“ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა, წამიერი სასაცილო მომენტებით” - დღეს მიხეილ ბულგაკოვის დაბადების დღეა

1891 წლის 15 მაისს რუსი მწერალი და დრამატრუგი მიხეილ ბულგაკოვი დაიბადა.

 

“ოსტატი და მარგარიტა” – ამ სიტყვების გაგონებისას ყველას გაახსენდება შესანიშნავი მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ბულგაკოვი, რომელსაც ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული კრედო ჰქონდა:

 

“ვამბობდი, ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი – მოფერება არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ადამიანიც და ცხოველიც შენს მხარეს გადმოიბირო. ტყუილად ფიქრობენ, რომ ტერორითა და მუქარით რამეს მიაღწევენ. მოფერება გულს ათბობს, ტერორი კი ნერვულ სისტემას სპობს”.

 

სამწუხაროდ, მიხეილ ბულგაკოვს ცუდ დროს მოუწია ცხოვრება და თავისუფლების მოპოვება მისთვის ურთულესი აღმოჩნდა. ალბათ ამიტომაც ამბობდა:

 

“ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა, წამიერი სასაცილო მომენტებით”.

 

მიხეილ ბულგაკოვის ცხოვრება ნამდვილად ჰგავდა დიდ ტრაგედიას, სადაც მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო.

 

მუდმივი თვითკრიტიკით მწერალი საკუთარ თავს ანადგურებდა. ის იყო ყველაზე დაუნდობელი თავისი თავის და თავისი შემოქმედების მიმართ, ამიტომაც უწოდეს “მისტიკური მწერალი”. მან ლიტერატურაში აირჩია ყველაზე რთული გზა – გზა სატირიკოსისა, რომელიც აღსავსე იყო გაბედული, სხარტი, მწარე შემოქმედებით.

 

ალბათ ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ მწერალი მშობლების სურვილით სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა ექიმობა ყველაზე ნაკლებად სურდა. ბულგაკოვმა პატარაობიდანვე დააფიქსირა, რომ მის გონებაში გამუდმებით “დარბოდნენ” პატარ-პატარა ტექსტები, წინადადებები, რომლებიც თავდაპირველად მის გაოცებას იწვევდნენ, მოგვიანებით კი ამ ყველაფერს ისე მიეჩვია, რეაქცია აღარ ჰქონდა. საბოლოოდ მიხეილ ბულგაკოვმა მათი ჩაწერა დაიწყო.

 

პირველი სიყვარული მეორე კურსზე ეწვია. მას თავისი თანაკურსელი ტატიანა ლაპა შეუყვარდა, რომელსაც მოფერებით ტასია დაარქვა. მათ მალევე იქორწინეს და სწორედ ტასია გახდა მიზეზი ბულგაკოვის პირველი პიესის დაწერისა. “ძაფზე გამობმული სამყარო” – ასე ერქვა პიესას, რომლის მთავარი გმირებიც მიშა და ტასია იყვნენ. სამწუხაროდ, მათი იდილიური ცხოვრება მალევე დასრულდა, რადგან პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ისინი ომში დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ წავიდნენ. ომმა დააწერინა მიხეილ ბულგაკოვს ცნობილი “ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები”.

 

ომიდან კიევში დაბრუნებული წყვილი მშობლების სახლში ცხოვრობდა. ქალაქში მრავლად იყვნენ შეიარაღებული ჯარისკაცები, ბოლშევიკები, გერმანელები… ერთ საღამოს მწერალი სახლის კართან ნაცემი დააგდეს. ამ შემთხვევის შედეგად შეიქმნა მისი რომანი “თეთრი გვარდია”.

 

სულ მალე მწერლის ორი უმცროსი ძმა პიატიგორსკის საავადმყოფოში მოხვდა. დედამ უფროს ვაჟს სთხოვა, ძმებისთვის ემკურნალა და სახლში ჩამოეყვანა. ბულგაკოვი იძულებული გახდა ვლადიკავკაზში გამგზავრებულიყო. გზად მან რამდენიმე წერილი დაწერა, სადაც საკუთარ დაბადების დღეს წყევლიდა:

 

“რატომ არ გავჩნდი 100 წლის წინ, ან 100 წლის შემდეგ და საერთოდ, რატომ გავჩნდი? რაც მე ცრემლი ვღვარე, მაინ რიდს 10 ტომის დასაწერად ეყოფოდა…”

 

სწორედ ვლადიკავკაზში ყოფნის დროს დაიწყო აქტიურად წერა და მისი რამდენიმე პიესა იქაურ სამოყვარულო თეატრშიც დაიდგა.

 

მალევე მიხეილ ბულგაკოვი ფრონტზე მოხვდა და თვითონ გახდა სხვისი მისახედი:

 

“ბედმა ლატარიით მარგუნა ბილეთი, რომელსაც გარკვევით ეწერა “სიკვდილი”… მაგრამ მე არ მოვკვდი!”

 

კიევში დაბრუნებული მწერალი ჯანმრთელობას უჩიოდა. ფილტვების ანთების რამდენჯერმე გადატანისა და სისხლძარღვების დაავადებების გამო, მან პრაქტიკულად თავიდან ისწავლა სიარული და საკუთარი სხეულის მართვა. მისი ძმები დენიკინელებთან ერთად ემიგრაციაში თურქეთში წავიდნენ. მწერალი კი მოსკოვში გადავიდა, სადაც მისი შემოქმედებით ალექსეი ტოლსტოი მოიხიბლა:

 

“რუსეთს ძალიან სჭირდება ახალი სიტყვის მთქმელი, პრაგმატულად მოაზროვნე ახალგაზრდები”, – ასე აფასებდა ტოლსტოი ბულგაკოვს.

 

მისი პიესა “ტურბინების დღეები” სტანისლავსკიმ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი კარგი გამოვიდა, კრიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს, ცენზურა დაადეს და რეპერტუარიდან მოხსნეს. როგორც მოგვიანებით მწერალმა დათვალა, მის შემოქმედებას კრიტიკოსებმა 301 რეცენზია მიუძღვნეს და აქედან დადებითი მხოლოდ 3 იყო.

 

მოსკოვში მწერალს ახალი სიყვარული ეწვია და ის ერთ საღამოს შამპანურით ხელში მიადგა ტასიას გამოსამშვიდობებელი სადღეგრძელოთი. ტატიანა ლაპას წლების განმავლობაში წვალებით აწყობილი ცხოვრება წამში დაემხო თავზე:

 

“მიხაილს ბოჰემური ცხოვრება ყოველთვის ხიბლავდა, ხშირად სვამდა და დროს მეგობრების წრეში ატარებდა, მაგრამ დაშორებას ნამდვილად არ ველოდი”, – წერდა მოგვიანებით ტასია, რომელიც ბულგაკოვთან განშორების შემდეგ აღარ გათხოვილა.

 

მწერლის მეორე ცოლი ლუბოვ ბელოზერსკაია იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა და შეეძლო ღრმად ფილოსოფიური საუბარი ნებისმიერ ინტელექტუალთან. ის ბულგაკოვის გვარზე გადავიდა და აღიარა, რომ მწერალი სიგიჟემდე მას შემდეგ შეუყვარდა, რაც “ძაღლის გული” წაიკითხა. თუკი მეუღლე ამ ნაწარმოებს შედევრს უწოდებდა, გამომცემლებს ის საბჭოთა წყობილების დაცინვად მიაჩნდათ, ამიტომაც მისი გამოქვეყნება არაფრით არ შეიძლებოდა. სწორედ ამ ნაწარმოების ორიგინალის წასაღებად ჩატარდა ჩხრეკა მწერლის სახლში, საიდანაც “ძაღლის გულის” ორიგინალის გარდა, წაიღეს კიდევ ერთი წერილი. მიხაილ ბულგაკოვი ემიგრირებულ ევანგელისტ დემიანინს თავისუფლებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაზე სწერდა. ეს ორი მტკიცებულება სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მწერალი ნებისმიერ დროს ციხეში ჩაესვათ და აღარასოდეს გამოეშვათ.

 

ბულგაკოვი იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო. მან ზედა ეშელონებში წერილი გაგზავნა თხოვნით, რათა მისთვის ქვეყნის დატოვების უფლება მიეცათ:

 

“თუ მწერალს წერის საშუალებას არ აძლევენ, ეს მისი მკვლელობის ტოლფასია… თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება”. მაგალითად კი მოჰყავდა ესენინი, სობოლი და მაიაკოვსკი, რომლებმაც ერთიმეორის მიყოლებით მოიკლეს თავი.

 

ბულგაკოვის წერილი პირადად იოსებ სტალინმა წაიკითხა. მან მწერალს პირადად დაურეკა: “ესე იგი, წასვლა გნებავთ, არა? ამხანაგო ბულგაკოვო, ნუთუ ასე მოგაბეზრეთ თავი?” მწერალმა კი მშვიდი ხმით უპასუხა, რომ წასვლა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოსანახულებლად და მათი კულტურის გასაცნობად სურდა. ეს საუბარი ელენა შილოვსკაიამ ჩაიწერა, რომელიც ბულგაკოვის ახლო მეგობარი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯაშუში იყო.

 

არაერთი მცდელობის მიუხედავად, მწერალმა უცხო ქვეყანაში წასასვლელი საბუთების გაფორმება ვერ მოახერხა. მას ახალგაზრდა დასის სამუშაო თეატრი დაუთმეს, სადაც ახალ სცენაზე მწერლის კომედია დაიდგა მოლიერის ცხოვრებაზე. წარმატების და ანშლაგების მიუხედავად, ცენზურამ კომედია მალევე აკრძალა და მეათე სპექტაკლის შემდეგ რეპერტუარიდანაც მოხსნა. ამის სანაცვლოდ ბულგაკოვს დაავალეს გოგოლის “მკვდარი სულების” საბჭოთა ფორმით აღდგენა და დადგმა, რასაც მოჰყვა “ომი და მშვიდობის”, “დონ კიხოტის”, “მადმუაზელ მიმის” და სხვა ცნობილი ნაწარმოებების საბჭოთა რეალობაზე მორგება და სცენაზე გადატანა.

 

წლების შემდეგ, მწერალმა დაწერა, რომ “ტერორისტმა” ჩინოსნებმა აიძულეს, ის ეკეთებინა, რაც არ უნდოდა:

 

“თითქოს ჩემი ცხოვრება ყელში მიჭერს და ძალით მაკეთებინებს იმას, რასაც ვერ ვიტან”.

 

მწერლის პირად ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლის დრო დადგა – ელენა შილოვსკაია მისი მესამე ცოლი გახდა. სწორედ მას უთხრა ბულგაკოვმა: “შენ მე მთელი სამყარო მაჩუქე”. წინა ორი ცოლის მსგავსად, ელენაც მწერლის გვარზე გადავიდა, ქმარი და ორი შვილი მიატოვა და ბულგაკოვთან დასახლდა. 5 წლის განმავლობაში მწერალი ჯიუტად ცდილობდა რუსეთი დაეტოვებინა და უცხოეთში წასულიყო, მაგრამ უშედეგოდ.

 

მისი გახმაურებული რომანი “ოსტატი და მარგარიტა” წლების განმავლობაში იქმნებოდა. პირველი ვარიანტი მწერალმა ზუსტად ისე დაწვა, როგორც მისმა გმირმა რომანში. “ეშმაკმა მომაჯადოვა”, – ამბობდა მწერალი და მთელ თავის დროს, ენერგიას და ჯანმრთელობას რომანის დასრულებას ახმარდა. როდესაც თავისი ნამუშევარი მეგობრებს გააცნო, მათ მცირე კორექტივები შეიტანეს მწერლის შედევრში. ბულგაკოვი ყოველთვის ითვალისწინებდა ახლობლების აზრს და გადაწყვიტა, რომანი ჩაესწორებინა.

 

ამ პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – მწერალს მამისეული დაავადება აწუხებდა – ჰიპერტონია მძიმე ფორმებში. პროფესიით ექიმი კარგად ხვდებოდა რაც სჭირდა და როგორც განვითარდებოდა მოვლენები. ბულგაკოვმა დიანგოზი საკუთარ თავს თვითონვე დაუსვა და ზუსტად დაასახელა ის ვადები, როცა მისი სიცოცხლე დასრულდებოდა. მალე მწერალი დაბრმავდა და ლოგინად ჩავარდა. “ოსტატი და მარგარიტას” ჩასწორება ისე, როგორც თავად სურდა, ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა.

 

სიკვდილის წინ მან თავის მეუღლეს, ელენას ფიცი დაადებინა, რომ ხელნაწერს შეინახავდა და მას აუცილებლად გამოსცემდა. ელენას მან პირველი მეუღლის, ტასიას მიყვანაც სთხოვა. ტატიანა ლაპა 15 წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა ბულგაკოვის ბინაში, რომ საყვარელი მამაკაცისგან ბოდიში მოესმინა.

 

ბულგაკოვი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამი ცოლის მიუხედავად, მას შვილები არ დარჩენია.

 

მწერლის ოცნება, “ოსტატი და მარგარიტა” დაბეჭდილიყო, მისი გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

წყარო

წაკითხვა 1382 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.