November 21, 2024

საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა - ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“ ჩაატარა, რომელსაც ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან დაესწრნენ, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

 

მათი ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სილვიუ დომენტემ – ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში, თამარ გაბუნიამ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კაკაბაძემ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თამარ სამხარაძემ – მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ და არაგადამდებ დაავადებათა ალიანსის თავმჯდომარემ სიმონ გაბრიჭიძემ მიმართეს.

 

„ექსპერტებმა ჯანმოდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC) და სხვა მოწვეულმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს მონაცემები სიმსუქნის მასშტაბის და ტვირთის შესახებ გლობალურ, რეგიონულ და ქვეყნის დონეზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და დეტერმინანტებზე, ამ სფეროში პოლიტიკის მიდგომებსა და ზომებზე. NCDC-მ ასევე წარმოადგინა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და მარილის შემცირების ეროვნული სტრატეგიის პროექტები.
სიმსუქნე კომპლექსური ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რაც აზიანებს ჯანმრთელობას. უმეტეს შემთხვევაში, სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ობეზოგენური გარემოს ზეგავლენით, ფსიქოსოციალური ფაქტორებით და გენეტიკური ვარიანტებით. ობეზოგენური გარემო დაკავშირებულია სტრუქტურულ ფაქტორებთან, რომლებიც ზღუდავს ჯანსაღი და მდგრადი საკვების ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო და მარტივ ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადეკვატური სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს არსებობას.


სიმსუქნე ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს და გავლენას ახდენს ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. ის უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, ძილსა და ადამიანის მობილობაზე. სიმსუქნე ევროპაში არაგადამდები დაავადებების რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორია, მაღალი არტერიული წნევის, კვებითი რისკების და თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ასევე მაღალია სიმსუქნის ეპიდემიის გავლენა ეკონომიკაზე.
ჭარბი წონა ბავშვებში და მოზარდებში გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და ასოცირდება როგორც ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დიდ რისკთან და მათ ადრეულ გამოვლენასთან, ასევე არასასურველ ფსიქოსოციალურ შედეგებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წაკითხვა 50 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 20 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.