ალეპოს წყევლა: გიორგი სააკაძის სიკვდილის საიდუმლოება
გიორგი სააკაძის ბაზალეთის ომში დამარცხების, ოსმალეთში გადახვეწისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავი, ცნობილზე ცნობილი ამბავია.
დიდი მოურავის, როგორც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნების ცხოვრება მრავალი ისტორიკოსისთვის გადაქცეულა კვლევის საგნად, ბევრი მწერლისთვის კი, შთაგონებად. ზოგი მკვლევარისთვის, სააკაძე მოღალატე და მედროვეა, ზოგისთვის კი - გმირი და ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილი. ორივე მხარეს აქვს სათანადო არგუმენტები და ცდილობენ სიმართლე დაამტკიცონ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ, თურქეთის სახელმწიფო არქივებში, ისტორიკოსმა ისქენდერ ბექიროღლუმ (რომელიც წარმოშობით ქართველი გახლავთ, თოქათის პროვინციის ნიქსარის რაიონის ერთ-ერთი ქართული სოფლიდან - უსტაჰასანიდან) გიორგი სააკაძის სიკვდილის შესახებ, საინტერესო დოკუმენტებს მიაგნო, ვფიქრობთ, ეს პრობლემა გადაჭრილად შეიძლება ჩაითვალოს.
დავიწყოთ თავიდან: 1987 წელს, ალეპოში, ჰაფეზ ალ-ასადის რეჟიმის დროს, ბელგიელმა არქეოლოგმა პოლ ვან ჰიმსტმა, ალეპოს ციტადელის არქეოლოგიური შესწავლისას, აღმოაჩინა ლითონის ყელსაბამი, დისკოთი. დისკოზე, რომელიც ვან ჰიმსტმა განსაზღვრა XVI-XVII საუკუნეების ეგვიპტურ ნაკეთობად, უცხოენოვანი წარწერა იყო, რომელიც თურქებს იეროგლიფები ეგონათ, მაგრამ ჰიმსტი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ძველქართული ანბანი იყო და ასე იკითხებოდა: „დიდება საქართველოს". ყელსაბამი 1998 წლამდე ინახებოდა ალეპოს მუზეუმში, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია, სანამ ისქენდერ ბექიროღლუმ მისი კვლევა არ დაიწყო. ისქენდერი ენთუზიაზმით მიუდგა საქმეს. მალე იპოვა კვალი და ამ კვალმა, სწორედ თურქეთის სახელმწიფო არქივებამდე მიიყვანა...
დოკუმენტები შედგება ამ აღმოჩენამდე უსახელო ოსმალო ისტორიკოსის „აქშეჰირის ისტორიის" ხელნაწერისაგან და შინაარსიდან გამომდინარე თარიღდება 1630-1640 წლებით. ის ეყრდნობა გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯის უშუალო შემსწრის, ალი-აბდულ შაჰნავაზიანის, ალეპოს ყადის მოგონებებს. ამავე წყაროს ამყარებს ფრანცისკელი მისიონერის, ემილიო დე მილანოს ჩანაწერები, დათარიღებული XVII საუკუნის 30-იანი წლებით. ეს ხელნაწერი 1992 წლამდე ინახებოდა მადრიდის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, სანამ მილანის არქივი არ შეისყიდიდა. სწორედ აქ მიაგნო ბექიროღლუმ ამ დოკუმენტს. ჩვენ შემოგთავაზებთ ამ წყაროების თარგმანების შეჯერებულ ვარიანტს, რომელშიც ამბის ძირითადი სათქმელი იკვეთება და ჩანს, თუ რა გახდა გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯის მიზეზი.
1629 წლის 3 ოქტომბერს, ემილიო დე მილანო, ორ სხვა კათოლიკე პატრთან ერთად, სირიის ქალაქ რაქაში იმყოფებოდა. სწორედ აქ უნახავს მას დიდი სამხედრო ბანაკი, სადაც არა ოსმალები, არამედ ქართველები დახვედრიან. 15 ათასი ქართველი, შეჭურვილი საუკეთესოდ, ამხედრებული საუკეთესო ცხენებზე, თავიანთ მეთაურს ელოდნენ. როგორც ერთი ქართველისგან, იონა იბრაჰიმ ათაბეგისგან შეუტყვია ემილიო დე მილანოს, ამ კაცს დიდი მოურავის სახელით მოიხსენიებდნენ. მეომრებს გულზე ერთნაირი ყელსაბამები ჰქონდათ, წერს ემილიო, რომელზეც ქართულ ანბანზე რაღაც ფრაზა იყო ამოტვიფრული. 1 კვირის შემდეგ, დამასკოში გაკეთებულ ხელნაწერში ფრანცისკელი ბერი უკვე ახალ დეტალებს გვატყობინებს. გიორგი სააკაძე, დიდი მოურავი 3 ოქტომბერს ჰუსრევ ფაშას სიკვდილით დაუსჯია, რადგან თურმე, 15 ათასი ქართველით, რომელიც ემილიო დე მილანომ რაქასთან ნახა, საქართველოში დაბრუნებას და მის გათავისუფლებას გეგმავდა. ქართლის მეფეს, თეიმურაზს, რომელიც შეშინებულა გიორგი სააკაძის დაბრუნების შესაძლებლობით, მაშინვე შეუტყობინებია ჰუსრევ-ფაშასთვის, თუ რა ჰქონდა გულში დიდ მოურავს.
ბექიროღლუს მიერ, დამასკოს არქივში ნაპოვნ ფასდაუდებელ დოკუმენტში - გიორგი სააკაძის მემუარებში, რომელმაც მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე, გიორგის სიტყვები წერია: „და დღე იქმნა მზიანი, ალაპლაპებული მზის სხივები ანათებენ ეგვიპტიდან, ოსმალეთიდან, სპარსეთიდან ნარჩევ ქართველ მამულიშვილებს. ყველას მზის დისკო უნათებს გულს, დიდება საქართველოს". აქ იგულისხმება სწორედ ისეთი ყელსაბამები, როგორიც ვან ჰიმსტმა იპოვა ალეპოს ციტადელში. ასევე არის ერთი საინტერესო დეტალი, საიდანაც ჩანს, რომ სააკაძე მოსალოდნელ ღალატისგან შექმნილ საფრთხეს კარგად იაზრებდა: „ვადგავარ საქმესა ქართლისასა, მეშინის, ყურს უკან გამუდმებით ბრუტუსის ხმისა. ჰოი საქართველოვ, შენ ბეჭებს ისევ ქართველები ამოუდგებიან გაბრწყინებისკენ"...
მაგრამ ბედის ჩარხი ისევ უკუღმა დატრიალდა, ქართველს ქართველმა ისევ უმუხთლა და თეიმურაზ მეფის მოწოდებით, ჰუსრევ ფაშამ, რომელიც შურით აღსავე შეჰყურებდა გიორგის აღზევებას ოსმალეთის კარზე, დიდი მოურავი ალეპოში სიკვდილით დასაჯა. ალი-აბდულ შაჰნავაზიანის ზემოთხსენებული მოგონებების მიხედვით, გიორგის თავის მოკვეთის წინ, ისე ხმამაღლა დაუღრიალია: „დიდება საქართველოს", ალეპოს კედლები შეზანზარებულა. ალი-აბდულ შაჰნავაზიანზე ამას ისეთი დიდი ზეგავლენა მოუხდენია, სულთნისთვის წერილი გაუგზავნია, ქართველებს დიდი კაცი მოვუკალით, ალეპოს კედლებს აზანზარებდა ყვირილითო. სულთანი, რომელიც დიდად აფასებდა ალეპოს ყადის, შეშფოთებულა და უფიქრია, ვაი და მართალი კაცის სისხლი არ მაპატიოს ალაჰმაო და ჰუსრევ-ფაშასთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია.
მაგრამ ისტორია ამით არ სრულდება. ცნობილი ფაქტია, რომ 1629 წელს, ოქტომბერში, ქალაქი ალეპო ნანგრევებად იქცა. ბევრი ისტორიკოსი ამას ძლიერ მიწისძვრას აბრალებს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ალი-აბდულ შაჰნავაზიანის მიხედვით, როდესაც რაქასთან დაბანაკებულ 15 ათას ქართველს დიდი მოურავის სიკვდილი აცნობეს, ისინი გაცეცხლებულები ამხედრებულან ცხენებზე და მთელი ძალებით ალეპოსკენ დაძრულან. მიწა იძვროდა მათი ცხენების ფლოქვებქვეშ. იონა იბრაჰიმ ათაბეგს შეუძახია „მზე აღმოსავლეთიდან ისე ანათებს, როგორც საქართველოშიო" და ცხენი რომ გააჭენა გაუფიქრია, მიწაც კი ეხმიანება ძმადნაფიცთა გამარჯვებასო. ქართველ მამულიშვილთა ჯარს იერიშით აუღია ქალაქი, გადაუწვავს, დაუნგრევია და მიწასთან გაუსწორებია. ქალაქთან ერთად დამარხულია ის ყელსაბამები, წარწერით „დიდება საქართველოს", რომლებიც მეომრებს თან ჰქონდათ. მათგან მხოლოდ ერთი ცალია ნაპოვნი, ვან ჰიმსტის მიერ, რომელიც გახდა კიდეც საფუძველი ამ ისტორიის კვლევისა.
დანარჩენები კი მეომრებს ერთად გადაუდნიათ, დიდი ჯვარი გაუკეთებიათ და სათაყვანო გმირის საფლავზე აღუმართავთ. უნდა ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ალეპო ნანგრევებად იყო ქცეული, სანამ XIX საუკუნეში ეს ქალაქი ისევ არ აღადგინეს მაჰმუდ II-ს მმართველობის დროს. თუმცა, დღემდე, დაწყევლილი ქალაქი ომის ქარცეცხლშია გახვეული, რადგან ამ მიწას მართალი კაცის სისხლი აცხია.
saqartvelodidia.blogspot.com
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში