რა უშლის ხელს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას?!

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ინვესტიციების მოზიდვას ცალკეულ პროექტებში, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სისტემურად გავაძლიეროთ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა. ერთ-ერთი დაბრკოლება უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ შემოვიდნენ და საქართველოში კაპიტალი დააბანდონ, არაკვალიფიციური მუშახელია... კიდევ ერთი პრობლემა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში ჩვენი სამთავრობო აპარატის ინერტულობა, მისი დაბალი კვალიფიკაცია და მოტივაციაა.



პანდემიის დროს მოსალოდნელიც იყო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდებოდა. კლება მიმდინარე წლის პირველივე კვარტალში დაიწყო, როცა მხოლოდ $174 მილიონი შემოვიდა ქვეყანაში. არც იყო გასაკვირი, რადგან ამ დროს კორონავირუსის პირველი ტალღა უტევდა მსოფლიოს და ბევრმა ქვეყანამ "კარჩაკეტილობის" პოლიტიკას მიმართა. მეორე კვარტალში ინვესტიციებმა მცირედით, მაგრამ მოიმატა - $241 მილიონამდე, მესამე კვარტალში კი დაახლოებით $302 მილიონი შემოვიდა (საიდანაც $133 მლნ რეინვესტიცია იყო). მართალია, მესამე კვარტალის მონაცემები 25%-ით მეტია წინა თვის მონაცემზე, 

 

მაგრამ 23%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით. ჯამში კი სამ კვარტალში სულ დაახლოებით $719 მილიონი მივიღეთ, როცა შარშან სამ კვარტალში $946 მილიონი შემოვიდა, ხოლო 2018-ში - $1,1 მილიარდი. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების შემცირების ტენდენცია ახლა არ დაწყებულა და სულაც არ ემთხვევა დროში კორონაპანდემიას. ბოლო სამი წელიწადია, საქართველოში ინვესტიციები ქრონიკულად მცირდება, რის მიზეზადაც ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის არარსებობა, ბიუროკრატიული ბარიერები, სასამართლო სისტემა და გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება სახელდება.

გიორგი ქობულია, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი:

- ინვესტიციების შემცირების მიზეზები მართვის იმ სისტემაში უნდა ვეძებოთ, რომელიც დღეს ხელისუფლებაში გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ინვესტიციების მოზიდვას ცალკეულ პროექტებში, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სისტემურად გავაძლიეროთ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა. ერთ-ერთი დაბრკოლება უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ შემოვიდნენ და საქართველოში კაპიტალი დააბანდონ, არაკვალიფიციური მუშახელია.

მთავრობაში მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვქონდა, ტექნიკური მიმართულებით 50 ათასამდე კაცის გადამზადებას გულისხმობდა. მაგალითად, საქართველოში კვალიფიციური დურგლების დეფიციტია. ამიტომ ინვესტორი, რომელსაც უნდა შემოსვლა და აქ ინვესტიციების დაბანდება, ერთ-ერთ პირველ საკითხად, რა თქმა უნდა, მუშახელის კვალიფიკაციას მოიკითხავს. აღნიშნული პროექტი რომ დავიწყეთ, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა მისი მნიშვნელობა მთავრობას შეეფასებინა, რადგან პროექტი თავისი მასშტაბით სცდებოდა ჩვენი სამინისტროს უფლებამოსილებას. თუმცა ამ დროს კიდევ ერთ სისტემურ პრობლემას წავაწყდით, როგორიც არის ჩვენი სახელმწიფო მანქანის დაბალი მოტივაცია და კვალიფიკაცია.


ასეთი ტიპის სახელმწიფო პროგრამის რეალიზებისთვის საჭიროა ასობით სახელმწიფო მოხელის აქტიური ჩართულობა. მაგალითად, 6-7 მიმართულებით უნდა მოგვემზადებინა სპეციალისტები, მათ შორის 3 ათასი დურგალი და აღმოჩნდა, რომ არ გვყავდა გუნდი, რომელიც ამას შეძლებდა.

- ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგრანტო პროგრამა აამუშავა, რომლის თანახმადაც, საქართველოში 10 მილიონის დაბანდებისა და მინიმუმ 150 კაცის დასაქმების შემთხვევაში მთავრობა ინვესტორს 1 მილიონს უკან უბრუნებს და მისი დანიშნულება იქნება მუშახელის გადამზადება.
- ეს პროგრამა მისასალმებელია, მაგრამ ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან შედარებით, რასაც ინვესტორი საქართველოში აწყდება. ცალკეული პროგრამები გარდამტეხ, რადიკალურ ცვლილებას ვერ შეიტანს დღევანდელ საინვესტიციო სურათში. ძალიან ბევრი ორგანიზაცია ცალკეული პროექტებით გვეხმარებოდა და ახლაც გვეხმარება ადგილობრივი კადრების გადამზადებაში. მინისტრობამდე მე კომუნიკაცია მქონდა ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციასთან, რომელიც სხვადასხვა პროგრამის დახმარებით წელიწადში 100 ტექნიკურ კვალიფიციურ კადრს ამზადებდა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა პრობლემის იმ მასშტაბისთვის, რაც ჩვენ გვაქვს. ასეთ პროექტებს უფრო მეტად პიარული დატვირთვა აქვს. ჩვენ 100 და თუნდაც 500 კაცის გადამზადება კი არ გვინდა, არამედ მინიმუმ 50 ათასი უნდა გადავამზადოთ წელიწადში, რათა გავლენა მოვახდინოთ საინვესტიციო გარემოზე და ვიქცეთ მიმზიდველ ქვეყნად უცხოელი ინვესტორებისთვის.


კიდევ ერთი პრობლემა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში ჩვენი სამთავრობო აპარატის ინერტულობა, მისი დაბალი კვალიფიკაცია და მოტივაციაა.

სახელმწიფო მოხელეები გადაწყვეტილებას იღებენ ძალიან ნელა, იმდენად ნელა და დიდხანს, რომ ბევრი ინვესტორი სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედს კარგავს.

მაგალითად, ძალიან დიდი პროექტები ჰიდროენერგეტიკაში წლების განმავლობაში შეჩერებულია. არადა, ისინი შესაძლოა ძალიან დიდი ინვესტიციების წყარო გამხდარიყო. დიდ ჰესებზე მოსახლეობაში ძალზე მცდარი წარმოდგენაა შექმნილი და ჩემი აზრით, ეს პრობლემაც მთავრობას უნდა გადაეწყვიტა. ფაქტობრივად, ყველა დიდი ჰესის აშენება, რომლებიც დაგეგმილი იყო, გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად უმკაცრესი პირობების დაცვას ითვალისწინებდა. სწორედ ხელისუფლებას უნდა მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია მოსახლეობისთვის ამის შესახებ და დაერწმუნებინა ამ პროექტების სარგებლიანობაში.

ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში ხელს უშლის ვერ ან არდასრულებული ინსტიტუციური რეფორმები. გასაგებია, რომ გაუმჯობესდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა, უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ, მაგრამ ჩვენ ისევ გვაქვს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის პრობლემა. ამას ინვესტორიც ხედავს, რომელიც სტატისტიკას კი არ უყურებს, სანამ ამა თუ იმ ქვეყანაში ფულის შემოტანას გადაწყვეტს, არამედ ინფორმაციას საელჩოებიდან იღებს.


პრობლემაა მიწის რესურსის გამოყენებაშიც. კვების მრეწველობა ერთ-ერთი მსხვილი დარგია, სადაც ასევე შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ საქართველოში კვლავ მიწის რეგისტრაციის პრობლემა დგას. კიდევ ერთი ფაქტორია სახელმწიფო კომპანიები. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება თავისი გაუბედაობისა და დაბალი კვალიფიკაციის გამო ერიდება ისეთი მსხვილი სექტორების რეფორმირებასა და რესტრუქტურიზაციას, როგორიცაა სატრანსპორტო სექტორი და რკინიგზა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო დიდი ინვესტიციების შემოდინებისა და შესაბამისად, მათი ეფექტიანობის ამაღლების საფუძველი. კარგია, როცა ქვეყანა დაწინაურდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, მაგრამ ციფრები ხომ გვიჩვენებს, რომ ეს არ არის საკმარისი, რათა ეს რეიტინგები კონკრეტულ საინვესტიციო მონაცემებად გადააქციო. ის რეფორმები, რამაც ეს რეიტინგები მოიტანა, დაახლოებით 10 წლის წინ გატარდა, მათ შორის იყო საგადასახადო სისტემის, ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივება და აშ. ამ რეფორმებმა უკვე მოიტანა ინვესტიციებზე თავისი გავლენა და შედეგი. კარგია, როცა ხელისუფლება ამ პოზიტიურ რეიტინგებს ინარჩუნებს, მაგრამ ამას ყოველწლიურად ინვესტიციების მხოლოდ 3-4%-ით ზრდა მოაქვს, მაგრამ მეტი თუ გვინდა, ის უნდა გავაკეთოთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. შესაძლოა ცალკეული პირები ჩემს ამ პოზიციას ინვესტიციების თაობაზე იზიარებენ კიდეც, მაგრამ ვერ ვხედავ ერთ კარგად შეკრულ კოორდინირებულ გუნდს მთავრობაში, რომელმაც იცის, რა უნდა გაკეთდეს და თანამიმდევრულად მიჰყვება ამ გეგმას. სისტემურ ხედვას საიმისოდ, რომ განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ, ვერ ვხედავ.

- როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს შემუშავებული თუ არა ქვეყანას საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი და ასეთის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ინვესტიციების ზრდის იმედი გვქონდეს?
- სწორედ ასეთი ტიპის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მაგალითად, თუ კვების მრეწველობაში ინვესტიციების მოზიდვა გვსურს, უნდა გავწეროთ ანიდან ჰოემდე, რა გვჭირდება - კვალიფიციური კადრებით დაწყებული და ინფრასტრუქტურით დასრულებული. ეს უნდა იყოს კომპლექსური პროგრამა, რომელშიც ჩართული იქნება ქვეყნის ბევრი სექტორი, მათ შორის ეკონომიკაც, განათლებაც, საგარეო მიმართულებაც, რათა ინვესტიციების მოსაზიდად ინტენსიურად ვიმუშაოთ პარტნიორ ქვეყნებთან. ყველა ამ თეზისის ჩამოყალიბებაზე მუშაობა ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ, დღეს რა ვითარებაა, ვერ გეტყვით.
 
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში

fb
 

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან ($117,7 მლნ), მეორე ადგილზეა ნიდერლანდები ($79,3 მლნ), ხოლო მესამეზე აშშ _ ($24,2 მლნ).

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა საფინანსო სექტორში _ $128,3 მლნ (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42,4%). მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი _ $37,1 მლნ, ხოლო მესამეზე _ გადამმუშავებელი მრეწველობის სექტორი $36,6 მლნ-ით. წლევანდელ მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირება ძირითადად მოდის სასტუმროებისა და რესტორნების ($28 მლნ), ტრანსპორტისა ($21 მლნ) და უძრავი ქონების ($16 მლნ) სექტორებზე.
 
 
წაკითხვა 601 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.