სამი კვლევა და ერთნაირი ტენდენციები - "ოცნებას“ "ნაცმოძრაობაზე“ 2-3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს

"აგვისტოში უკვე მესამე სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ ამომრჩევლებში არსებული განწყობების სავარაუდო სურათს ქმნის - 2 აგვისტოს „აირაის", 10 აგვისტოს „გორბის" და 12 აგვისტოს „ენდიაის". ზოგიერთი ამ კვლევის მიმართ ანალიტიკოსთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა სამივე კვლევაში მკაფიოდ იკვეთება ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამი კვლევა და ერთნაირი ტენდენციები - „ოცნებას“ „ნაცმოძრაობაზე“ 2-3-ჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

"პირველ რიგში ეს ეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. სამივე კვლევაში საკმაოდ მაღალია იმ მოქალაქეების წილი, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა, ან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურთ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. მეორე ტენდენცია კი მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის ძალთა ბალანსს უკავშირდება. სამივე კვლევაში მმართველი პარტია მნიშვნელოვნად უსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას". „აირაისა" და „გორბის" შემთხვევაში „ოცნებას" დაახლოებით 2-ჯერ მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე „ნაცმოძრაობას", „ენდიაის" შემთხვევაში კი ეს უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. სამივე კვლევა ივლისში, ან აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უფრო მნიშნელოვანია როგორი იქნება პარტიების რეიტინგი სექტემბერში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"2 აგვისტოს „საერთაშრისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" („აიარაი") გამოქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს - პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 26%; „ნაციონალური მოძრაობა" - 14%; „საქართველოსთვის" (გიორგი გახარიას პარტია) - 9%; ლეიბორისტული პარტია - 3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო" და „პატრიოტთა ალიანსი", „მოქალაქეები" - 2-2%; „ერი" (ლევან ვასაძე), „ევროპული საქართველო", „სახელმწიფო ხალხისთვის", „დროა" (ელენე ხოშტარია) და „გირჩი" - 1-1%; სხვები - 1%; არ იცის/უარი პასუხზე - 27%”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები საერთაშორისო ორგანიზაცია „გორბი"-მ 10 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 46,8% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას" - 27,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" - 8,7%. ამ კვლევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით 2.2%-ია, თბილისის მასშტაბით - 3.2%. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა. ხუთშაბათს, 12 აგვისტოს კი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" („ენდიაი") კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე განაწილდა: არცერთი - 51%; „ქართული ოცნება" - 18%; არ ვიცი - 10%; უარი პასუხზე - 9%; „ნაციონალური მოძრაობა" - 6%; სხვა პარტიები - 6%. აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) და გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.4%-ია”, - დასძენს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში კვლევების სანდოობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამივე კვლევაში ის განწყობებია ასახული, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეჩეხებით. „როდესაც სანდოობაზეა საუბარი, ყოველთვის უკავშირებენ პროცენტებს, მაგრამ სამივე კვლევაში „ქართული ოცნების" უპირატესობა მის მთავარ ოპონენტთან თითქმის პირდაპირპროპორციულია - სხვაობა ორჯერადია. ზოგადად ტენდენცია მართლა ასეთია, ეს რეალობაა. ანუ ამომრჩეველში ასეთი განწყობაა, მინიმუმ ორჯერად ზღვარზე გადის - თუ „ნაცმოძრაობა" 25%-ს მიიღებს, უნდა იანგარიშო, რომ „ოცნება" 50%-მდე აიღებს. „ის, რომ ამომრჩევლების 51% პოლიტიკურ ძალებს არ ენდობა, ესეც ჩვენი რეალობაა. ამ განწყობას ყოველდღიურად ვეჩეხებით. სანდოობა სხვა მეტი რა შეიძლება იყოს... „კონკრეტულ პროცენტებზე ვერ გეტყვით, საქართველოში ცოტა სპეციფიური ამომრჩეველია. ჩვენთან არჩევნების ბედი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წყდება. თანაც საარჩევნო კამპანია ახლა ფაქტიურად არ მიმდინარეობს, „ოცნებამ" კი დაიწყო, მაგრამ ხალხი, ვისაც ის ხვდება, ეს მოსახლეობა არაა, ესაა ნომენკლატურა - ზოგი მიყვანილი, ზოგი მისული და ა.შ. რეალურად ოპოზიციას ჯერ კანდიდატებიც არ დაუსახელებია და აბა, მოსახლეობაში რა განწყობა იქნება? „არჩევნებამდე თვენახევარი დარჩა და თბილისის მერობის კანდიდატის გარდა არ ვიცით რეგიონებში რა ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კვლევები, რომელიც ასახავს ამომრჩეველთა განწყობას სექტემბრის შუა რიცხვებში. მაგ დროისთვის რეალობასთან უფრო ახლოს ვიქნებით, თუ რეალურად რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა ძაბირაძემ”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

 

"განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იგი „რეზონანსთან" საუბარში „ენდიაის" და „აირაის" ქართველ კონტრაქტორებს არ ენდობა, რომლებიც კვლევებისთვის საველე სამუშაოებს ასრულებენ და ამის მაგალითად 2012-ის კვლევას იხსენებს, როცა „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. „აირაისა" და „ენდიაიზე" არაერთხელ ითქვა, რომ მათი საველე სამუშაოების შემსრულებელი ქართული ადგილობრივი კომპანია არაკეთილსინდისიერია და ყოველთვის რეალობასაა აცდენილი. საზოგადოებას არაერთხელ უნდა შევახსენოთ ის ფაქტი, რომ 2012 წელს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ისინი გიორგი თარგამაძეს და გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მაღალ პროცენტს უწერდნენ და „ნაცმოძრაობის" გამარჯვება გარდაუვალი იყო, 2012 წლის ოქტომბერში კი კარგად ვნახეთ, რომ ეს კვლევები სამარცხვინოდ რელობას იყო აცდენილი. „ასევე მინდა შევეხო „აირაის" კვლევის ერთ-ერთ სეგმენტს, სადაც პროცენტულად მსახლეობის დიდი რაოდენობა ცესკოს და საარჩევნო ლეგიტიმაციას არ ენდობა, ანუ გამოდის, რომ არჩეულ პარლამენტს ის არალეგიტიმურს უწოდებს და ცესკოს უნდობლობას უცხადებს? ეს ხომ სრული მითი და აბსურდია. აქედან გამომდინარე, ის მრავალწლიანი უნდობლობა, რაც საზოგადოებაში „აირაის" და „ენდიაის" ადგილობრივი საველე სამუშაოების კომპანიებზეა, ეს კიდევ უფრო მტკიცდება და კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით მიდიან. „2012-დან 2021 წლის ჩათვლით, სხვადასხვა დონის არჩევნები გაიმართა და მაშინაც კი ისინი რეალობას საგრძნობლად აცდენილნი იყვნენ, თუმცა არა 2-3%-ით, როგორც ეს „აირაის" და „ენდიაის" მიერ დასავლეთში ჩატარებულ კვლევებშია. აქედან გამომდინარე საზოგადოების გულისწყრომა სრულიად ბუნებრივია იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციების ბრენდების ქვეშ გამოქვეყნებული კვლევები რეალობასაა აცდენილი, რადგან საარჩევნო შედეგები სულ სხვა სურათს გვაძლევს. აქედან გამომდინარე, მიჭირს იმის გაანალიზება, თუ შერჩევითად რას დაწერენ და რას არა. მთავარია, რომ მათი რეიტინგები რეალობას არ ასახავს, ეს უკვე ათი წელია ასეა, თუ მეტი არა. „გამოქვეყნებულ შედეგებსა და საარჩევნო შედეგებს უნდა დავაკვირდეთ ხოლმე, როცა ნებისმიერი პროფესიონალური კვლევის პროცენტული მაჩვენებელი საარჩევნო შედეგებთან ახლოსაა, არა აქვს მნიშვნელობა რომელი კომპანიაა, ის ბუნებრივია წლების განმავლობაში სანდო ხდება, „გორბიმ" ეს არაერთხელ დაადასტურა, რომ ის რეალურ შედეგებს ოდნავ პლუს-მინუს სულ რამდენიმე პროცენტით აცდენილია ხოლმე და ეს ბუნებრივიცაა, როგორც ეს დასავლეთში ხდება ხოლმე. ძალიან დასანანია, რომ „აირაი" და „ენდიაი" საველე სამუშაოებისთვის დღემდე იმ ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკურ კვლევებთან არაფერი არ ესაქმება, ისინი უფრო „ნაცმოძრაობის" და მისი განშტოებების პრომოუშენს აკეთებენ და მერე შედეგები რაცაა, მკაფიოდ ვხედავთ", - განაცხადა აბაშიძემ”, - დასძენს ავტორი.

 

"ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სამი კვლევის მონაცემებში საერთო პარტიათა თანმიმდევრობაა და ის ტენდენცია, რომ ამომრჩეველი ზოგადად პარტიების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. „პროცენტებზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს. ამიტომ უფრო შემიძლია ვისაუბრო ამ მონაცემების მიხედვით ტენდენციები როგორია. სამივე კვლევის მიხედვით პარტიებს შორის ადგილები ერთნაირად ნაწილდება - „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" და შემდეგ სხვა პარტიები მოდიან. „მეორე არის ის, რომ ამომრჩევლის საკმაოდ დიდ ნაწილს არჩევანი ჯერ გაკეთებული არ აქვს. ბოლო კვლევა ხომ ამ მხრივ საერთოდ პიკზეა, მაგრამ რეალობაც დაახლოებით ასეთია, რომ დღეს არსებულ პოლიტიკური სპექტრს მოსახლოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობა. აქ ოპოზიციას და პოზიციას შორის ზღვარი ფაქტიურად წაიშალა. პარტიების პროცენტებში განსხვავებები კი არის, მაგრამ მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის მთლიანად პოლიტიკური სპექტრი მიუღებელია. რა თქმა უნდა არჩევნების წინ ეს სურათი შეიცვლება ასე არ იქნება, მაგრამ დღეის სურათი ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს - მიუღებელია არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც. „ვლაპარაკობთ, რომ მოსახლეობა მესამე ძალას ელის, რომელიც ჯერ არ ჩანს, გახარიას "ენდიაის" კვლევაში რა პროცენტი აქვს არ ვიცი, თუმცა პირველ ორ კვლევაში თითქმის თანაბარია, შესაძლოა დაწინაურებული იყოს, მაგრამ იმის თქმა, რომ გახარია უკვე ფორმირებულია, როგორც მესამე ძალა, ეს ძალიან თამამი განცხადება იქნება, რადგან ადრე სხვა პარტიებსაც უკეთესი შედეგებიც კი ჰქონდათ. მაგალითად, „ევროპულ საქართველოს" სადღაც 15%-იც უჭერდა მხარს, მაგრამ დღეს ვხედავთ რა ვითარებაცაა, ამიტომ გახარიას რა პოტენციალიც აქვს, მას სწორი გამოყენება უნდა", - თქვა ძაბირაძემ. „სხვა მხრივ კვლევებში ისეთი ამოვარდნები არაა. ამასთანავე, „ოცნებასა" და „ნაციონალებს" შორის პროცენტული სხვაობა ჯერადია, მინიმუმ ორჯერ და მაქისმუმ სამჯერ მეტია, ტენდენციები უკვე ასახულია და ვნახოთ რა იქნება. „ამ სამ კვლევაში რადიკალური განსხვავებები, ჩემი აზრით, არაფერიც არაა, თუ პროცენტებს არ მივიღებთ მხედველობაში. ტენდენცია კი ყველა კვლევაში ნარჩუნდება, მაგრამ ის განწყობა, რომ 51%-ს არცერთი პარტია გულზე არ ეხატება, ალბათ რეალობასთან ყველაზე ახლოსაა", - თქვა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან"”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 586 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.