რა გარანტიები მიიღო ფაშინიანმა პუტინისგან

“მთიან ყარაბაღში ომი დღითი დღე მწვავდება. სამშაბათს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობა იყო, ეს აზერბაიჯანის პროკურატურამაც დაადასტურა, თუმცა სომხეთი ბრალდებას უარყოფს.

ამის პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ლოკალურ სამხედრო შეტაკებებში ბრალს ისევ აზერბაიჯანს სდებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბრის დეტალებს იხსენებს. ასევე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და ახლაც შეასრულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექმნება თუ არა საფრთხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს და რა გარანტიები მიიღო ფაშინიანმა პუტინისგან.

 

“ყოველთვის შესაძლებელია ფართომასშტაბიანი ომის დროს გაზსადენისა და ნავთობსადენის დაზიანება", - ამის შესახებ “რეზონანსთან” ისაუბრეს საერთაშორისო ექსპერტებმა. ისინი არ გამოვრიცხავენ, რომ იარაღის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ რუსეთი და სომხეთი. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, შესაძლებელია გაზსადენისა და ნავთობსადენის დაზიანება საბრძოლო მოქმედებების დროს. “როდესაც საბრძოლო მოქმედებები იმ რაიონთან სიახლოვეს მიმდინარეობს, სადაც ნავთობსადენი და გაზსადენი გადის, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების დროს შემთხვევით ან წინასწარ განზრახულად მისი დაზიანება. აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ წინასწარ განზარახულად იყო სომხეთის მხრიდან მისი დაბომბვის საფრთხე, თუმცა სომხეთი ამას უარყოფს”, - განაცხადა ალადაშვილმა. საერთაშორისო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ფართომასშტაბიან ომში ყველა საშუალება მისაღებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ენერგოპროექტების განხორციელებას სერიოზული საფრთხე შეექმნას. ლოკალური ომი, ეს არის ფართომასშტაბიანი ომი, სამწუხარო რეალობა, თუმცა ამ დროს ყველა საშუალება არის მისაღები. მაღალი ალბათობაა, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მოხდეს ანალოგიური თავდასხმები, არა მარტო საარტილერიო, არამედ დივერსიული ჯფუფების მხრიდანაც”, - განაცხადა მაისაიამ. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პროკურატურა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ იუწყება. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმები, დაახლოებით, 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის. “ნავთობსადენი იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, წარმოადგენს რეგიონის ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტს. ჩვენი არმიის გადამწყვეტი ზომების შედეგად, ტერორის ეს მცდელობა აღიკვეთა”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისი კომენტარი “ფეისქუკის” გვერდზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრულ ოვანისიანმა გააკეთა. “აზერბაიჯანის განცხადება, რომ სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელებას, უტიფარი ტყუილია. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს ჩვენს სამიზნეს”, - წერს ოვანისიანი. ირაკლი ალადაშვილის თქმით, სომხეთის ინტერესებში შედის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეჩერება. “რა თქმა უნდა, არ იტყვიან, რაზე ისაუბრეს, თუმცა ეტყობა, სომხეთის მხარის მცდელობაა, რომ რუსეთი რაღაცნაირად ჩაერთოს და მან მიიღოს გადაწყვეტილება, შეჩერდეს ცეცხლი მთიან ყარაბაღში. ეს არ არის აზერბაიჯანის ინტერესში, რადგან მას დასახული აქვს თავისი სამხედრო ოპერაციები და ცდილობს, განახორციელოს. საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს სომხეთის ტერიტორიაზე. ის მიმდინარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელსაც სომხეთი აკონტროლებს. მათი განცხადებით, რუსეთი არ ჩაერევა, თუ ეს არ გასცდა მის საზღვრებს”, - თქვა ალადაშვილმა. ვახტანგ მაისაიას განცხადებით, შესაძლებელია, პუტინი და ფაშინიანი იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“შეიძლება, გამოიყენოს კოალიციური რუსულ-სომხური არმია, დაჯგუფება, რომელიც მოიცავს 5-დან 7000-მდე ადამიანს. აგრეთვე, შესაძლებელია, ძირითადი დასაყრდენი ძალა არის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა. შეიძლება, რუსეთისგან გარანტია მიიღო, რომ, კონფლიქტში თურქეთის ჩარევის შემთხვევაში, სომხეთი გამოიყენებს კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის მეოთხე მუხლს - აამოქმედებს თავდასხმის პრინციპს. არ გამოვრიცხავ, რომ იარაღის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ მხარეები. შესაძლებელია აგრეთვე, ფაშინიანმა გააფრთხილა თურქეთი თუ თქვენ ჩაერევით, რუსეთიც ჩაერევა დასახმარებლადო”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“ნიკოლ ფაშინიანმა განცხადებით, მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა, ვინაიდან მისი მოსახლეობის 80 პროცენტი ყოველთვის სომხები იყვნენ. “აზერბაიჯანს არ სურს, რომ სომხები მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ და ამიტომ ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა ყარაბაღს. რას გვთავაზობენ? მთიანი ყარაბაღის სომხებმა უნდა თქვან, კარგი, რადგან ტერორისტები ხართ, უარს ვიტყვით ჩვენს ფესვებზეო? ეს არასდროს მოხდება”, - განაცხადა”ბი-ბი-სისთან” ინტერვიუში ფაშინიანმა. კითხვაზე, ხოლო კითხვაზე - მასთან საუბრისას დაადასტურა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, სომხეთი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა: “ამ კითხვაზე პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით: რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ ამ შემთხვევაში ის შეასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს”. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული. მისი თქმით, “სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს”, თუმცა რუსეთი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 530 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 08 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.