April 18, 2025

,,ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები"- კახა კალაძე

„რომელიღაც ევროპელ ბიუროკრატს ქართველი ხალხის არჩევანი რომ არ მოეწონა და მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, სწორედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხის განხილვის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საქართველო იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მზად არის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და არა ბატონობისთვის.

„მსგავსი ტონით საუბარი და ასეთი მუქარები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობის, მეგობრობისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. ზემოდან მაყურებლების ბატონური ტონი მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, გვჭირდება პარტნიორები, მეგობრები და არა ბატონები.

ჩვენ ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა, დღეს რაც ხდება ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, არც ევროპულობასთან არის კავშირში და არც დემოკრატიულობასთან. ჩვენ ევროპული მომავალი იმიტომ გვინდა და იმიტომ ვიბრძვით, რომ ჩვენთვის მთავარია ღირებულებები და არა კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ შეიძლება არ იყვნენ. ვინ ეკითხებათ მათ, როცა მოგვიწოდებენ, რომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები? ევროსაბჭო კი არ არის ჩვენი უფროსი, არამედ – ქართველი ხალხი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნებში მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. რომელიღაც ევროპელ ბიუროკრატს ქართველი ხალხის არჩევანი რომ არ მოეწონა და მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, სწორედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს სცდება ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ორმაგი სტანდარტები, რასაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოსთან მიმართებით იყენებს.

„როდესაც აშშ-დან კეთდებოდა განცხადებები გერმანიაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ გერმანელი პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელიაო. გავიხსენოთ გერმანიის ელჩი რას კადრულობდა ჩვენი არჩევნების დროს. ან სხვა ევროპელი ბიუროკრატები. ასევე, რუმინეთში საერთოდ არჩევნები გააუქმეს, კანდიდატი საერთოდ მოხსნეს. მიზეზად კი ის დაუდეს, რომ სოციალურ პლატფორმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მეტი თანხა დახარჯაო. ამისთვის იბრძოდნენ საქართველოშიც, რომ სასამართლო ჩაეგდოთ ხელში და ასეთი გადაწყვეტილებები მიეღოთ. მსგავსი ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ჩვენ ასეთ სიბინძურეს ვერ შევეგუებით და თავს ვერ დავუხრით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წაკითხვა 498 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.