ყველაფერს გავაკეთებ ხონის მუნიციპალიტეტის წარმატებისთვის - ბაჩანა ბასილაია
ქვეყანაში ვერ შევძელით და ვერ დავამკვიდრეთ ევროპული სტანდარტების საარჩევნო გარემო, თუმცა კანონმდებლობით და არჩევანის თავისუფლებით წინ მივდივართ და ამის დასტურია არაერთი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე თავის დროზე ამ ხელისუფლების პირობებში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და მუნიციპალიტეტის მერების არჩევითობა გახდა 50% +, რაც შეეხება ზოგადად დაძაბულ ფონს, ვფიქრობ ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად არის გამოწვეული და ამის წაქეზებას ახდენენ რადიკალური ძალები,- ამის შესახებ ბაჩანა ბასილაიამ FirstNews.ge-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ხონში საკმაოდ მშვიდი საარჩევნო გარემოა და ჯანსაღი კონკურენცია.
ბაჩანა ბასილაია "ქართული ოცნების" სიის ათეულშია საჯარო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილება 15 წლიანია. რამდენიმე ქვეყანაში კი სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა სახის გამოცდილება აქვს მიღებული.
როგორ მიაღწია წარმატებას და რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა? FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს:
- გაგვაცანით საკუთარი თავი...
- 1992 წელს ქართულ-რუსული კონფლიქტის შედეგად ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ხონის მუნიციპალიტეტში გადმოვედი, სადაც დევნილთა კომპაქტურ ცენტრში განვაგრძეთ ცხოვრება. დავამთავრე ხონის მე-4 საშუალო სკოლა, უმაღლესი განათლება მივიღე ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. თანმიმდევრულად არასდროს შემიწყვეტია განათლების მიღება და ჩართული ვიყავი სხვადასხვა სასწავლო სემინარებში. დავამთავრე დემოკრატიის სკოლა, ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა, მსოფლიო რელიგიების სკოლა, გავიარე კავკასიოლოგიის საკითხების აკადემია, ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია, პარტიციპაციის აკადემია და სხვა. ვარ დევნილთა საინიციატივო ჯგუფის და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, მაქვს პროექტების მართვის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება. ვარ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდიუმის მიერ საპატიო სიგელით დაჯილდოებული.
- როგორ მიაღწიეთ წარმატებას და რა გზა გაიარეთ დღემდე?
- სამწუხაროდ ჩემი გზის გავლა რთული აღმოჩნდა, რადგან აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ, მამა მალევე დავკარგე და ცხრა წლისას მეტ - ნაკლებად დამოუკიდებლად მომიწია ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა, ვიზრდებოდი დედასთან, უმცროს ძმასთან და ბებიასთან, ურთულესი 90 წლები, როცა ყველგან სიბნელე და რთული გარემო იყო, როცა სწავლა სირცხვილად ითვლებოდა. მადლობა ღმერთს ბევრი კეთილი ადამიანის დახმარებით, ოჯახის, ნათესავების, სკოლის პედაგოგების და მეგობრების კარგმა გარემოცვამ, შემაძლებინა მიმეღო განათლება, ვყოფილიყავი აქტიური საზოგადოების წევრი და ამ ურთულეს პერიოდში ჩამოვყალიბებულიყავი სრულყოფილ წევრად ამ საზოგადოების, იყო ბევრი წარმატება, თუმცა იყო და დღესაც არის ბევრი წინააღმდეგობა, ხშირად მიწევს არაჯანსაღ კონკურენციაში ყოფნა. თუმცა, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი შემიწყო განვითარებაში და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წარმატების გზაზე მაბრკოლებდა და ხელს მიშლიდა, რადგან ამან მომცა შესაძლებლობა გავზრდილიყავი და ჩამოვყალიბებულიყავი დამოუკიდებელ და მიზანზე ორიენტირებულ ადამიანად. ჩემი პრინციპულობითა და შეუპოვრობით, რაც ხშირ შემთხვევაში წამგებიანია, თუმცა მოვედი დღემდე. ამ ყველაფერში განსაკუთრებულად ხელს მიწყობდნენ ხონში, დევნილთა დასახლებაში მაცხოვრებლები, რომელთა მხარდაჭერა და ერთსულოვნება ჩემს მიმართ ბევრ წელს ითვლის, მინდა მათ ვუთხრა, რომ არასდროს არაფერზე, არ გავცვლი მათ ამ დამოკიდებულებას და ყველაფერს გავაკეთებ ამ თემის კიდევ უფრო განვითარებაში. დღეს ახალი ასპარეზია და ჩემი რესურსებით, ყველაფერს გავაკეთებ ხონის მუნიციპალიტეტის წარმატებისთვის, იმ გუნდთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია დღეს სახელისუფლებო შტოდან.
- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
- პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიური ნაწილია. ზოგადად სულ ვიყავი დაინტერესებული პოლიტიკური ცხოვრებით, ყოველთვის ღიად ვამბობდი, ყველა შეხვედრაზე, რეგიონის და ეროვნულ დონეზე, რომ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში, იქ, სადაც დევნილთა დიდი თემია წარმოდგენილი, აუცილებელია დევნილის ხმა ისმოდეს. ეს მოხერხდება ხონში, ამიტომ მინდოდა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ თუ ეს შეძლო ხონმა მომავალში შეძლებს წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი, გორი, თბილისი თუ სხვა. ამისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი "ქართულო ოცნების" გუნდს, ვისი ჩართულობითაც და გადაწყვეტილებით მე ვარ ათეულში. ამის გარდა, ჩემი მოტივაცია არის, მაქსიმალური გავაკეთო მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, ხელი შეუწყო სამოქალაქო და გენდერული ბიუჯეტის დანერგვას, ახალგაზრდების ჩართულობას მუნიციპალიტეტის მართვაში, სოციალური სერვისების საშუალო ვადიან და გრძელვადიან სერვისებად ქცევას, დევნილებისა და ეკომიგრანტების საჭიროებებზე მუშაობას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განვაგრძო მჭიდრო კომუნიკაცია და მეტი პროექტი მოვიზიდოთ დონორი ორგანიზაციებიდან. ამ მხრივ ჩემი გამოცდილება დიდია და ეს იქნება ჩემი მთავარი მიმართულება. ამ საქმეში მე არ ვიქნები მარტო და ყველა ამ იდეას იზიარებს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე და ის გუნდი, რომელიც არის წარმოდგენილი. ამ საქმის უკეთ კეთებამ მიბიძგა შევიდე პოლიტიკაში და ვცადო ჩემი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ამას ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობა, თუმცა, ეს ასევე იძლევა საშუალებას ჩემი გამოცდილების გაზრდისას, ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას და მეტ განვითარებისკენ სწრაფვას.
- რა პრობლემებია ხონში და კონკრეტულად რის მოგვარებას ცდილობს „ქართული ოცნება“?
- მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე რთულია ერთბაშად გადაწყვიტო ყველა პრობლემა. ხონში პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურა და სოციალური დაცვა, ამასთანავე ძალიან კარგი პრაქტიკა გვაქვს საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობის. ვფიქრობ, ამ მიმართულებით სვლა უნდა განვაგრძოთ. ასევე, მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციის შედეგად, უკვე დაიწყო რამდენიმე ინვესტიციის განხორციელება, რომლის შედეგებს და უკვე დასაქმებულ ადამიანებს ვნახავთ 2022 წლიდან. ქალაქის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, იყო ერთ-ერთი გამოწვევა, თუმცა განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში დაიწყო ქალაქის სრული რეაბილიტაცია და ახალი რეკრეაციული ზონების მოწყობა, რომლის სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება. სკოლამდელ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის დაბალი ანაზღაურება არის გამოწვევა, საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და დარწმუნებული ვარ გამოიძებნება რესურსები, რის შედეგადაც მათი ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდას შეძლებს მუნიციპალიტეტი. სხვა დანარჩენ საკითხებზე, რომელთა გადაჭრა ეტაპობრივად და გეგმაზომიერად, ფინანსური რესურსის სწორად განაწილებით და პრიორიტეტების მიხედვით გადაწყვეტა უნდა მოხდეს გუნდურად, მოსახლეობის ჩართულობით, ღიად და გამჭვირვალედ.
მკითხველი მინდა დავარწმუნო, რომ მათი არჩევანი იქნება სწორი, შანსი რომელსაც "ქართული ოცნების" გუნდს მოგვცემს ამომრჩეველი, განვავითაროთ ჩვენი მუნიციპალიტეტი მათთან ერთად. ვფიქრობ, გავამართლებთ, მე ამისთვის ჩვენს გუნდთან ერთად მზად ვარ, მზად ვარ მეტი შრომისთვის, მეტი პასუხისმგებლობის აღებისთვის და მინდა დავარწმუნო ჩვენი ამომრჩეველი, რომ ამ დამოკიდებულებას უფრო მეტად იგრძნობს არჩევნების შემდეგ.
მადლობა დათმობილი დროისთვის და ნდობისთვის!
- წარმატებას გისურვებთ!
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"