"ინფლაციის მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს"

კურსს ფუნდამენტური ფაქტორები როდესაც განსაზღვრავს, მასთან შებრძოლება შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესები, რომლებიც ხდება მსოფლიოში ან რეგიონსა და ქვეყანაში, აისახება გაცვლით კურსში.

 

„შეუძლებელია, კომენტარები გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში, მაშინ, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი არის. მერყეობა იყო და რა თქმა უნდა, იქნება, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში, ის სხვადასხვა მოლოდინები ან კიდევ მიმდინარეობები, რომლებიც ხდება მსოფლიოში ან რეგიონსა და ქვეყანაში, აისახება გაცვლით კურსში. იმ შემთხვევაში, როცა არის შედარებით დიდი მოძრაობები ერთიანი მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ე.წ. ბიმეჩის პლატფორმა, სადაც ვაკეთებთ ინტერვენციებს ორივე მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად აღმოფხვრის ასეთ მოძრაობას. როდესაც კურსს განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, მასთან შებრძოლება შეუძლებელია, რადგანაც თუ ასეთი შებრძოლება მოხდა, ეს დამთავრდება ისეთი შედეგებით, როგორც ჩვენს ერთ-ერთ სამეზობლო ქვეყანაში დამთავრებულა. აქედან გამომდინარე, როდესაც არის მცურავი გაცვლითი კურსი, მას ახასიათებს მერყეობა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

კობა გვენეტაძემ ინფლაციის ზრდის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გლობალურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას მარტიდან დაიწყებს.

 

„რაც შეეხება ინფლაციას, მოდით, არ დავაშოროთ ერთმანეთს გლობალური საკითხი და საქართველოს საკითხი. თუ 2020 წელს გლობალურად პანდემიის გამო, ხაზს ვუსვამ, პანდემიის გამო დიდი პრობლემა იყო ზრდა, უმრავლეს სახელმწიფოებში უარყოფითი ზრდა დაფიქსირდა, გლობალურადაც უარყოფითი დაფიქსირდა და უკვე წამოვიდა ინფლაციის პრობლემა საქართველოში. ბევრი განვითარებული ეკონომიკის ქვეყანაში ინფლაცია ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა, მაგალითად, აშშ-ში 7,05. რა თქმა უნდა, საქართველოც გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ეს აისახა საქართველოშიც.

 

დღევანდელი შეფასებით და ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის შეფასება, ეს არის საინვესტიციო ბანკების შეფასება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება უნდა დაიწყოს მარტის თვიდან. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კურსის გამყარება, ეს დაეხმარება პროცესს, რომ ინფლაცია მაღალი აღარ იყოს. ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას, რომელიც საჭიროა ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

წაკითხვა 583 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.