სააკაშვილზე გამოდევნება: სად მიიყვანს საქართველოს პოლიტიკური კრიზისი

რუსეთის გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სააკაშვილზე გამოდევნება: სად მიიყვანს საქართველოს პოლიტიკური კრიზისი“,რომელშიც განხილულია როგორც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ასევე გადმოცემულია რუს ექსპერტ-პოლიტოლოგთა კომენტარები (ავტორი - იგორ კარმაზინი).

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართა, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ოპოზიციონერებმა ოფიციალურად უარი განაცხადეს დეპუტატობის მანდატებზე და შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა „ამაყ მარტოობაში“ ჩაატარა. ოპონენეტების მოქმედების საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ რიგი კანონპროექტების ინიცირება განახორციელა, რომელთა თანახმად, ის პარტიები, რომლებიც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. კიდევ ერთ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. ეს საკანონმდებლო ინიციატივა მტკივნეულად დაარტყამს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ძალას - პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - ასეთი დასაწყისი აქვს სტატიას, რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.

 

ბრძოლა საბოტაჟთან

 

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობის საბოტაჟს ეწევა. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ კურსი ოპონენტებთან ბრძოლისაკენ აიღო. მართალია, კანონპროექტებში არ არის ნახსენები რომელიმე პოლიტიკური პარტია, მაგრამ აშკარაა, რომ ის მიმართულია ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. „ქართული ოცნების“ გეგმების მიმართ უკვე გამოხატეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა: მათი აზრით, „სახელისუფლებო პარტიამ თავი უნდა შეიკავოს ოპოზიციის ჩახშობის მცდელობებზე და უნდა შეეცადოს, რომ მათაც ჰქონდეთ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის უფლება“.

 

რევოლუცია განრიგით

 

ოპოზიციამ, საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი დარღვევის მოტივით, უარი განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში ადგილების დაკავებაზე და კუთვნილი მანდატები დატოვა. ამასთან, ოპოზიციის ლიდერებმა მოილაპარაკეს ერთმანეთთან სამომავლო გეგმებზეც: ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგები ემზადებიან ე.წ. „სახალხო პარლამენტის“ შესაქმნელად, მეორე მხრივ - მმართველ პარტიას რევოლუციით აშინებენ: „მზადდება საპროტესტო აქციები - მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც მშვიდობიან რევოლუციაში გადაიზრდება“, - ეს „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სიტყვებია.

 

იძულება კომპრომისზე

 

„ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 90 ადგილი აქვს, რაც საკმარისია მთავრობის შესაქმნელად, კანონებში ცვლილებების შესატანად და საერტაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებისთვის, მაგრამ ოპოზიციური დეპუტატების გარეშე „მეოცნებეთა“ პარლამენტი ვერ შეიტანს ცვლილებებს კონსტიტუციაში, ვერ შექმნის საერთაშორისო დელეგაციებსაც, რადგან მათში არ იქნება შევსებული სავალდებულო ოპოზიციური ქვოტა.

 

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის («ИМЭМО РАН» - რუს.აბრევიატურით) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი სტანისლავ პრიტჩინი „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოში დღეს პატური სიტუაციას: „ოპოზიციამ თვიუთონ თქვა უარი პარლამენტის მუსაობაში მონაწილეობაზე და ამით, შეიძლება ითქვას, მმართველ პარტიას „ცხოვრება გაუადვილა“, მაგრამ იმავდროულად საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა თავისი ლეგიტიმურობის რაღაც ნაწილიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგები დასავლეთმა ოფიციალურად აღიარა. შესაბამისად, საეჭვოა, რომ ოპოზიციას სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ოპოზიციური პარტიების დეპუტატები, სხვადასხვა მოტივაციით თუ საბაბით, პარლამენტში დაბრუნდებიან“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის სახელმწიფო ინსტიტუტის («МГИМО» - რუს. აბრევიატურით) კავკასიის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი „იზვესტია“-სთან საუბარში ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები შედარებით უფრო მოწყვლადები არიან: „ოპოზიციის ლიდერები განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, მაგრამ როგორ? რის საფუძველზე? ამ შემთხვევისათვის რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობს. ოპოზიციას არც ქუჩის მასობრივი პროტესტების რესურსი არ აქვს: ჯერ ერთი, რომ არჩევნების შედეგების მიმართ აქტიური უკმაყოფილება არ ცანს და მეორე - მასშტაბური აქციების ორგანიზებას ხელს პანდემია უშლის. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები მხარეებს კომპრომისის მისაღწევად აიძულებენ“, - თვლის პოლიტოლოგი.

 

წყარო: https://iz.ru/1102634/igor-karmazin/pogonia-za-saakashvili-k-chemu-privedet-politicheskii-krizis-v-gruzii

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 692 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.