ქვეყანა ვალებს ვეღარ გადაიხდის - “მომავალში სესხსაც აღარ მოგვცემენ”

“საქართველოს მთავრობა მომავალ წელს საგარეო ვალის სახით 5,3 მილიარდ ლარს აიღებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ისედაც კრიტიკულ ნიშნულზეა.

2021 წელს ახალი ვალის წამოკიდება ქვეყანას დამატებით პრობლემებს შეუქმნის. მძიმეა ეკონომისტთა პროგნოზი - მალე ქვეყანა დეფოლტის რისკის წინაშე აღმოჩნდება! კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოს უამრავი საგარეო ვალი დაუგროვდა, რომელიც ზაფხულის მიწურულს უკვე იყო საშიშ მაჩვენებელთან მიახლოებული. ქვეყნის საგარეო კრედიტების მოცულობა, რომლის ლიმიტიც 60%-ია, სახიფათო ნიშნულზე ჯერ კიდევ ივლისის თვეში იმყოფებოდა და მაშინ მაჩვენებელმა 58% შეადგინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანა ვალებს ვეღარ გადაიხდის - “მომავალში სესხსაც აღარ მოგვცემენ” / ეკონომისტები: მძიმე მდგომარეობაა და დეფოლტის საშიშროებაც ნამდვილად არსებობს.

 

“ახალი ვალდებულებების აღებით ქვეყანა, დიდი ალბათობით, დაუძლეველი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. სწორედ ამაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია. როდესაც საგარეო ვალი კრიტიკულ დონეს მიაღწევს, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე. „როცა ვალი აღწევს კრიტიკულ დონეს, მსოფლიოში ამას უყურებენ, ქვეყანა დგება დეფოლტის რისკის წინაშე, ანუ საქართველოს გადაიყვანენ მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიაში და საერთაშორისო ინვესტორები უკვე აღარ მისცემენ მეტ კრედიტს. ამავე დროს, კაბალური საპროცენტო განაკვეთის პირობებით მოხდება მორიგი სესხის გაცემა. დეფოლტის რისკის წინაშე დადგომა ქვეყნისთვის არის კატასტროფა, რადგან ამ შემთხვევაში ყველა საერთაშორისო ინვესტორი გავა საქართველოდან განაცხადა აკაკი ცომაიამ „ბიპიენთან”, რომლის აზრით, საქართველოს პოზიცია კრიტიკულია - მშპ-ის 60%-მდე არის ასული საგარეო ვალი და შესაძლოა, გასცდება კიდეც. იმ ფონზე, რომ ლარი შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაუფასურდეს, კიდევ უფრო გაიზრდება ვალის ტვირთი“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ასეთ მძიმე ვითარებაში ქვეყანას საგარეო ვალდებულებების გასტუმრება ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მინიმუმამდეა დასული და ეროვნული ვალუტა საგანგაშო ნიშნულზეა. სპეციალისტების აზრით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა იმ დონემდე ვერ გაიზრდება, რომ საქართველომ საგარეო ვალის გადახდა უპრობლემოდ შეძლოს. ეკონომიკის ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ახალი ვალის აღებას ძველი ვალდებულებების გასასტუმრებლად აპირებენ. დიდი ალბათობით, მომავალ წელს კრიტიკული ზღვრის გადალახვა მოხდება, რის გამოც ჩნდება იმის საშიშროება, რომ საქართველო საგარეო ვალდებულებების გასტუმრებას ვეღარ მოახერხებს - ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ქვეყანა იმ რისკის წინაშე აღმოჩნდეს, რომ ვალების მომსახურება და გადახდა ვეღარ შეძლოს”, დასძენს გამოცემა.

 

“გააჩნია, ახალ ვალს რომ აიღებენ, რაში მოიხმარენ. შესაძლოა, იმისთვის იღებენ, რომ ძველი გადაფარონ, ანუ რეფინანსირება მოახდინონ. საგარეო ვალი 60%-ზე მეტი ვერ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური ცვლილებაა საჭირო, რისთვისაც ხმები არ ეყოფათ. 5 მილიარდი ლარი არის მშპ-ის 10%, რასაც ვერ დაუმატებენ. ისედაც 59%-ზეა საგარეო ვალი, ეს 10%-იც რომ დაუმატონ, 69% გახდება და ეს შეუძლებელია. ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ახალი ვალის აღებას აპირებენ იმისთვის, რომ ძველი ვალი გადაიხადონ. სხვა გამოსავალი და შანსი არ აქვთ. საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული? ეკონომიკა გაჩერებულია, გადასახადებს ვერ იღებენ და ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ. ახლა იმის იმედად თუ არიან, რომ 2021 წელს ეკონომიკა აყვავდება და იმდენი გადასახადი შემოუვათ, ვალს თავისუფლად გადაიხდიან, ეს არარელურია. მძიმე მდგომარეობაა და დეფოლტის საშიშროებაც ნამდვილად არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიგა ბედინეიშვილი.

 

“დამატებითი ვალის აღება ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაღარიბებულ და ვალებში ჩაფლულ ეკონომიკას. ჩვენი ეკონომიკის თითქმის ნახევარი არის ვალი. ასეთ პირობებში დამატებითი ვალის აღება ქვეყნის გაღარიბების ტოლფასია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოზიდული ვალები იხარჯება არაეფექტურად. მსოფლიოში 69-ე ადგილზე ვიმყოფებით ხარჯების ეფექტიანობის კუთხით, ანუ საქართველო ცნობილია ერთ-ერთ ცუდმხარჯველ მთავრობად, რაც ძალიან დიდი რისკია. ამიტომ თავისუფლად შესაძლებელია, ქვეყანა იმ რისკის წინაშე აღმოჩნდეს, რომ ვეღარ შეძლოს ვალების მომსახურება და დაფარვა. პრინციპი არის ასეთი - სანამ ვალის აღება მოხდება, უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა, ანუ სამთავრობო ხარჯები, რომელიც გაუაზრებელი და არაეფექტურია, ჯერ უნდა გაუქმდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საჭირო ოდენობით ვალის აღება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ყიფიანი.

 

“წარმოიდგინეთ, ახლა გვაქვს ისეთი მდგომარეობა, როდესაც იმ დაზიანებულ ჭურში ვასხამთ სითხეს, რომელიც ამ სითხეს ვერ შეაკავებს. ეს ჭური არის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. ქვეყნის ბიუჯეტიდან ჟონავს ხარჯები გაუაზრებლად და არასწორად. ჩვენს ქვეყანას ვალების გადახდის პრობლემა დაუდგება იმიტომ, რომ სამთავრობო ხარჯები არის გაბერილი. ეკონომიკის ზრდის პარამეტრები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშაა, როდესაც ლარი ჩამოქცეულია. ინვესტორს ნდობა აღარ ექნება. შესაბამისად, ეს აჩენს იმის პრობლემას, რომ ქვეყანამ ან ვალი ვეღარ გადაიხადოს, ან საერთოდ აღარ გვასესხონ თანხები”, - დაასკვნის ირაკლი ყიფიანი.

წაკითხვა 522 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.