November 22, 2024

"ახალ სიაში მოხვედრას 25-30 დეპუტატი იმსახურებს...“ - "ოცნება“ თავის საპარლამენტო შემადგენლობას რადიკალურად ცვლის

“აგვისტოს ბოლოს „ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისათვის თავის პროპორციულ სიას დაასახელებს.

როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, სიაში ბევრ ახალ სახეს უნდა ველოდოთ. "ოცნების" შიგნით, იმასაც ამბობენ, რომ მოექმედი დეპუტატების დაახლოებით 2/3 განახლებულ სიაში ვერ მოხვდება. ამ მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგთა ნაწილიც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ახალ სიაში მოხვედრას 25-30 დეპუტატი იმსახურებს...“ - "ოცნება“ თავის საპარლამენტო შემადგენლობას რადიკალურად ცვლის

 

"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ მისი შეფასებით, მოქმედი დეპუტატებიდან მხოლოს 25-30 კაცი იმსახურებს განახლებულ სიაში მოხვედრას. აგვისტოში უნდა იყოს პროპორცული სია. ვვარაუდობ, რომ აგვისტოს ბოლოს უკვე დაასახელებს „ქართული ოცნება" განახლებულ სიას. მე პარტიული სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობას არ ვიღებ, არც ვესწრები ამ შეხვედრებს, შესაბამისად, არ ვიცი რამდენად იქნება ახალი სახეებით დაკომპლექტებული სია. ისე, სულ მუდმივად ცხადდება, რომ ახალი სახეები იქნებიან. მოგეხსენებათ, რომ თავიდან „ქართული ოცნების" დეპუტაციის შემადგენლობა იყო 117 კაცი, ე.ი. საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიმაჩნია, რომ ამ 117 კაციდან, ვინც პარლამენტარის ფუნქციას შეასრულებს, შესაძლოა გამოირჩეს მხოლოდ 25-30 კაცი. ზუსტად არ ვიცი ახალ სიაში, რამდენ დეპუტატს დატოვებენ, მაგრამ რასაც დაუკვირდები და ნახავ ვინ როგორ მუშაობდა, 30 დეპუტატზე მეტი არაა ვისაც შეეფერება პარლამენტარის სტატუსი", - ამბობს რევაზ არველაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ მოქმედი დეპუტატების დიდი ნაწილი სიის მიღმა დარჩება. მისი შეფასებით ახალი სია ბევრად მეტი პოლიტოლოგით და ეკონომისტით იქნება დაკომპლექტებული. მეეჭვება, რომ ახალ სიაში ბევრი მოქმედი დეპუტატი დარჩეს. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით ცვლილება არც იქნება და არც არის გამართლებული, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ძალიან ბევრი ახალი სახე იქნება. იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ტენდენციებია ბოლო ხანებში და აშკარად შეინიშნება მეტი ყურადღება პიარ პროცესების მიმართ, ანუ რა ითქმება პოლიტოლოგიური ტიბუნიდან და გაეცემა თუ არა პასუხი ოპონენტებს, ამ ტენდენციით მგონია, რომ პოლიტოლოგების პროცენტი „ქართულ ოცნებაში" მეტი იქნება, ვიდრე ახლაა. ასევე მგონია, რომ ეკონომისტების რაოდენობაც გაიზრდება", - ამბობს საყვარელიძე. მისივე თქმით, პარტია რეგიონულ პოლიტიკოსებს შეიყვანს სიაში, რათა საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეა სერგეენკო და მის გამოჩენას პოზიტიურდ შეხვდა საზოგადეობა, ასევე კახი კახიშვილსაც. თუ ადამიანს დადებითი რეიტინგი აქვს, მისი დაყენება, რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნება. ველი, რომ სიაში განსაკუთრებული რაოდენობით იქნება ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რაც ხშირად ხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ რეგიონის მხარდაჭერა ჰქონდეს პროპორციულ სიას", - თქვა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან". აღსანიშნავია, რომ „ოცნების" მოქმედ დეპუტატთა უმრავლესობამ ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. „სიის დაკომპლექტებამდე არ ვიძლევი ინტერვიუებს, მითუმეტეს სატელეფონოს", - განგვიცხადა რომან კაკულიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 616 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.