რა საფრთხეს ხედავს ოპოზიცია მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაში
“მმართველი გუნდის ახალ ინიციატივას “საარჩევნო კოდექსში” შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.
ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ამით საერთაშორისო პარტნიორების თვალში საკუთარი იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს. ოპოზიციის წარმომადგენლები ახალ ინიციატივაზე ამბობენ, რომ ის საფრთხის შემცველია, რადგანაც მმართველი გუნდი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგელების დასჯას შეეცდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა საფრთხეს ხედავს ოპოზიცია მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაში.
“ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, კოდექსში ასევე მითითებული იქნება, რომ მსგავსი დარღვევის შემთხვევაში პირს სს პასუხისმგებლობა დაეკისრება. “ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე; შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემა არა ახალ კანონში, არამედ ამ კანონის აღსრულებაშია. კოჟორიძის მსგავსად, “ევროპული საქართველოს” თამჯდომარე დავით ბაქრაძეც მიიჩნევს, რომ კოდექსში ცვლილება საერთაშორისო პარტნიორების თვალში მმართველი გუნდის იმიჯის გამოსწორებას ემსახურება. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ახალ ინიციატივაში საფრთხეს ხედავს - მისი თქმით, მმართველი გუნდი გამკაცრებულ კანონს მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ხოლო “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ეს საზოგადოების მოტუების მცდელობაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ქართული ოცნების” ეს ინიციატივა არის მცდელობა, შეალამაზოს საკუთარი შელახული იმიჯი. მთელმა საქართველომ იცის, რომ “ქართული ოცნება” არის შეკრული კრიმინალებთან, იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, ფულს, პოლიციას, აშინებს ადამიანებს, ყიდულობს ხმებს და ახლა ამ ინიციატივით გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ საკუთარი იმიჯის გალამაზება სურთ. როგორც ცუდი პროდუქტი, რომ ბრჭყვიალა ქაღალდში გაახვიო და ლამაზად შეფუთო, ის ამბავია. თუ ვინმეს მართლა სურს ხმის მიცემის მოსყიდვაზე რეგირება, აკრძალვა ან დაშინების არდაშვება, ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეუძლიათ. ჩვენი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არაა საჭირო. თუ რეგირება უნდათ, დღესვე შეუძლიათ. პრობლემა ისაა, რომ ამ კანონს თავად ხელისუფლება ბოდიში და “ფეხებზე იკიდებს”. ესაა მთავარი პრობლემა. შესაბამისად ცდილობს მერე ოპოზიცია თუ რამეს დაარღვევს, ამაზე მოახდინოს რეაგირება, მაგრამ დაივიწყოს საკუთარი დარღვევები. ეს კანონი აღარაფერს არ შეცვლის. პრობლემა არის არა კანონში, არამედ ამ კანონის შესრულებაში. უკვე არსებულ კანონს “ქართული ოცნება” არ ასრულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მიღებულ კანონსაც არ შეასრულებს, უბრალოდ ილაპარაკებს, რომ აი, ნახეთ რა კარგი მთავრობა ვართ, როგორ კარგ საქმეს ვაკეთებთო”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კოჟორიძე.
“იმ პირობებში, როდესაც “ქართული ოცნება” არ ითვალისწინებს არც ერთი კონკრეტული მექანიზმის აღსრულებას, იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაულებსაც, მაგალითად, ოპოზიციის წინააღმდეგ უფრო ღია ძალადობას, რომელიც აბსოლუტურად დაუსჯელად გასდის ხელისუფლების მომხრეებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, მათ ვერ ექნებათ ვერანაირი ნდობა. ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა უბრალოდ ემსახურება ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში “ქართული ოცნების” ძალიან დაზიანებული იმიჯის გამოსწორებას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ამ გზით მოხდეს “ქართული ოცნების" გაშვება”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას დავით ბაქრაძე.
“ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ მცდელობა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შექმნან ილუზია, თითქოს “ქართული ოცნება” აპირებს სხვანაირად მოიქცეს ამ არჩევნებზე, ის მთავარი პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული წინა არჩევნებზე, აღმოიფხვრას. დღევანდელ ხელისუფლებას ძალადობის და მოსყიდვის არც ერთი დაფიქსირებული ფაქტი არ გამოუძიებია. მეტიც, შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების პირობებში, იმის საფრთხეც არის, რომ “ქართულმა ოცნებამ” გამკაცრებული კანონმდებლობა სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და არა იმისთვის, რომ ჩატარდეს რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე სამადაშვილი.
“მატყუარა “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის წარმომადგენლებს კვლავ აქვთ მცდელობა მოატყუონ საზოგადოება. დღეს გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება საარჩევნო დარღვევებზე. აქამდე ადმინისტრაციული თუ იყო, ერთი ფაქტი მაინც არსებობს, რომ ვინმე დაისაჯა? ან ვინმე პასუხისგებაში მიეცა? ან ვინმე დაჯარიმდა ამ საკითხებთან დაკავშირებით? დაჯარიმდა მათი წარმომადგენელი, რომელმაც ეს წესი დაარღვია ადრე?” - დასძენს გიორგი ვაშაძე.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში