მთავრობა ტურიზმიდან შემოსავლების 70%-იან კლებას პროგნოზირებს

მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით 70%-ით შემცირებას ელის. 

ამის შესახებ აღნიშნულია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

 

„2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ტურიზმის მხარდასაჭერად შეიმუშავა მიზნობრივი ღონისძიებები.

 

„ტურიზმის ინდუსტრიის ეკონომიკური სუბიექტები 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადავადება ხდება 2020 წლის ბოლომდე. მთავრობა 6 თვის განმავლობაში მოახდენს სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას 20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის, რაც წარმოადგენს ქართული სასტუმრო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს. კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ, მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები.ტურისტული კომპანიებისთვის/ტურ-ოპერატორებისთვის მთავრობა მოახდენს საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირებას 6 თვის განმავლობაში. მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მოახდენს ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხების სუბსიდირებას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

შეგახსენებთ, მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების 3-ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა. 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელ დამსვენებლებსაც უმასპინძლებს.

წაკითხვა 635 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.