ძალაუფლების ბედი დღეს თბილისში წყდება - გია ხუხაშვილი

“ხელისუფლების მიმართ ნდობა ყოველდღიურად იკარგება და ამას ხელს უწყობს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია, რომელმაც აბსურდული, ზოგჯერ კი კომიკური სახეც მიიღო.

ისინი კვლავ ჩვეულ მატრიცაში არიან - ამომრჩეველს სთავაზობენ არჩევანს წარსულსა და აწმყოს შორის, არადა, საზოგადოება მომავლის არჩევანსა და პოზიტიურ დღის წესრიგს ითხოვს. ამის ნაცვლად ხელისუფლება ფსონს ჩამოვიდა ე.წ. ოხლოკრატიულ სისტემასა და ურაპატრიოტიზმზე... წინა არჩევნებზეც იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს, როდესაც მთელი პროცესი მიმდინარეობდა ლოზუნგით - “გარეჯი საქართველოა”. ამან ახლა უფრო ოდიოზური, სახიფათო მიმართულება მიიღო, რაც დაიწყო 5 ივლისის ცნობილი მოვლენებით, როდესაც ჟურნალისტებზე უპრეცედენტო ძალადობის მომსწრენი გავხდით”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით, სათაურით “ძალაუფლების ბედი დღეს თბილისში წყდება” / “წინასწარ რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკი პროცესს მხოლოდ აზიანებს, აფრთხობს ამომრჩეველს და კარგი არაფერი მოაქვს”.

 

“ეს ხდება მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ კონკრეტული, ძალიან მძიმე პრობლემები: პანდემია, უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ შექმნას უკეთესი მომავლის იმედი, ხელისუფლება ისევ მტრის ხატს ქმნის და ადამიანების აგრესიულად განსაწყობად ვექტორს ეძებს. ეს არის კლასიკური ოხლოკრატიული სისტემის მშენებლობის მცდელობა, ბრბოს ინსტინქტების დანერგვით. მათი გზავნილი დაახლოებით ასეთია: “გონება გათიშე და მხოლოდ ინსტინქტებით იხელმძღვანელე!” ცდილობენ ადამიანებს ჩააგონონ, რომ მათი პრობლემები ხელისუფლების ბრალი კი არა, რომელიღაც სხვა ჯგუფის, მაგალითად, სექსუალური უმცირესობის ბრალია... ნაწილობრივ ეს შეიძლება ეფექტიანიც კი იყოს, მაგრამ ხანმოკლეა და ერთჯერადი. სხვა პრობლემაა ის, რომ ჯერჯერობით ამომრჩეველი სხვა, ღირსეულ მომავალზე ორიენტირებულ ალტერნატივასაც ვერ პოულობს. დღეს ქვეყანაში გვყავს ე.წ. სამობილიზაციო ამომრჩეველი, რომელიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტს ამ არჩევნების ბედს. ელექტორატის ეს ნაწილი გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ხელისუფლება ცდილობს, გამოიყენოს მთელი ის მანკიერი გამოცდილება, რომელიც დაგროვილია უახლოესი ისტორიის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებით. ცდილობს ყველა ამ მამაძაღლობის მონოპოლიზაციას, იქნება ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თუ საარჩევნო პროცესში სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების აქტიური მონაწილეობა და ასე სურს მიაღწიოს შედეგს. როგორც ვთქვი, ამომრჩეველს ისევ სთავაზობენ არჩევანს აწმყოსა და წარსულს შორის და უმტკიცებენ, რომ აწმყო წარსულზე უკეთესია. რა იქნება მომავალში, არ აინტერესებთ. ფიქრობენ, რაც იქნება, იქნება, მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგადო... ვფიქრობ, რომ ივანიშვილი მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში. თუნდაც ღარიბაშვილი ავიღოთ - მისი პრემიერ-მინისტრობის არავის სჯერა, მგონი, ამას თვითონაც ვერ იჯერებს - თუ დააკვირდებით, თავის ბოლო გამოსვლებში სულ ბიძინა ივანიშვილს იშველიებს. მართალია, ძირითადად, დითირამბებს უმღერის, მაგრამ ცხადია ამას რისთვისაც აკეთებს. ბიძინა ივანიშვილი რჩება ძალის ცენტრად. მის ორბიტაზე ტრიალებს პოლიტიკური პროცესი და, მით უმეტეს, “ქართული ოცნების” ელიტა, რომელსაც პოლიტიკური წონა და ლეგიტიმაცია არ გააჩნია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ქართული ოცნება” და `ნაციონალური მოძრაობა~ ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთმანეთის გარეშე სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ. ბუნებაში არსებობს ასეთი ანტაგონისტური სიმბიოზები, რომლებიც თითქოს ერთმანეთის მტრები არიან, სინამდვილეში კი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას თავისი მოტივი აქვს. ის მიიჩნევს, რომ ასე საკუთარი ელექტორატის მობილიზებას ახერხებს, მაგრამ როგორც კი იწყება “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის ამგვარი აგრესიული მობილიზება, ამის პარალელურად იწყება მეორე ბანაკის აქტიურობაც. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” სამობილიზაციო რესურსი აღმატება ”ნაციონალური მოძრაობის” რესურსს და, შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით იმავე ვითარებაში, როცა ეს სამობილიზაციო ელექტორატი, აწმყოსა და წარსულს შორის არჩევნისას, ისევ აწმყოზე დებს ფსონს, რადგან ხშირად წარსულის დაბრუნების ირაციონალურ შიშს ვერ სძლევს. თუმცა გაჩნდა სიმპტომები იმისა, რომ პროცესის ეს სიმბიოზური განვითარება შეიძლება დაიძლიოს. აქ უნდა აღინიშნოს გახარიას ფაქტორი, რომელმაც გარკვეული დისონანსი შეიტანა ამ ყველაფერში. გაჩნდა შანსი, რომ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დავუბრუნდეთ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის დაპირება დავიჯერო. მას მსგავსი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია და მერე სხვადასხვა მიზეზით გადაუთქვამს. ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლებას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, მაგრამ ძალოვანი სისტემა კარგად არის მობილიზებული, შესაბამისად, საფრთხე, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, აქ დესტაბილიზაცია დაიწყება, არ არსებობს. ხელისუფლებას შესწევს ძალა, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში ის ციხეში აღმოჩნდეს. სხვა საკითხია, რა შეიძლება მოხდეს, თუ ის ციხეში აღმოჩნდება. ჩემი აზრით, ამით ქვეყანაში დესტაბილიზაციის ელემენტი გაჩნდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - კი ბატონო, სააკაშვილს ჰყავს მომხრეები და ეს მნიშვნელოვანი სეგმენტია, მაგრამ არა - კრიტიკული მნიშვნელობის. მათ არ შესწევთ პროცესების რევოლუციურად წარმართვის ძალა. ის სამობილიზაციო ელექტორატი, რომელიც მუდმივად წყვეტს არჩევნების ბედს, ძნელი დასაჯერებელია, დესტაბილიზაციის პროცესს მიეხმაროს. ამ სეგმენტისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობა, მით უფრო, რომ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ამას, ალბათ, მოჰყვება ხმაური, მაგრამ მყისიერად არ განვითარდება იმგვარი პროცესები, რომლებიც არჩევნების შედეგზე მოახდენს გავლენას. სააკაშვილის ჩამოსვლით `ნაციონალურ მოძრაობას~ ელექტორალურად არაფერი მიემატება”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

 

“ქვეყანაში მთელი საპროტესტო მუხტის კაპიტალიზაცია რომ მოხდეს, ანუ მთელი ოპოზიციური სპექტრი ჩაერთოს რევოლუციურ პროცესში, კიდევ შეიძლება რაღაც შედეგი გამოჩნდეს, მაგრამ ამის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საქმე ის არის, რომ სხვა პარტიებს მხოლოდ ხელისუფლებასთან არ აქვთ პრობლემა, ძალიან ბევრისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობაც” და არ სურთ, მის რევოლუციურ სცენარს შეუერთდნენ. საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა ქვეყანაში დესტაბილიზაცია, მით უფრო, რომ გამოიკვეთა შესაძლებლობა, არჩევნების შედეგადაც შეიცვალოს ხელისუფლება, მიუხედავად “ქართული ოცნების” არაერთი საარჩევნო მამაძაღლობისა.. წინასწარ რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკი პროცესს მხოლოდ აზიანებს, აფრთხობს ამომრჩეველს და კარგი არაფერი მოაქვს”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ გიორგი გახარიას საარჩევნო შანსზე?” - პასუხობს:

 

“ჯერჯერობით გახარია ზუსტად და მიზანმიმართულად მოქმედებს. მას არ აქვს ილუზია, რომ მიიმხრობს ორთოდოქს “ოცნებისტებსა” და “ნაციონალებს”. ის აპელირებს იმ ამომრჩეველზე, რომელიც უკმაყოფილოა აწმყოთი, მაგრამ წარსულში დასაბრუნებლადაც არ არის მზად. რატომ არის დღეს ასე შეშფოთებული “ქართული ოცნება”? იმიტომ, რომ ელექტორატის ე.წ. სამობილიზაციო რესურსი მიაჩნია თავის ამომრჩევლად, მაგრამ ახლა გაჩნდა გახარია, რომელიც ამაში ეცილება. ამიტომაც არის დღეს ის “ქართული ოცნების” მტერი და მთელი აგრესია მისკენ არის მიმართული...”

 

“ნახეთ, არ ვითარება მივიღეთ - ძალაუფლების ბედი დღეს წყდება თბილისში, რადგან სამი პოლიტიკური ცენტრის მძიმეწონიანი ფიგურა სწორედ აქ იყრის კენჭს. ჩემი აზრით, მეორე ტური აუცილებლად იქნება, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველ ტურში კონკურენცია იქნება კალაძესა და გახარიას შორის. მელიას ჰყავს თავისი ელექტორატი, რომელიც მოსაგებად საკმარისი არ არის, მაგრამ მეორე ტურში გადასასვლელად ეყოფა. შესაბამისად, მეორე ტურში გადასასვლელად ბრძოლა იქნება გახარიასა და კალაძეს შორის. დღევანდელი მდგომარეობით, კალაძეს აქვს უპირატესობა. მის მხარეზეა ძალიან სერიოზული რესურსები, თუმცა გახარიას მხარეს არის სულ სხვა ფაქტორები, მათ შორის ის, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი გახარიას კალაძეზე მეტად იღებს. არსებობს კვლევები, რომლებშიც ეს ჩანს. ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უფრო მომზადებულია, ამიტომ ითხოვს დებატებს, კალაძე კი ყველაფერს აკეთებს, რომ ამას თავი აარიდოს... აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ გახარია ნარკომომხმარებელია. იმ ხალხს, ვინც დღეს გახარიაზე თვალის ჩაკვრით რაღაცას მიანიშნებს, ის ჯერ ბიზნესომბუდსმენად ჰყავდა, მერე ეკონომიკის მინისტრად, მერე შს მინისტრად და შემდგომ ორგზის - პრემიერად. მას დითირამბებს უმღეროდნენ, ახლა კი ნარკომომხმარებლობაზე ლაპარაკობენ”, - ამბობს ექსპერტი.

 

“ჩემი აზრით, სრულიად სკანდალური რაღაც თქვა სოზარ სუბარმა, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება. პირდაპირ მოვიტან ციტატას: “არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი არ გაიკეთებენ ტესტს. გასაგებია, მათ აქვთ რაღაც დასაფარი, მაგრამ არიან კანდიდატები, რომლებმაც თქვეს, რომ გაიკეთებენ, ოღონდ არ დაასახელეს ვადა. ნარკოლოგიაში ცნობილია, რომ არის გარკვეული ვადა, რის შემდეგაც ძალიან ძნელი ხდება აღმოჩენა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხვალ გადის ეს ვადა და კარგი იქნება, თუ ხვალ მოასწრებენ ტესტის გაკეთებას და დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მათთვისაც მნიშვნელოვანია~. ეს არის აღიარებითი ჩვენება, რომ რაღაცას მაიმუნობენ: ვინ შეიძლება იცოდეს, სხვას როდის გასდის ტესტის ვადა? მისი ნათქვამით, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს რაღაც თარიღი, როცა ჩაატარეს სპეცოპერაცია, ვიღაცას რაღაც გაურიეს წყალში ან საჭმელში და ზუსტად იციან, ეს როდის მოხდა. ახლა შეშფოთდნენ, რომ მათთვის ხელსაყრელ ვადაში არ გაიკეთა მავანმა ტესტი და სუბარსაც წამოსცდა, ხვალ ბოლო დღეაო... ჩემი აზრით, ჩვენ სოზარ სუბარისგან მოვისმინეთ სავარაუდო დანაშაულის აღიარებითი ჩვენება. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელზეც გამოძიება უნდა ჩატარდეს... ეს ყველაფერი წამოიწყეს გახარიას საწინააღმდეგოდ, მაგრამ, ვფიქრობ, არაფერი გამოუვიდათ და სულ ტყუილად მოშარდა კალაძემ. ამით მხოლოდ თავისი არასერიოზულობა აჩვენა”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 576 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.