“დღეს მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს საშუალო და მცირე ბიზნესი...” - თენგიზ ფხალაძე

“ამას 13 კონგრესმენის განცხადება ჩვენში შეცდომით უწოდეს - ეს გახლავთ თვისებრივად სხვა დოკუმენტი.

პარტიებს ჰყავთ ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ მათ სტრატეგიულ დოკუმენტებზე. საქმე გვაქვს აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ჯგუფთან, რომელიც ყველაზე დიდი ჯგუფია - მასში 147 რესპუბლიკელი შედის. ეს არ არის ამ კომიტეტის წევრთა განცხადება, ეს არის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელიც ამ ჯგუფმა შექმნა და მასში ასახულია ის მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურ ქმედებებად გარდაიქმნას. არის თუ არა ეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი? - არა, მაგრამ ამ ტიპის დოკუმენტები იქმნება იმისთვის, რომ შემდგომ მათ საფუძველზე საკანონმდებლო ინიციატივები ჩამოყალიბდეს. მას ნამდვილად აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დღეს მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს საშუალო და მცირე ბიზნესი...” / არა მგონია, ქართველი საზოგადოება კიდევ გაერთიანდეს ბელადის ირგვლივ. ვფიქრობ, ბელადომანიის ეტაპები უკვე გავიარეთ. დღეს ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ეროვნული თანხმობის იდეით, ამიტომ დიდ ფორას მიიღებს ის, ვინც ამას მოახერხებს”.

 

“ასე რომ, მე არ შევხედავდი ამას ისე არხეინად, როგორც მმართველი პარტიის განცხადებებით მოვისმინეთ. ამ დოკუმენტში ჩვენთან დაკავშირებული ბევრი სხვა რამაც წერია, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფრაზები იქცა განხილვის თემად. ყურადღების მიღმა დაგვრჩა საქართველოს მხარდაჭერის აქტი და ის ჩანაწერი, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაძლიერებაზე. ნუ შევხედავთ ამ ანგარიშს ისე, თითქოს რადგან ეს არ არის კონგრესის რეზოლუცია ან კანონი, რომელიც უკვე პრეზიდენტს ეგზავნება ხელმოსაწერად. ეს არის რესპუბლიკური პარტიის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი. განცვიფრებული ვარ მოსაზრებით, რომ თურმე ლობისტები წყვეტენ ყველაფერს. მაშინ რაღად გვინდა საპარლამენტო ჯგუფები, სენატორებსა თუ კონგრესმენებთან ურთიერთობა, დავიქირაოთ ლობისტები და ისინი დაგვილაგებენ ყველაფერს! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე იგება პოლიტიკა, ცდება. გარდა ამისა, ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისათვის, ვინც ხელს აწერენ დოკუმენტს. ამ განცხადებებით ვამბობთ, რომ შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო არის იმ ხალხით დაკომპლექტებული, რომლებიც ასე ჰაიჰარად, ლობისტების დაძახილზე დაწერენ და ხელს მოაწერენ ყველაფერს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

 

“ამ პროცესში გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი არ ხელმძღვანელობს სანდო წყაროებით და კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ მათ კეთილსინდისიერებას, რაც ნიშნავს, რომ ის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ვერ მუშაობს. თუ რომელიღაც ლობისტური კომპანიის დაწერილ ტექსტებს აწერენ ხელს ეს კონგრესმენები, ჩნდება კითხვა: მაშ, ჩვენი ხელისუფლება და მისი დაქირავებული ლობისტები რას აკეთებენ? რატომ ხარჯავენ ამაში დიდძალ ფულს?! კი, აშშ-ში არის ლობიზმის ტრადიცია და კულტურა, მაგრამ ამას თავისი ფუნქცია და ადგილი აქვს. პოლიტიკოსებისა და დიპლომატების აქტიურობას სხვა მნიშვნელობაც აქვს და კარგი იქნება, თუ ამას ერთმანეთში არ ავურევთ. მოვისმინე, ეს არ არის აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაო. კი ბატონო, მეც ვადასტურებ და კიდევ კარგი, არ არის, რადგან ასეთ შემთხვევაში მას უკვე ექნებოდა კანონის ძალა და სანქციებიც უკვე დაწესებული იქნებოდა. არ უნდა დავუშვათ, რომ პრობლემა მხოლოდ მაშინ დავინახოთ, როცა პროცესი ბოლო სტადიამდე მივა. უკვე მოვისმინეთ არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება და შეფასება. ახლა საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას ამ ხალხთან ურთიერთობის არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული. კითხვები, რომლებიც ყველას გვიჩნდება, ამ კონგრესმენებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაუსვან, ნაცვლად იმისა, რომ ილაპარაკონ, ეს ტყუილია და იმათ არაფერი იციანო... სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკა იმიტომ არსებობს, რომ ასეთ თემებზე პარტნიორებს პირისპირ ველაპარაკოთ და არა ეპისტოლარული ჟანრით... ყველაზე სწორი იყო კელი დეგნანის შეფასება. საქართველოში აშშ-ის ელჩმა თქვა, ეს, უპირველესად, ნიშნავს, რომ აშშ-სა და მის კონგრესმენებს გული შესტკივათ საქართველოზე და ფიქრობენ, რა გააკეთონ საქართველოს დასახმარებლადო. უმნიშვნელოვანესია, გაირკვეს, რატომ გაჩნდა ამგვარი ეჭვი კონკრეტული პირებისა თუ თემების მიმართ. უნდა მოვძებნოთ ჩვენი შეცდომები და ვიზრუნოთ მათ გამოსწორებაზე. ადრეც ვნახეთ კრიტიკული წერილები, რომლებშიც ლაპარაკი იყო ბიზნესპროექტებზე, მაგალითად, ანაკლიაზე და ა.შ. თუ სტრატეგიულ პარტნიორს სწორად და კარგად არ აუხსენი შენი მოქმედების მოტივაცია, კითხვებსაც დასვამს, ეჭვებიც ექნება და მწვავე შეფასებებსაც არ მოგვაკლებენ. ერთი წელი ხდება სახელმწიფო მდივან პომპეოსა და ექსპრემიერ მამუკა ბახტაძის შეხვედრიდან, როცა ისინი ვაშინგტონში გვერდიგვერდ იდგნენ და მაიკ პომპეო ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა, ეს პროექტი კი ერთი წლის შემდეგაც ისევ ჰაერშია გამოკიდებული”, - იხსენებს ექსპერტი.

 

“არ შეიძლება 21-ე საუკუნეში არსებობდეს კომუნიკაციის პრობლემა. ეს არის უფრო პარტნიორების რჩევების გათვალისწინება-გაუთვალისწინებლობის პრობლემა და ნდობისაც, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუფიქრებლად გაფლანგა... ამას ემატება ჩაგდებული სასამართლო რეფორმა, რომელიც ისევ აქილევსის ქუსლად რჩება, ასევე საარჩევნო სისტემა და ა.შ. თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ დოკუმენტსა და მკაცრ შეფასებებს ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე. რადგან არსებობს ეს ეჭვები, ამას საქმით უნდა უპასუხონ. ვნახოთ, რის შეცვლას მოახერხებს “ქართული ოცნება”, როგორ შეძლებს სხვადასხვა მიმართულებით თავის წარმოჩენას. უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორ ჩაატარებს “ოცნება” არჩევნებს შემოდგომაზე. სწორედ ეს იქნება სერიოზული ტესტი. გვახსოვს, რომ წინა არჩევნებზე მკაცრი შეფასებები გაისმა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ საარჩევნო რეფორმა დასამთავრებელია. უკვე მერამდენედ გაცემული დაპირება, ბოლოს და ბოლოს, უნდა შესრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ. სამწუხაროა, რომ ამას ამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ამასობაში მივიღეთ უამრავი შენიშვნა, დაზარალდა ქვეყნის იმიჯი, არადა, ამის უმტკივნეულოდ გაკეთება შეიძლებოდა”, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.

 

“ქართული ოცნება” ნამდვილად არ ჰგავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შინ წასვლისთვის ემზადება. ფაქტია, რომ კრიზისის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველომ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით წარმატებით გაიარა. ხელისუფლებას ჰქონდა ბევრი საინტერესო ინიციატივა, ქმედება, რაც დასაფასებელია. ცხადია, ეს არის პლუსი და მნიშვნელოვანი შენატანი საარჩევნო კალათაში, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო და საკითხავია, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები. ერთია პანდემიის მართვა, მაგრამ მეორეა მისი პოლიტიკური კაპიტალიზაცია და ეკონომიკასთან დაკავშირებულ დიდ გამოწვევებთან გამკლავება... პარლამენტმა ახლახან იმსჯელა კრიზისულ ბიუჯეტზე. უმნიშვნელოვანესია, როგორ მოხერხდება რესურსების მოზიდვა და განაწილება. ასევე მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს მცირე და საშუალო ბიზნესი. უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი სწორედ ამ სეგმენტის ძლიერებაა”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“ოპოზიციის სისუსტედ რჩება არა მხოლოდ დაქსაქსულობა, არამედ გამაერთიანებელი იდეის შეთავაზების პრობლემაც. არ მგონია, ქართველი საზოგადოება კიდევ გაერთიანდეს ბელადის ირგვლივ. ვფიქრობ, ბელადომანიის ეტაპები უკვე გავიარეთ. დღეს ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ეროვნული თანხმობის იდეით, ამიტომ დიდ ფორას მიიღებს ის, ვინც ამას მოახერხებს. ამის ცდა იყო, მაგრამ წარმატებით ვერ დასრულდა, თუმცა კიდევ არის დრო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამაზე იმუშაონ... რაც შეეხება სააკაშვილის იდეას, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება უკრაინის თანამდებობის პირი საქართველოში ბრძოლის პირველ ხაზზე იყოს. მოქმედი კანონმდებლობით ეს აკრძალულია. ცხადია, გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი შანსი ექნება, იდეა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან საეჭვოა. ვფიქრობ, ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც. ასეთი რამ წინასწარი კონსულტაციის გარეშე არ ხდება. ამ შემთხვევაში კი პირიქით არის და ინიციატივა სიურპრიზი აღმოჩნდა... თუმცა, ვნახოთ”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი საარჩევნო სია გადახალისდება. კულუარული ინფორმაციით, ამ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება...” - პასუხობს:

 

“არ გამიკვირდება, რომ გიორგი გახარია იყოს სიის პირველი ნომერი. დღევანდელი მდგომარეობით, ამ კრიზისში თუ ვინმემ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და გამოავლინა კარგი მენეჯერული თვისებები, ეს იყო პრემიერ-მინისტრი... რაც შეეხება გადახალისებას, არ ვიცი, ამას როგორ აპირებენ, თუმცა მთავარი გვარების კი არა, იდეის შეცვლაა. საზოგადოება უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება. ლაპარაკი გვარებზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე, როგორია ამ გუნდის მიმართ ნდობა და რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები... რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თავისი ფინანსური რესურსით ამ პარტიის ძლიერი მხარეა. `ქართული ოცნების~ რეიტინგი ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მის გარეშე ძალიან განსხვავებულია, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის სუსტი წერტილიც. გვარებს არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ამომრჩეველი გვარებისგან კი არ ელის პასუხებს, არამედ აინტერესებს, რას შესთავაზებს ადამიანი, ვინც სიაში ამ გვარებს შეცვლის...”

წაკითხვა 580 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 15 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.