„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ ამ დროისათვის სულ 15 საჩივარია დაწერილი

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ ამ დროისათვის დაწერილი სულ 15 საჩივარი. 

ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, ხმის დათვლისას გამოვლიდა ხარვეზები.

 

„ნინოწმინდის #18.41.13 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში დამკვირვებლის ინფორმაციით, რამდენჯერმე მოხდა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მოწმობის გარეშე უცხო პირების შესვლა, რის გამოც ხმის დათვლის პროცესს ხელი ეშლება. ასევე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა ალკოჰოლი, სავარაუდოდ ამ უცხო პირების მიერ უბანზე შემოტანილი.

 

მარნეულის #13.22. 72 უბანზე ხმების დათვლისას სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ოთხი საარჩევნო ბიულეტენი (2 მაჟორიტარული და 2 პროპორციული), რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ნამდვილ ბიულეტენებად მიიჩნია.

 

მარნეულის #13.22.35 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო 34 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთის საარჩევნო უბნიდან გასვლისას, გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრებმა წაიღეს სულ 50 ბიულეტენი, თუმცა გადასატანი ყუთის საარჩევნო უბანზე დაბრუნებისას დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ დაუბრუნებიათ მეტობით წაღებული ბიულეტენები.

 

მარნეულის #13.22.13 საარჩევნო უბანზე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის ინფორმაციით, უბნის გარეთ შეკრებილი იყო ხალხი. საარჩევნო უბანზე ისმოდა ყვირილი, კამათი და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მათი ინფორმაციით, დარღვევები გამოვლიდა ხმის მიცემის პროცესისშიც.

 

„მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან „ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“ ოთხჯერ მისცა ხმა. ასევე ამ უბანზე ორი პირი განმეორებით შემოუშვეს ხმის მისაცემად.

 

საგარეჯოს #09.11.41 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე ადამიანს ჰქონდა მცდელობა განმეორებით მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ის არ შეუშვეს საარჩევნო უბანზე და უკან გააბრუნეს.

 

ბოლნისის #14.23.62 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ისე, რომ მას რეგისტრაცია არ გაუვლია.

 

აგიტაცია საარჩევნო უბანზე - საგარეჯოს #09.11.47 საარჩევნო უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი უშუალოდ უბნის ტერიტორიაზე ახდენდა აგიტაციას. ამომრჩეველს კარნახობდა რა უნდა შემოეხაზათ. მრავალეროვანი საქართველოს შენიშვნის შემდეგ მოხდა რეაგირება და საუბნო საარჩევნო კომისიამ მას საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

 

ნინოწმინდის #18.41.09 საარჩევნო უბანზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი (საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ენზელ მკოიანი) ამომრჩეველს უთითებდა ვისთვის მიეცათ ხმა.

 

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

 

არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომელიც ფარავს 24 მუნიციპალიტეტის საზღვრებს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), მარნეული (#13), ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო (#14) - ქვემო ქართლი; ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა (#17), ახალქალაქი და ნინოწმინდა (#18) - სამცხე-ჯავახეთი; საგარეჯო და გურჯაანი (#9), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; კასპი (#15) - შიდა ქართლი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4) და სამგორი (#5) - თბილისი.

 

არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 600 დამკვირვებელი, მათ შორის 465 საუბნო, 97 მობილიური ჯგუფის, 22 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

 

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

 

„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

 

არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), შვედეთის სამეფოს საელჩოს, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

 

განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახადეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 477 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.