ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ცესკოს საქმიანობის პრინციპულ საფუძველს წარმოადგენს.
„მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც მათ მივაწოდეთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას.
ჩვენ გვქონდა ინფორმაციის მიმოცვლის საშუალება დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც მათ ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე სარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან, გამჭვირვალე და ღია საქმიანობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა ჩართულ მხარეებთან“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რეგისტრაციის პროცესი, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციები, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და მათი გადამზადება, ამომრჩეველთა ინფორმირება და ამომრჩევლებისთვის და პარტიებისთვის შეთავაზებული სიახლეები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსიაც. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გიორგი კალანდარიშვილისგან და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძისგან მიიღეს.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ცხადყოფს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ შიდა პროცესების ეფექტიანად წარმართვა, არამედ ღია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა. ეს ასევე ადასტურებს ადმინისტრაციის მზადყოფნას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და ინკლუზიური ფორმატით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალებაა, არამედ უზრუნველყოფს დიალოგს, უკუკავშირის მიღებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარის გარდა ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სპიკერი ნათია იოსელიანი.
სიახლეები
- "თურქეთი მეტ არარუსულ ნავთობს ყიდულობს და ამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს" - Reuters
- "დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც სულიერი ძნელბედობაა, განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება"
- "ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ, შესაძლოა, „ცეცხლითა და მახვილით“ შევიდეს ამ შერცხვენილ ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების გასანადგურებლად"
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- "დღეს საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად უცვალოს სახე და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს"
