როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები - ახალი ცნობები მომავალი გადაწყვეტილებების შესახებ
“ეკონომიკის გახსნის ტემპი დაჩქარდა, თუმცა დარგების ნახევარზე მეტი ისევ ჩაკეტილი რჩება.
ასეთია კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებები, ბაგა-ბაღები, სახელოვნებო სტუდიები, ფიტნეს კლუბები და სპორტული დარბაზები, რომელთა გახსნა პირველ მარტამდე არ იგეგმება. ნაწილობრივ მათ შორისაა რესტორნებიც, რომლებსაც საქმიანობის უფლება ჯერჯერობით მხოლოდ ღია სივრცეში მისცეს. რაც შეეხება კომენდანტის საათს, როგორც მთავრობაში ვარაუდობენ, აპრილამდე მისი მოხსნა არ იგეგმება, თუმცა შეიძლება 1 საათით შემსუბუქდეს. მთავარი პირობა, რის გამოც შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი გახდა, მთავრობის მეთაურის, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელია. კერძოდ, ის 4%-ს სტაბილურად ჩამოსცდა, რაც ეკონომიკის გახსნის ტემპის დაჩქარების შესაძლებლობას იძლევა”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები - ახალი ცნობები მომავალი გადაწყვეტილებების შესახებ / პირველი მარტისთვის დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორის გახსნა, თუმცა შეიძლება ტემპი დაჩქარდეს.
“პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო კახაძის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და ექიმების ერთობლივი განხილვის საფუძველზე მიიღო და გაითვალისწინა სტატისტიკა, რომელიც კორონავისრუსთან დაკავშირებით არსებობს - როგორც დაავადების, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში. “ეპიდემიის კლებამ საშუალება მოგვცა, რომ შეზღუდვები შეგვემსუბუქებინა. ცვლილება სარესტორნო ბიზნესსაც შეეხო, თუმცა მათი საქმიანობა მხოლოდ გარე სივრცეშია შესაძლებელი, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც დიდი შედეგია. ჩვენ ყველას გვამოძრავებს საერთო მიზანი, რომ გამოცოცხლდეს ეკონომიკა და პოსტკოვიდური პერიოდი გამოვიყენოთ ყველანაირი დაგროვილი პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს არ არის მარტივი, ამიტომ ეტაპობრივად ვხსნით ეკონომიკას”, - თქვა კახაძემ, რომლის განმარტებით, “სერიოზული ღონისძიებები არის გატარებული, რითაც ნამდვილად ამოსუნთქებს ბიზნესი, მაგრამ წარმატებას მივაღწევთ მაშინ, როცა ეკონომიკა სრულად გაიხსნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც ცნობილია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სასტუმროები, შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები დაკეტილია და შეზღუდვა ამ სეგმენტში, სავარაუდოდ, 1-ლი მარტიდან გაუქმდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა არ გაუარესდება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, ზუსტი გადაწყვეტილება ოფიციალურად მალე გახდება ცნობილი. საუბარი მიდის, რომ ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი მოიხსნას, ალბათ, აპრილის ბოლომდე იარსებებს ეს შეზღუდვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მისი ხანგძლივობა შემსუბუქდეს და თუნდაც 1 საათით შემცირდეს. ვნახოთ, კვლავ ეპიდემიაზე ვართ დამოკიდებული, წინ კი რთული და ხანგრძლივი პერიოდი გველის, რომ ვირუსით გამოწვეულ პრობლემას თავი გავართვათ. მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მეტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მართებს მოქალაქეებს, რომ რეკომენდაციები და რეგულაციებიც ზედმიწევნით დაიცვან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.
“ცხადია, მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელსაც შეზღუდვების მოხსნა არ შეეხო. ტურისტულ რეგიონებში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მთელი ზამთარი ჩავარდა და მათთვის მომავალ წლამდე პერსპექტივა აღარც ჩანს. ამის თაობაზე გუდაურში მდებარე სასტუმრო “თრუსოს” ხელმძღვანელმა ლევან კარიჭაშვილმა ისაუბრა. “შეზღუდვების მოხნის ყოველ ჯერზე ჩვენი ბიზნესის ინტერესები იგნორირებულია. ფაქტია, რომ სიახლე მინიმუმ მარტამდე აღარ იგეგმება, თუმცა მარტიდან კიდეც რომ გაიხსნას სექტორი, ამას ჩვენთვის უკვე აზრი აღარ აქვს, მთელი წელი ჩაგვივარდა და მომავალ ზამთრამდე მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი არ გვაქვს. სიმართლე ითქვას, ასეთი დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა”, - ამბობს კარიჭაშვილი, რომლის თქმით, კომპანიები კოტრდება - სადღესასწაულოდ მუშაობის ნებართვა რომ მიეღოთ, მცირე შვება იქნებოდა, მაგრამ არც ეს გააკეთეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“უმძიმესი მდგომარეობაა. არადა, საზღვრები გაიხსნა და მცირე შანსი მაინც იყო, რომ უცხოელ დამსვენებლებს მივიღებდით. ამის სურვილი არის, მაგრამ შესაძლებლობა - არა. წლევანდელი სეზონი პირწმინდად ჩავარდა, ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით”, - განაცხადა კარიჭაშვილმა. ზამთრის კურორტები რჩება ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად, სადაც ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტ რისკს ხედავენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საბაგირო გზებისა და სამთო კურორტების ასოციაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დადებითი დასკვნა მიღებული არ არის. ბევრს ჰგონია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს ქვეყანაში. სინამდვილეში კი, გამყრელიძის თქმით, ეს პროცესი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული”, - დასძენს გამოცემა.
“ჩვენი თანამშრომლები, ეპიდემიოლოგები მონაწილეობენ შეხვედრებში. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ისინი ელოდებიან გაწერილ გეგმას, რომ სათანადოდ შეფასდეს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. რატომღაც ბევრს შთაბეჭდილება რჩება, რომ დაავადებათა ცენტრი ხსნის და კეტავს ყველაფერს. არა ბატონო, ის არის ერთი დაწესებულება, ერთი ინსტიტუტი წარმოდგენილი საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გამოთქვამს თავის მოსაზრებას, მაგრამ საბჭო კონსენსუსის წესით იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე პირველ რიგში და რისკებზე, რომელი ბიზნესი და რომელი სეგმენტი არის ვირუსის შემდგომი გავრცელებისთვის მომატებული რისკფაქტორი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 8 და 15 თებერვლიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის შესახებ ისაუბრა. შემდეგი გადაწყვეტილების მიღება დაახლოებით ერთი კვირის თავზე იქნება შესაძლებელი”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი