"მთავრობა შემოდგომაზე ლარის გაუფასურებას არ დაუშვებს"
“მთავრობა შემოდგომისათვის ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას ელის, თუმცა რამდენია სტაბილური კურსი და რამდენად გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად მძიმე მდგომარეობას - 3.05-3.10 ნიშნულის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი არაფერს ამბობს.
ვიცით მხოლოდ ის, რომ ლარმა ყველა ისტორიული ანტირეკორდი უკვე დაამხო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მთავრობამ პირდაპირ თქვა, რომ შემოდგომაზე ლარის გაუფასურებას არ დაუშვებს / ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ნიშნულად ახლა 3.05 მიიჩნევა
"ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას აზრით, ის, რომ დღეს ეროვნულ ვალუტას მყისიერი რყევა არ ახასიათებს, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის დამსახურებაა. მინისტრი ამბობს, რომ სამომავლოდ ლარის კურსის მოლოდინი პოზიტიურია და არის შანსი, ეროვნული ვალუტა სტაბილურ ნიშნულზე იყოს. ჩვენ მოვახერხეთ და მყისიერი რყევები ლარის კურსთან დაკავშირებით აღარ არის. ამაზე იმუშავა მთლიანად ეკონომიკურმა გუნდმა და ცალკე აღსანიშნავია ეროვნული ბანკის ეფექტური პოლიტიკა. პერიოდულად ისინი ზომიერ ინტერვენციებს მიმართავენ იმისთვის, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა არ იყოს საგრძნობი ბიზნესისთვის და მათ შორის - მოქალაქეებისთვის. ამ ეტაპზე მართლაც დიდი გამოწვევაა სტაბილური კურსი, რადგან ტურიზმიდან ჩვენ დაგვაკლდა სავალუტო შემოსავალი, საგარეო ვაჭრობაც არ არის ისეთი ინტენსიური, როგორიც შარშან იყო და დიდი კლება გვაქვს. ექსპორტიდანაც გვაკლდება სავალუტო შემოსავალი. ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, მაგრამ ჩვენ ვატარებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური ვითარება იყოს სტაბილური. ხედავთ, რომ პირველი დღეები პანდემიისა იყო ძალიან ნეგატიურ მოლოდინთან დაკავშირებული, ძალიან აჟიოტაჟური მოთხოვნა გაჩნდა უცხოურ ვალუტაზე, ახლა კი მოსახლეობა მეტად ენდობა იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ. არის შანსი, რომ შემოდგომაზე ლარი იყოს სტაბილური. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მოლოდინები არის შედარებით პოზიტიური, მაგრამ არ არის მარტივი მოცემულობა. უნდა გვესმოდეს, რომ არ ვართ ერთი ცალკე, ვაკუუმში აღებული ქვეყანა, დიდად ვართ დამოკიდებული რეგიონის ეკონომიკურ პროგნოზებზე", - განაცხადა თურნავამ”, - აღნიშნავს გამოცემა.
”რეზონანსი“ დაინტერესდა, რას ნიშნავს სტაბილური ვალუტა “ოცნების“ გუნდისთვის და რა ნიშნულს გულისხმობენ ისინი, რადგან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ 3.0 წარმოუდგენელი ნიშნული იყო, ახლა კი იგი სტაბილურობასთან ასოცირდება. გამყარების მოლოდინი არ აქვთ ფინანსისტებს. მეტიც, საქართველოში „ადმირალ მარკეტსის“ ყოფილი წარმომადგენლის, დავით წიქარიძის თქმით, პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ლარი დღეს ეკონომიკური კი არა, სუბიექტური ფაქტორებით მყარდება და უფასურდება. ამ ეტაპზე, გაუფასურებისაგან თავის ასარიდებლად, ხელისუფლება, რასაკვირველია, არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებს. “ვერ ვიტყვი, რომ რთულია, უბრალოდ, შეუძლებელია, რამე რაციონალური პროგნოზი გაკეთდეს გაცვლით კურსთან დაკავშირებით, რადგან მთლიანად სუბიექტური ფაქტორები განსაზღრავს მის გაუფასურებასაც და გამყარებასაც. მინისტრის განცხადება, ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებამდე ეს კურსი მაინც შეინარჩუნოს - გაყიდიან დოლარს, განახორციელებენ ინტერვენციებს, მაგრამ პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია. ლარს სიმყარე შეიძლება შეუნარჩუნონ, მაგრამ ეს იქნება ყველაზე არაჯანსაღი პროცესი, რადგან მცირდება მოხმარება და ადამიანები ვერ ყიდულობენ პირველადი მოხმარების საგნებსაც კი. სამომავლოდ დეფლაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ და თუ ეს მოხდა, მერწმუნეთ, ცუდი პროცესი დაიწყება“, - უთხრა წიქარიძემ “რეზონანსს“, - განაგრძობს გამოცემა.
"უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ივნისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1761-დან 3.0552-მდე (3.8 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ 3.5366-დან 3.4466-მდე (2.5 პროცენტით) გამყარდა. ეკონომისტი, საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია “რეზონანსთან“ ამბობს, რომ დღევანდელი კურსი არის ის, რასაც ლარი ნოემბრამდე შეინარჩუნებს. “მიმდინარე თვეში გამყარებას ოდნავ ველოდებით, თუმცა ეს სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის. მონაცემები შეიცვლება ნოემბრის დასაწყისიდან. რადგან ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ვერ შედგა, ეს იმპორტისა და მოხმარების შემცირებას იწვევს. ამას ერთვის ადგილობრივი აგროპროდუქციით ბაზრის გაჯერება და ეს არის განმაპირობებელი იმისა, რომ ლარი არ უფასურდება. რაც შეეხება გაუფასურებას წლის ბოლოდან, ამას ცხელი პოლიტიკური შემოდგომის გამო, სავარაუდოდ, არ დაუშვებენ. ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსის სტაბილურობა 3,0-იან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიახლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს დამატებით 250-300 მილიონი დოლარი დაუჯდება“, - განუცხადა “რეზონანსს“ ანალიტიკოსმა", - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში