მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე შესაძლოა პარლამენტში შემსვლელი ოპოზიციონერების რიცხვი გაიზარდოს

“მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე ელჩები “რედისონში” დახურულ კარს მიღმა საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მედიასთან დეტალებზე არავის უსაუბრია, თუმცა ადვილი გამოსაცნობია, რომ ხელისუფლებასთან ფასილიტატორი ელჩები დახურულ კარს მიღმა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განიხილავდნენ.

მანამდე კი დახურულ კარს მიღმა ელჩები “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს შეხვდნენ, სადაც ასევე მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე იყო საუბარი. სავარაუდოდ, ახლა საინტერესოა ვინ და რომელი მხარე გადაშლის წითელ ხაზებს და რა გავლენას იქონიებს გრიგოლ ვაშაძის “ნაცმოძრაობიდან” წასვლა ზოგადად ოპოზიციაზე. არ არის გამორიცხული, რომ ვაშაძის მწვავე განცხადების შემდეგ პატარა პარტიების წევრების უმრავლესობამ პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე შესაძლოა პარლამენტში შემსვლელი ოპოზიციონერების რიცხვი გაიზარდოს.

 


“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ელჩებს მოუწოდა, რომ მედიატორის როლი შეასრულონ და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლისთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. თუმცა მის ამ თხოვნაზე ელჩების პასუხი ცალსახაა, რომ შეთანხმებას მხარეებმა თავად უნდა მიაღწიონ. ხოლო მათ რა უფლებამოსილებაც აქვთ იმ ფარგლებში იშუამდგომლებენ. “ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკების პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ სხვა რეალობის წინაშე დავდექით”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს. ის მზად არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდეს, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ელჩებზე თავდასხმები შესაძლოა მოლაპარაკების პროცესზე აისახოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც ფასილიტატორი, მზად ვარ ვიპოვოთ მხარეებს შორის შეთანხმება. შესაძლებლობების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ვაგრძელებთ მათ დახმარებას. რთული სათქმელია რა გამოვა აქედან, თუმცა არსებობს შანსი. რაც უფრო დაიხურება კარი, მით უფრო მეტად გართულდება გამოსავლის პოვნა. მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ ფასილიტატორი მხარეებს შორის. რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ, თუ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე, სადაც ერთიანობის მიღწევას ვცდილობთ”, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. “ფაქტი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს”, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აშშ-ის ინტერესშია, რომ საქართველოს დაეხმაროს და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იპოვონ ძალა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს”, - განაგრძობს გამოცემა.

 


“თუ საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. პარტიებს შორის დიდი განსხვავებებია, მაგრამ ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვიცი, რომ ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ყველას აქვს მოსაზრების უფლება, მაგრამ არსებობს ფაქტებიც. ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს”, - განაცხადა დეგნანმა. “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგანაც ეს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებში შედის. მისივე თქმით, ოპოზიციაში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც პარლამენტში შესვლა უნდა. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილიც “რეზონანსთან” ამბობს, რომ თუკი მოლაპარაკება შედგება და ახალ საარჩევნო პირობებში სრული პროპორციული არჩევნების გარანტია იარსებებს, მათთვის პარლამენტში შესვლის პირობასაც ეს წარმოადგენს”, - დასძენს გამოცემა.

 


“ახლა ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება, მოლაპარაკება და იქიდან რაღაცა შედეგის გამოტანაა. “ევროპულმა საქართველომ” ფაქტობრივად პოლიტიკური მოღვაწეობა დაასრულა და ამიტომაც მათ ჭკუაზე, ჩემი აზრით, ოპოზიციის ლიდერებმა აღარ უნდა იარონ. მაქვს იმედი, რომ ბევრი მათგანი გრიგოლ ვაშაძის წავსლის და განცხადებების შემდეგ, კარგად დაფიქრდება და მიხვდებიან რომ მანდატები არ უნდა დათმონ და მოლაპარაკება უნდა გავაგრძელონ. მარტო იმიტომ, რომ ჩვენ გავბედეთ და ვთქვით, რომ არის ხალხის ნაწილი, რომლებსაც პარლამენტში შესვლა უნდა და ამას კონკრეტული პირები ხელს უშლიან, ჩვენს მიმართ საკმაოდ ბინძური კამპანია დაიწყო. რა არ დაგვაბრალეს, თურმე “ოცნების” ნარატივს ვიმეორებთ და ფაქტიურად ამ პარტიას წარმოვადგენთ. არადა ჩვენ ერთადერთ სწორ გამოსავლად ამ პროცესებიდან მოლაპარაკება მიგვაჩნია. ჩვენ არ განვიხილავთ იმ სცენარს, რომელიც სახალხო მღელვარებას ეფუძნება და სააკაშვილმაც ამის შესახებ თავისუფლად ილაპარაკა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან იოსელიანი.

 


“დიპლომატებზე თავდასხმის და შეურაცხყოფის მიზეზი რა არის - ის ხომ არა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი მათ მოუწოდებენ, რომ მხარი მათ დაუჭირონ? მოდი ამ საკითხს ასე შევხედოთ - ვის უნდა შეთანხმება და ვის არა. პრაქტიკულად ყველას შეთანხმება უნდა, “ევროპული საქართველოს” ლიდერების გარდა, რომლებიც გარეთ დარჩნენ. “ნაციონალებშიც” ბევრს უნდა, რომ მოლაპარაკება მოხდეს და პარლამენტში შევიდნენ. ბატონი გრიგოლ ვაშაძის ამ პროცესებიდან წასვლა და გვერდით გადგომა ხომ იმას ნიშნავს, რომ მის მსგავსად ბევრი ფიქრობს და ტყუილი არაფერი გვითქვამს? საქმე იქამდე მიდის, რომ პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ, თუ პროცესები გავწელოთ გაზაფხულამდე, დაველოდოთ ხალხის მღელვარებას და ქვეყანა ბუნდოვანი მომავლისთვის გავწიროთ? - ესაა ჩვენი კითხვები, რომლის გამოც მოღალატეებად შეგვრაცხეს. აგერ, “გირჩი” და მისი წევრებიც იგივეს ამბობენ. პატარა პარტიების თითქმის ყველა წევრი ამ აზრზეა და იმედი მინდა დავიტოვო, რომ ეს რეალობა შეიცვლება”, - მიიჩნევს ლევან იოსელიანი.

 


“ოპოზიიცის ერთიანობა, რომელმაც ბოიკოტის სახე მიიღო, რეალური შედეგით უნდა დასრულდეს. ჩვენი პარტიისთვის და ამომრჩევლისთვის ამ მოლაპარაკების დასრულება მაშინ იქნება ნაყოფიერი და შედეგიანი, რომლის შემდეგაც პარლამენტში შესვლაზე ვიფიქრებთ, როცა ხელში ბევრად უკეთესია საარჩევნო პირობებს მივიღებთ. სრული პროპორციული არჩევნების გარანტია გვქონდეს როგორც ადგილობრივ, ისე პარლამენტის დონეზე და ყოველ შემდგომ არჩევნებში და არა დღევანდელი წესებით და ადმინისტრაციით, რომ 30 მაჟორიტარი დეპუტატით ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები. ამიტომ ღიად ვამბობ და აქ დასამალი არაფერია - ჩვენ ამ პირობის მიღება ხელისუფლებისგან გვინდა. ამის გარანტია “ქართული ოცნებისგან” რომ გვქონდეს, სათითაოდ ყველა იმ 56 დეპუტატს დაველაპარაკებოდი, რომ თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ უარს ამბობთ ასეთი ძალაუფლების გამორთმევაზე. მერე ყველას მოუწევდა იმის გააზრება, რომ სახელმწიფოებრივად უნდა მოიქცნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახო მეგრელიშვილი.

 


“ამიტომ გვინდა ეს მოლაპარაკებები, რომ “ოცნებისგან” მაქსიმუმი მივიღოთ, არა პირადად ჩვენი კეთილდღეობისთვის, არამედ ქვეყნის სასიკეთოდ. ამიტომ მოლაპარაკება რაც მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად გასაჯაროვდეს და ამ გასაჯაროებით მიღწეული იყოს შესაძლებლობა, რომ თითოეულმა პარტიამ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ძალიან ბევრი ამ აზრზეა”, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი ჩამოყალიბდა, რომელსაც შესაძლოა კარგი განვითარება ჰქონოდა მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ცხადი იყო, კრიზისის გადალახვის რესურსი არ არსებობდა. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ არსებობდა შანსი კრიზისს პარლამენტის კედლებში გადაენაცვლა და დისკუსია იქ გაგრძელებულიყო და ლოკალიზება მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, იმ რისკების გათვალისწინებით, რაც საქართველოს შესაძლოა ჰქონდეს, არჩევნების შემდეგ პროცესები ქვეყანაში ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა. ამიტომაც მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია და ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა იფიქროს იმაზე, გამოსავალი ამ ჩიხიდან როგორ იპოვოს”, - წერს სტატიის ავტორი.

 


“ქვეყანაში რომ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი გვქონდეს, სხვა რამეზე საუბარი კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ თუ სრულ სურათს დავაკვირდებით, იმგვარი პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენთან ახლაა, დიდი პოლიტიკური რისკების შემცველია. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დროს სრულიად აბსურდული კონსტრუქციონულობის თამაში ვიხილეთ. ორივე მათგანი რაღაცა წითელ ხაზებს ავლებდა და საუბარი მიდიოდა არა საქმეზე, არამედ რაღაცა ძალის დემონსტრირებაზე. საბოლოო ჯამში კი ის მივიღეთ, რომ ყოველივე ამას ნიღაბი ჩამოეხსნა. მაგიდის აყირავების კატალიზატორი გახდა ირაკლი კობახიძის ცნობილი ბრიფინგი, რომლის შემდეგ ყველაფერმა აზრი დაკარგა. ხელისუფლება თავიდან კონსტუქციულობის თამაშს ცდილობდა, მაგრამ ბოლოს ნერვებმა უღალატა. რაღაც კარგი კარტები გაათამაშა “სამართლიანი არჩევნების” მიმართულებით, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში ამ ყველაფერს როგორ გაუძლებს. ეგაა საკითხავი. იმ ოპოზიციონერებსაც კი, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე ფიქრობდნენ, კობახიძის მუქარის შემდეგ, უხერხულობა შეექმნათ და ახლა ისინიც კი აღარ შედიან. ამიტომაც ახლა მაინც ყველაფერი მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე იქნება დამოკიდებული. დიდად იმედი არ მაქვს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 487 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.