“არ გამოვრიცხავ, არჩევნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მიიტანოს ცესკოზე...”
“საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და დააზარალოს პოლიტიკური პროცესი და ქვეყანა.
სამწუხაროდ, რუსეთი ამ პროცესებში უკვე ერევა ყველა შესაძლო ფორმით - დაწყებული აშკარა დეზინფორმაციით და დასრულებული კიბერშეტევებით. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მიიტანოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. ამიტომ ამისთვის ყოველმხრივ მზად უნდა ვიყოთ. ვიმეორებ, რუსეთი ერევა ჩვენს შიდა პროცესებში, ხვეწს და ცდის იმ მექანიზმებს, რომლებითაც საქართველოში სასურველი სურათის მიღება სურს”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ გამოვრიცხავ, არჩევნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მიიტანოს ცესკოზე...”.
“რატომღაც ჩვენში ფიქრობენ, რომ რუსეთის მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში მისთვის მისაღები ძალის მოყვანაა, არადა, მთლად ასეც არ არის საქმე. რუსეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა კი არ სურს, არამედ ქვეყნის დასუსტება. ამისთვის ხელისუფლების შეცვლა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია ყველასა და ყველაფრის დისკრედიტაცია, მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვა, სხვადასხვა სახის ექსტრემიზმის, კრიმინალისა და არეულობის შექმნა, სადაც ადვილი იქნება დაპირისპირების ინსპირირება. ამას ემატება ის, რაც ხდება ყოველდღიურად საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზეწოლა ჩვენს მოსახლეობაზე. უკვე ლაპარაკია ფიზიკურ და უხეშ ჩარევაზე და არ უნდა დაგვავიწყდეს ის სამხედრო წვრთნები, რომელთა დასკვნითი ფაზაც ამ კვირიდან დაიწყება და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. ასე რომ, რუსეთის არსენალი ძალიან დიდია. სამწუხაროდ, მის დესტრუქციულ მოქმედებებს საქართველოში თავისუფალი ასპარეზი აქვს, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“რუსეთი ხვეწს ჰიბრიდული ომის მეთოდებს, რომელთა შემადგენელი ნაწილია საინფორმაციო ომი, ფსიქოლოგიური ოპერაციები და კიბერშეტევები. ამ ტიპის საფრთხეებისთვის დიდი ქვეყნებიც არ არიან სათანადოდ მზად, მით უფრო, საქართველო. სუს-ის ანგარიშებში პირდაპირ არის აღიარებული რუსული ჰიბრიდული ომი ქვეყნის საფრთხედ, მაგრამ მის გასანეიტრალებლად რა კეთდება, არ ვიცით. ჩვენდა სავალალოდ, ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობაში ვაგებთ, მოსაგები სტრატეგია კი არა გვაქვს, რაც წესით, უნდა იყოს დეოკუპაციის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი... სამაგიეროდ, რუსეთს აქვს საქართველოში სამოქმედო კარგად დამუშავებული გეგმა და სტრატეგია, ჩვენ კი ამა თუ იმ ვითარებაში, რაც ისევ რუსეთის მიერაა შექმნილი, ერთჯერადად ვეძებთ გამოსავალს”, - განმარტავს ექსპერტი.
“ამიტომაც ვართ მუდამ მოპასუხის როლში. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯით უკან ვართ და უპირატესობა მოწინააღმდეგეს აქვს. შეიძლება ეს იმიტომაც ხდება, რომ პოლიტიკური ძალები სხვა რამით არიან დაკავებული და ნაკლებად რჩებათ დრო იმ საკითხებისთვის, რომლებიც გრძელვადიან მუშაობას, ზოგჯერ კი შესაძლოა არაპოპულარულ ნაბიჯებსაც მოითხოვს. თუ ასეთი სტრატეგია არ შეიქმნა, მომავალში ეს პრობლემები უფრო გამწვავდება. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ევროპარლამენტის დახმარებაც. ისინი მყარად უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ თუკი ქვეყანას არა აქვს სტრატეგია, ძნელია მისი დახმარება. სტრატეგიის უქონლობა განაპირობებს იმასაც, რომ ჩვენს პარტნიორებს კონკრეტულად ვუთხრათ - რა ტიპის დახმარება გვჭირდება”, - დასძენს ფხალაძე და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, არჩევნებში რა შანსები ექნებათ იმ ძალებს, რომლებიც თავის განცხადებაში იგულისხმა ლავროვმა?”, - პასუხობს:
“ნაკლებად მჯერა, რომ გაიზრდება იმ პირთა რიცხვი, რომლებიც მართლა დაიჯერებენ, რომ საქართველოს ხსნა რუსეთშია და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, არის ჩვენში ასე მოფიქრალების ჯგუფი, მაგრამ საეჭვოა, ამ არჩევნებისთვის მათი ხმები გადამწყვეტი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ ეცდება დეზორიენტაციის შეტანას სწორედ იმ ამომრჩეველში, რომელიც მისი მოწინააღმდეგეა. ვფიქრობ, შეეცდება პროდასავლურ პოლიტიკურ ძალთა დისკრედიტაციით ამ ამომრჩევლის ნაწილი მაინც შინ დატოვოს”.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში