კრიზისს უმკლავდება, რომელიც ქვეყნის შიგნით ვითარდება და ამ ტაქტიკის გამოყენება, მოსკოვისთვის ბევრად უფრო რთულია.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი