დასავლეთის პრესა: ევროკავშირმა ანგარიში შეასუსტა პეკინის მხრიდან ზეწოლის გამო
დასავლეთის მედიის თანახმად, ევროპის კავშირის ანგარიშის პროექტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთი დეზინფორმაციას ეწევა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, პუბლიკაციის წინ შესუსტებულ იქნა პეკინის მხრიდან ზეწოლის შემდეგ.
25 აპრილს New York Times-ი და Reuters-ი იტყობინებიან, რომ ჩინეთი შეეცადა, ხელი შეეშალა ანგარიშის გამოქვეყნებისთვის და რომ ზოგიერთი პასაჟი, რომელიც ქვეყნის კრიტიკას შეიცავდა, გამოქვეყნებამდე ამოღებულ იქნა ან შერბილდა.
თავდაპირველ ანგარიშში, რომლის ტექსტის გაცნობის საშუალება მიეცა რადიო თავისუფლებას, ლაპარაკი იყო „სამმხრივ დეზინფორმაციაზე“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხრიდან.
მასში ნათქვამი იყო, რომ ჩინეთი „განაგრძობს გლობალურ სადეზინფორმაციო კამპანიას, რათა ყურადღება გადაიტანოს პანდემიის გაჩენისთვის პასუხისმგებლობიდან და გაიუმჯობესოს საერთაშორისო იმიჯი“, იტყობინება New York Times-ი.
ანგარიშის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, პეკინი ცდილობდა აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის დაედო ბრალი მსოფლიოში დაავადების გავრცელებისთვის. ასევე ის ყალბ ბრალდებებს ავრცელებდა ფანგი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომ ისინი თითქოს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსს.
მაგრამ ანგარიშის საჯარო დასკვნაში, რომელიც დაგვიანებით გამოქვეყნდა 24 აპრილს, - სავარაუდოდ ჩინეთის მხრიდან მუქარის გამო, - ჩინეთთან დაკავშირებით ამოღებულია ფორმულირება „დეზინფორმაციის გლობალური კამპანია“ და არავითარი ბრალდება არაა ნახსენები საფრანგეთის პოლიტიკოსების მისამართით.
New York Times-ის თანახმად, ანგარიშის ის ნაწილი, რომელშიც ნახსენებია, რომ ჩინეთი და რუსეთი ჩართული არიან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციაში, ანგარიშის დამატებით ნაწილშია გადატანილი.
შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ანგარიშის დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაეგზავნათ, ნათქვამია, რომ „ოფიციალური და სხვადასხვა მთავრობის, მათ შორის რუსეთის და - ნაკლები ხარისხით - ჩინეთის - მთავრობების მხარდაჭერით მოქმედი წყაროები განაგრძობდნენ კონსპირაციული სიუჟეტებისა და დეზინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის როგორც ევროკავშირში, ისე უფრო ფართო სამეზობლოში.“
New York Times-ი და Reuters-ი იტყობინებიან, რომ მათი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა შეაჩერეს ანგარიშის გამოქვეყნება და მასში ცვლილება შეიტანეს ჩინეთის მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ეფუძნება რამდენიმე წყაროს, მათ შორის ევროკავშირის შიდა ელექტრონულ მიმოწერას, დოკუმენტებსა და ინტერვიუებს.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ორიგინალურ 25-გვერდიან ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ჩინეთი, რუსეთი და ირანი კოორდინირებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას კორონავირუსის პანდემიის შესახებ.
დასახელებულ თემებს შორისაა, მაგალითად, ის, რომ კორონავირუსი არის აშშ-ის მიერ ოპონენტების წინაღმდეგ გამოსაყენებლად შექმნილი ბიოლოგიური იარაღი, და რომ ჩინეთი, ირანი და რუსეთი „დასავლეთზე ბევრად უკეთესად უმკლავდებიან“ პანდემიას.
ანგარიშის პროექტში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ირანის ლიდერები - და ამას რუსეთის მედიაც უკეთებს ტირაჟირებას - განაგრძობენ მოწოდებებს, რომ გაუქმდეს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, ვინაიდან, მათი თქმით, ეს ხელს უშლის ქვეყანაში ჰუმანიტარულ და სამედიცინო ძალისხმევას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი