,,კომედია კლოუნების გარეშე, ტრაგედია – დამნაშავის გარეშე” – ფილმი ,,პარაზიტი” და მისი სამყარო
ბონგ ჯონ ჰოს ფილმი ,,პარაზიტი’’ სამხრეთ კორეის საზოგადოების კლასობრივ დაყოფას აღწერს. ის მუშათა კლასის პორტრეტია და კაპიტალიზმის მეორე მხარეს გვიჩვენებს; იმ გზას, რომლის გავლითაც სამსახურის შოვნა შეგვიძლია, მაგრამ ეს შესაძლოა ღირსების ფასად დაგვიჯდეს.
,,პარაზიტი’’ ბონგ ჯონ ჰოს მეშვიდე ფილმია. მისი პერსონაჟები, ძირითადად, მარგინალური ჯგუფების წევრები არიან, რომლებიც მუდმივ ბრძოლაში ატარებენ ცხოვრებას. გამონაკლისს არც ,,პარაზიტის” პერსონაჟები წარმოადგენენ.
,,ნიუ-იორკ თაიმსის” სტატიაში ნათქვამია, რომ ფილმი შეძლებულთა და უქონელთა დაპირისპირებაზეა, ხოლო კიმების ოჯახი, რომლის ირგვლივაც ვითარდება მთავარი მოვლენები, ერთგვარი შურისძიებაა იმ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც ამგვარი ცხოვრების წესს შეეგუა. ფილმს ,,აწმყოზე გამოთქმულ სასტიკ სოციალურ კომენტარადაც” მოიხსენიებენ. თავად მისი შექმნელი ამბობს, რომ ,,ეს არის კომედია კლოუნების გარეშე, ტრაგედია – დამნაშავის გარეშე”.
სარწმუნოა, რომ ფილმში სიღარიბის ქვედა ზღვარზე მყოფ კიმების ოჯახისა და შეძლებული პარკების ოჯახს შორის ურთიერთობას, სწორედ კლასებს შორის სხვადასხვაობას და მათ ურთიერთმიმართებას აღწერს, თუმცა, მხოლოდ ამ კომპონენტზე კონცენტრირება სხვა ფაქტორებს ჩვენი თვალთახედვის არეალის მიღმა დატოვებს, ამიტომ ფილმის შინაარს მივყვეთ და მის ყველა კომპონენტზე ვისაუბროთ.
მოკლედ, ფილმის განმავლობაში, ე. წ. მუშათა კლასის წარმომადგენელთა, კიმების ოჯახის პერსპექტივიდან ვიცქირებით და მათი გადმოსახედიდან ვხედავთ სამყაროს. ისინი თავს პიცის ყუთების გაკეთებით ირჩენენ იქამდე, სანამ კიმების ოჯახის უმცროსი წევრი კი-ვო მდიდარი ოჯახის, პარკების, ქალიშვილის რეპეტიტორი არ გახდება. პარკების ოჯახი აცხადებს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტს აიყვანს რეპეტიტორად, თუმცა ყალბი მოწმობით კი-ვო მათ ადვილად ატყუებს.
შემდეგ მოვლენები ,,შეუსრულებელი მისიის’’ სიუჟეტივით ვითარდება. კი-ვო უამრავ სხვადასხვანაირ ხერხს გამოიყენებს, რომ მთელი თავისი ოჯახი პარკების სახლში დაასაქმოს. კი-ვოს მოხერხებულობის გამოისობით, კიმების ოჯახს სტაბილური შემოსავალი აქვს და მათი ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება.
წარმატების აღსანიშნავად კიმების ოჯახი ტაქსის მძღოლების სასადილოში პიცას მიირთმევს, იმის მიუხედავად, რომ მათ საკმარისი ფული აქვთ უკეთესი საჭმლისთვის. სეული, სადაც მოვლენები ვითარდება, მსოფლიოში ათ ყველაზე ძვირ ქალაქს შორისაა. ფილმში კარგად არის გამოხატული, ასე ვთქვათ, მდიდრებისა და ღარიბების ,,დიეტა’’. როგორია მათი კვების რაციონი თუნდაც მაშინ, როდესაც კიმების ოჯახს უკეთესი საკვების ყიდვა შეუძლია.
ფილმის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი დგება მაშინ, როდესაც პარკების ოჯახი დასასვენებლად მიდის, ხოლო მათ სახლში კი-ვოს დედის დასაქმებამდე მომუშავე დიასახლისი მოვა. ის სთხოვს კი-ვოს დედას ჩუნგ-სოკს, რომ სახლში შეუშვას, თხოვნის ასრულების შემდეგ კი სარდაფში ჩადის, სადაც, თურმე, უკვე 4 წელია მისი ქმარი მევალეებს ემალება.
კიმები აღმოაჩენენ, რომ იმ სახლის სარდაფში, სადაც ახლა ისინი ცხოვრობენ, კიდევ სხვა ,,პარაზიტებიც’’ ბინადრობენ. 4 წლის განმავლობაში სარდაფში მცხოვრები პერსონაჟი ცნობილი ამბის ,,king castella’’-ს მსხვერპლია. 2017 წელს ამ დასახელების საფუნთუშეები მთელ ტაივანსა და სამხრეთ კორეას მოედო. მისი გახსნა ძალიან იაფი ჯდებოდა, ამიტომ ბევრმაც სცადა, თუმცა ძალიან მალე ეს ბიზნესი ჩაწვა, ხალხს კი მხოლოდღა ვალები დარჩა.
ერთხელაც, როდესაც კი-ვოს მამა სარდაფში ჩავა, ის დაინახავს, რომ ზემოთ ნახსენები სარდაფის ბინადარი პარკების ოჯახის უფროსისთვის სამადლობელო რიტუალს ასრულებს. კი-ტაეკი ეკითხება მას: ყოველ დღე ასრულებს ის ასეთ რიტუალს თუ არა, ხოლო სარდაფის ბინადარი პასუხობს, რომ შუქის ჩაქრობით და ისევ ანთებით ის ყოველ დღე მორზეს ანბანით მადლობას უგზავნის პარკების ოჯახს.
ამგვარი სატირული, სასაცილო და ამავე დროს ტრაგიკული ეპიზოდებით არის გაჟღენთილი ბონგ ჯონ ჰოს ფილმი, რომელსაც რეფრენივით გასდევს ფრაზა: ,,you don’t have a plan?’’ (გეგმა არ გაქვს?). ,,პარაზიტების’’ სამყაროში გეგმის არსებობა აუცილებელი რამაა, მაგრამ ცხოვრების ამგვარი კანონების ქვეშ ძნელია რომელიმე გეგმა ბოლომდე მიიყვანო, სწორედ ამიტომ ამბობს კი-ტაეკი, რომ მხოლოდ ის გეგმა არ არის განწირული, რომელიც თავად გეგმის არ არსებობას ეხება.
ფილმი სოციალური მდგომარეობის აღმწერი სიმბოლოებით არის სავსე. ხშირია იდეოლოგიური და პოლიტიკური კრიტიკაც. შესაძლოა მისი ამგვარი ხასიათი ოსკარის ჯილდოს მიღების ერთ-ერთ მიზეზადაც დავასახელოთ, რადგან ცერემონიაზე წარმოთქმული სიტყვებიდანაც გამოჩნდა, თუ რამხელა ყურადღებას უთმობენ ჰოლივუდში პოლიტიკას და იდეოლოგიას.
ასევე, ეს ფილმი სატირული ჟანრისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ბევრი სასაცილო მომენტია. ეს ფილმისთვის დიდი პლუსია. ის უფრო მეტად შექსპირული ხასიათისაა, სიმბოლოებითა და ალეგორიებით, ძლიერი, ვირტუოზული სცენარითა და მოურიდებლობით.
აშკარაა ისიც, რომ ,,პარაზიტისთვის” საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოსკარის გადაცემა უცხოენოვანი ფილმების წახალისებაცაა. ამ ნომინაციაში აქამდეც ხშირად გამოჩენილა უცხოენოვანი ფილმი, მაგრამ ახლა რეალური პრეცენდენტი შეიქმნა იმისა, რომ არაჰოლივუდურ ფილმსაც შეუძლია კინოსამყაროს უმაღლესი ჯილდოს მოგება. შესაძლოა ეს განსხვავებულობის ხელშეწყობის პოლიტიკის ნაწილი იყოს.
თუმცა, მაშინ, როდესაც საქმე ხელოვნებას ეხება, არ არის სასიამოვნო გამარჯვებულის წარმატება მხოლოდ გარკვეული პოლიტიკითა და დამოკიდებულებით გავამართლოთ. ერთი კი ცხადია, რომ ,,პარაზიტების’’ სამყაროს პრობლემები ყველაზე განხილვადი თემების ნუსხაში მოხვდება, ხოლო ,,ოსკარზე’’ გაცილებით მეტ უცხოენოვან ფილმს ვიხილავთ მომავალში.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში