რუსეთში ეკლესიის კედლებზე პუტინის გამოსახვა დაიწყეს

“რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ეკლესიაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და სსრკ-ს ყოფილი ლიდერის, იოსებ სტალინის მოზაიკური გამოსახულებები განთავსდება.

ამის შესახებ ინფორმაცია ეკლესიის წინამძღვარმა, კლინის ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეკლესიის კედლებზე ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების გამოსახვა ძველი რუსული ტრადიციაა. აღსანიშნავია, რომ პუტინისა და შოიგუს გარდა ეკლესიის კედელზე გამოსახული იქნებიან რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, “ფე-ეს-ბე”-ს დირექტორი ალექსადრე ბორტნიკოვი და რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთში ახალ “სახელმწიფო რელიგიას” ქმნიან - ეკლესიის კედლებზე პუტინის გამოსახვა დაიწყეს.

 

“ეკლესიაში ორი მოზაიკა იქნება. ერთ-ერთს “2014 წლის ყირიმის უსისხლოდ შემოერთება” ჰქვია და მასზე გამოსახულები იქნებიან ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. რაც შეეხება სტალინს, მისი პორტრეტი გამოისახება მოზაიკაზე, რომელსაც “გამარჯვების აღლუმი” ჰქვია და მასზე 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად ჩატარებული აღლუმია გამოსახული. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარემ, დეკანოზმა ლეონიდ კალინინმა განაცხადა. მეუფე სტეფანემ კი განმარტა, რომ იმ ეკლესიაში, რომელიც დიდ გამარჯვებას ეძღვნება, შეუძლებელია აღლუმის მოზაიკა არ იყოს. მისივე ცნობით, ეკლესიის კედლებზე ასევე გამოსახული იქნებიან მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე საბჭოთა პარტიზანები. ასევე 1812 წლის ბოროდინოს ბრძოლაც აისახება და იმ პირების სახეების, რომლებიც რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სხვადასხვა ბრძოლაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დეკანოზმა ლეონიდ კალინინმა აღნიშნა, რომ მათი გეგმები თავად პუტინთან და შოიგუსთან შეთანხმებული არ ყოფილა და პრეზიდენტსა და მის რჩეულ მინისტრს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათი პორტრეტები გამოისახებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ეკლესიის კედლებზე. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი... ეკლესიის მშენებლობის შესახებ თავდაცვის სამიანისტრომ 2018 წელს განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სიმაღლით შეიარაღებული ძალების მთავარი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ტაძრებს შორის მესამე ადგილს დაიკავებს. მისი გახსნა 2020 წლის 9 მაისს იგეგმება და სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს მიეძღვნება”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 646 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.