გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია

“ბრძოლა მთაწმინდის მოსაგებად - რა შანსები აქვს ოპოზიციას მეორე ტურში გამარჯვების, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა გამოუცხდებს თუ არა შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას.

"ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე პირველი ტურიდან 25 დღეში უნდა გახდეს ცნობილი. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიციის განცხადებების ფონზე და რიგი მიზეზების გათვალისწინებით, შალვა შავგულიძეს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, თუ მათ შორის მაქსიმალური კონსოლიდაცია და შეთანხმება არ მოხდა. მათი აზრით, მეორე ტურში ამომრჩეველი როგორც ყოველთვის პასიურია, მით უმეტეს მთაწმინდაზე პირველ ტურშიც საკამოდ დაბალი აქტივობა იყო. ამიტომაც ხელისუფლების ყუარდღება ახლა უკვე მთლიანად მთაწმინდისკენ იქნება გადატანილი და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ოპოზიციისგან განსხვავებით უფრო შეძლებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გადამწყვეტი ბრძოლა მთაწმინდისთვის - რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ოპოზიცია.

 

“საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგებით, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა “ევროპული-საქართველო” - “თავისუფალი-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ 36, 83 %. ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციას მთაწმინდაზე მეორე ტურში გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს კი პრინციპში ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება, რადგანაც რასაც ახლა ვხედავთ, იგივე სურათს 2020-ში მივიღებთ. ლაგაზიძე ამბობს, რომ თუ ახლა ვერ ხერხდება მთაწმინდაზე ერთი ადამიანის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება, მაშინ ძნელად წარმოსადგენი არ უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნებისთვის რა შეიძლება მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ახლა შალვა შავგულიძისთვის მხადაჭერა, არც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის თუ ლიდერისთვის დამაზიანებელი არ იქნება. მათი განცხადებები საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლებისთვის დიდი საჩუქარია. ეს მხოლოდ “ნაციონალების” მარცხი არ იყო, რაც შუალედური არჩევნების დროს მოხდა, ეს მთლიანი ოპოზიციის წაგებას ნიშნავს. ჭიათურა ან ზესტაფონი რომ ავიღოთ, რამდენი ოპოზიციის კანდიდატი იღებდა მონაწილეობას და ამ კანდიდატებმა ის ვერ მოახერხეს, რომ ხელისუფლების კანდიდატი მაქსიმუმ მეორე ტურში მაინც გადაეყვანათ. მით უმეტეს საქართველოში მოსახლეობის მთავრობის მიმართ ასეთი საპროტესტო განწყობაა. პირველ ტურში ხელისუფლებამ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ოპოზიციის მხადასაჭერად ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა. ეს არჩევნები სრულიად ოპოზიციის მარცხი იყო და “ნაციონალებისკენ” მხოლოდ ხელის გაშვერა სწორი საქციელი არ მგონია”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“მისივე თქმით, მთაწმინდაზე მეორე ტური ორმა ფაქტორმა განაპირობა. ერთია, რომ ხელისუფლებამ მთაწმინდას განსაკუთრებული ყურადღება არ დაუთმო და მეორე მიზეზი ის იყო, რომ შავგულიძეს როგორც სიმბოლოს მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამით რეალურად ამომრჩეველმა პროტესტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პოლიტიკის გამო გამოხატა. ამ შემთხვევაში კი შავგულიძე ასოცირდებოდა იმ მოსამართლეებთან მებრძოლ ადამიანად, რომლებიც ხელისუფლებამ კალთის ქვეშ შეიფარა. “შავგულიძის მხარდაჭერის არ გამოცხადების პარალელურად ყველა არგუმენტი, რომელსაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ასახელებს, ქარწყლდება იმ მიზანთან შედარებით, რასაც ხელისუფლების დამარცხება ქვია”, - მიიჩნევს ლაგაზიძე და დასძენს, რომ “თუ ოპოზიციას ეს მიზანი აქვს რეალურად, მაშინ ყველა სხვა მიზეზს გვერდით გადადებს და ამ სცენარს 2020 წლისთვის გამოცდის, გაიგონ რეალურად საერთო ოპოზიციური კანდიდატი ხელისუფლებას მოერევა თუ არა”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“შავგულიძის გამარჯვება, რა თქმა უნდა, ნიშნავს “ევროპული საქართველოს” რეანიმაციას ქართულ პოლიტიკაში და “ქართული ოცნებისთვის" იქნება დარტყმა”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მთაწმინდაზე მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, როგორც გარკვეულ ოპოზიციურ წრეებში აცხადებენ, ამ არჩევნებიდან ორი რამე გაირკვევა, თუ შავგულიძე მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებს მოიგებს, იქნება სიგნალი, რომ ბიძინა ივანიშვილი სუსტდება, მეორე ის, რომ “ევროპული საქართველო” პოზიციებს იმყარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შავგულიძის გამარჯვება “ოცნებისთვის” დარტყმა იქნება” - გია ხუხაშვილი.

 

“ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილს არ მოუგია, ბიძინამ ეს არჩევნები იყიდა. საარჩევნო სურათიდან ჩანს, რომ გარდა მთაწმინდისა, სხვაგან ყველგან იყო რესურსების არჩევნები. რა თქმა უნდა, შავგულიძის გამარჯვება ნიშნავს “ევროპული საქართველოს” რეაბილიტაციას ქართულ პოლიტიკაში და “ქართული ოცნებისთვის" იქნება დარტყმა. არა მგონია, რომ “ევროპულ საქართველოს” ძალაუფლების პრეტენზია ჰქონდეს, თუმცა დინამიკა მიდის იქითკენ, რომ გაძლიერდებიან. გასაყოფი ელექტორატი უკვე გაყოფილია “ნაციონალებთან”. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც არ უნდა დისკუსიები იყოს შიგნით, არაფერი შეიცვლება, არც ნიკა მელიას წასვლა შეცვლის რაიმეს. სააკაშვილი იგივეა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რაც ივანიშვილი “ოცნებისთვის”, ორივენი მონოპოლისტები არიან”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 998 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.