“პრობლემა შიდაპოლიტიკაზე კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია...”

“თუ დეტალებზე არ გავამახვილებთ ყურადღებას და მთელ სურათს შევხედავთ, სამწუხაროდ, საქმე მაინც ევროპასთან ურთიერთობის განვითარების ნეგატიურ ტენდენციასთან გვაქვს.

ჯერ ეს მხოლოდ ტენდენციაა და პროცესს არ მიუღია შეუქცევადი ხასიათი. იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და პოზიტიური დღის წესრიგისკენ წავიდეს, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამისთვის შესასრულებელია ის პირობები, რომლებიც დათქმულია და რომელთა შესრულების ვალდებულებაც ვიკისრეთ. ამასთანავე, ამ ურთულეს პერიოდში უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკის ევროპულ პოლიტიკასთან სინქრონიზაცია. თავი რომ დავანებოთ ფასეულობით არჩევანსა და თამაშის წესებს, ყოველივე ამას აქვს სხვა დამატებითი განზომილებაც: მიმდინარეობს გლობალური ომი, ფრონტის ხაზი გავლებულია, ევროპა ატარებს კოორდინირებულ პოლიტიკას ამ ომში და შესაბამისად, სურს ჩვენ გვიხილოს მოკავშირედ და არა გაუგებარ მოთამაშედ, რის დემონსტრირებასაც საქართველო ახდენს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრობლემა შიდაპოლიტიკაზე კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია...”

 

“მოკლედ, პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკაში სისტემური პრობლემებია, პრობლემა კიდევ უფრო დიდი და სერიოზულია. ბუნებრივია, ევროპას არ სურს ჩვენი დაკარგვა და სიფრთხილის ელემენტებიც ჩანს მათ მიდგომაში, რისი მაგალითიც ამ ანგარიშის შედარებით შერბილებული კილოა. ისინი არ არიან კატეგორიული, რადგან ეშინიათ, თუ ძალიან მკაცრად მოგვექცევიან, ჩვენს ხელისუფლებას შეიძლება მეტად უბიძგონ მოწინააღმდეგის ბანაკისკენ. “ქართული ოცნება” მათ სიფრთხილეს ხშირად ძალიან ბოროტად იყენებს. მიაჩნიათ, რომ ეს არის ვითარება, როდესაც შეუძლიათ ამგვარად ელაპარაკონ ევროპას - კი, მე ცუდი ტიპი ვარ, მაგრამ ასეთად უნდა მიმიღო, თუ არადა, სხვაგან წავალო. ეს მთელ მათ მოქმედებებს, ანტიდასავლური ნარატივის ფორმირების ცდას, ლაიტმოტივად გასდევს. შედეგიც მიიღეს. ფაქტობრივად, დასავლეთს დააბრალეს, რომ მას საქართველოს ომში ჩათრევა სურდა და ჩვენი საზოგადოების ნაწილსაც დააჯერეს ეს პროპაგანდისტული სპეკულაცია. მათ პლატფორმაც შექმნეს ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გადათამაშებისთვის და ამას მისცეს დასავლეთის შანტაჟირების ფორმა, რაც ძალიან სახიფათო და არაკეთილსინდისიერი თამაშია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადაწყვეტილებაზე ლაპარაკი გამიჭირდება, მაგრამ ეს საკითხიც აჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ახერხებს ჩიხურ ვითარებაში მოქცევას. გვარამიას გათავისუფლებას წინ არაფერი უდგას. არა მგონია, მათ რაიმე განსაკუთრებული პრინციპული ინტერესი ჰქონდეთ. კომპრომისზე ვერ მიდიან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ყველაზე მეტად, რაც ამ ხელისუფლებას აშინებს, შინაგანი სისუსტის გამჟღავნებაა, რადგან არა აქვთ განცდა, რომ მათი ძალაუფლება მყარია. ეშინიათ, რომ ნებისმიერი დათმობა მათი ძალაუფლების ხუხულას ჩამოშლის. რადგან შინაგანად სუსტად გრძნობენ თავს, მიაჩნიათ, რომ კომპრომისი შეუქმნით სერიოზულ პრობლემას. პარადოქსია, მაგრამ ასეა - მუდმივად შეტევაზე გადადიან იმიტომ, რომ საკუთარი სისუსტე დაფარონ. ასეა, განსაკუთრებულად აგრესიულად, მათ შორის ირაციონალური აგრესიით, როგორც წესი, სუსტი ადამიანები იქცევიან. მაშინ, როდესაც გვარამიას გათავისუფლება მათ სერიოზულ დივიდენდებს მოუტანდა დასავლეთთან ურთიერთობაში, მაინც არ მიდიან ამაზე. არადა, იოლად შეეძლოთ სერიოზული ბონუსის მიღება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“იგივე ხდება სააკაშვილთან დამოკიდებულებაშიც. დღეს სააკაშვილის პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ფაქტორს დაკარგული აქვს აქტუალურობა. ის აღარ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს პოლიტიკურად, არც ის არგუმენტია დასაჯერებელი, რომ თუ მას ხელისუფლება ჰუმანურად მოექცევა, ამომრჩეველს დაკარგავს. დღეს სააკაშვილის მიმართ აგრესია მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ ბოლოდროინდელი დრამატული პერიპეტიების შემდგომ, საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც მისი ხელისუფლების დროს დაზარალდა, მიიჩნევს, რომ ის უკვე საკმარისად დაისაჯა. ალბათ, “ქართული ოცნების” ირგვლივ არის ასე, 200 კაცი, რომლებიც კვლავაც მიშასთან ხმალამოღებული მებრძოლები არიან, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ ეს 200 კაცია მისი ელექტორატი, კიდევ უფრო შავად ჰქონია საქმე. თუ ფიქრობენ, რომ სააკაშვილის გამოშვების გამო ხალხი მასობრივად აჯანყდება, ესეც დიდი სისულელეა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“რაც ყველაზე საინტერესოა, დღეს სააკაშვილის თემით სპეკულირებენ პირები, რომლებიც სააკაშვილის დროსაც ხელისუფლებაში იყვნენ - ზოგიერთი ყავას უდუღებდა სააკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, ზოგი კიდევ მშვენივრად იყო ინტეგრირებული იმჟამინდელ სისტემაში. თუ ვინმე დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, მეც ვიყავი. მე მასზე დღესაც გაბრაზებული ვარ და ბევრ რამეს ვერ ვაპატიებ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით მისი ციხეში ჯდომა სადიზმად მიმაჩნია. ხელისუფლების აპელირება მართლმსაჯულებაზე, როდესაც კოლექტიურ მურუსიძეზე აქვთ აგებული სასამართლო სისტემა, მურუსიძეზე, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის პროდუქტი და იყო მისი პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, აბსურდია”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

 

“ჩვენი პოლიტიკური ელიტის პოლემიკა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის საკითხზე სამარცხვინოა. არ შეიძლება კანონის პერსონიფიცირება. არადა, ჩვენთან ამას აკეთებენ პარლამენტარები, რომლებსაც ეს ჩვენზე უკეთესად უნდა ესმოდეთ. კანონის შექმნის საფუძველი უნდა იყოს გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესი და არა კონკრეტული პირების სადამსჯელო ოპერაცია. ერთი მხარე იშვერს ხელს კონკრეტული პერსონისკენ და მეორე მხარეც იმავეს აკეთებს. ფაქტობრივად, ორივე ცდილობს კანონი აქციოს პოლიტიკური მოწინააღმდეგის დასჯის ინსტრუმენტად. სინამდვილეში, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების მიზანი ვინმეს დასჯა კი არ არის, არამედ ის, თუ ამ კანონის თანახმად ვინმე ჩაითვლება ოლიგარქად, რათა ასეთი პირის ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს. არადა, ისეთი განცდა გააჩინეს, რომ თითქოს თუ ეს კანონი რომელიმე პერსონას შეეხება, მისი საქმე წასულია. კანონმა უნდა დაალაგოს თამაშის წესები, რომელთა თანახმად, ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა დაშორიშორდეს. უნდა შეიქმნას ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა ამუშავების შემდეგაც შეუძლებელი იქნება ბიზნესიდან პოლიტიკის გაკონტროლება და პირიქით”, - თვლის რესპონდენტი.

 

“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” აქვთ ერთი საერთო ნიშან-თვისება - ლიდერის გარშემო გაერთიანებულ ერთგვარ რელიგიებად ჩამოყალიბდნენ. ამ შემთხვევაში ასეთი ლიდერი, კერპი მიხეილ სააკაშვილია, რომელთანაც პარტიის ნაწილს აქვს ლამის რელიგიურ გრძნობამდე აყვანილი ემოციური ბმა. პარტიის მეორე ნაწილი უფრო რაციოს ემყარება და მოვლენებს ნაკლებად ემოციურად განსჯის. დღეს კონფლიქტი სწორედ რაციოსა და ემოციას შორის მიმდინარეობს. პარტიის ემოციური ნაწილი არანაირ ლოგიკას არ დაგიდევს. მიიჩნევენ, რომ მიშა უნდა გამოვიდეს ციხიდან და მორჩა, მელიას კი უყენებენ პრეტენზიას, ეს აქამდე რატომ ვერ შეძელიო. თუმცა ამ ხალხს რომ ჰკითხო, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, ვერ გიპასუხებენ. მელიასგან ითხოვენ სასწაულს. მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. სიმართლე გითხრათ, პრობლემაა ისიც, რომ არჩევნების შემთხვევაში თუ რაციონალურად მოაზროვნეთა ფრთამ გაიმარჯვა, ემოციას აყოლილთა ფრთა დაემორჩილება კი ახალარჩეულ ხელმძღვანელობას? რაც შეეხება კეზერაშვილს, მასთან დაკავშირებული საკითხი, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ არ წამოჭრილა. პოლიტიკურ ელიტაში რესურსების უკმარისობაა, უამისოდ ძალიან რთულია პოლიტიკის წარმართვა. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ვეჭვობ, ამის სანაცვლოდ კეზერაშვილი ღიად ითხოვდეს პარტიაზე კონტროლს”, - ამბობს ექსპერტი.

 

“ომის დაწყებიდან ორ კვირაშივე გამოჩნდა, რომ რუსეთს ეს ომი წაგებული ჰქონდა სამხედრო-სტრატეგიული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საინფორმაციო თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც რუსეთს შანსს უტოვებდა, რომ ომი ეწარმოებინა, იყო სამხედრო-ტექნიკური უპირატესობა, რაც დღეს აღარ აქვთ. რუსეთს ამის მოსაგებად არგუმენტი აღარ დარჩა, ახლა ყველაფერი დროის და რესურსების ამბავია. კრემლში ზამთრის იმედი ჰქონდათ, ელოდნენ, რომ ევროპას შესცივდებოდა და შეწყვეტდა უკრაინის დახმარებას, რაც ასევე არ გამართლდა. ევროპამ მოახერხა საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთზე დამოკიდებულება კი უკიდურესად შემცირდა. მოკლედ, კრემლის იმედი ამ მხრივაც გამტყუნდა. ამასთან, დასავლეთს კარგად ესმის, რომ ნებისმიერ იმპერიას, რომელიც მარცხისთვის არის განწირული, დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ამიტომაც დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ როგორმე მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი. ჩვენი ხელისუფლების გამო კი ძალიან ვწუხვარ - ის მეტად ტრაგიკულ მდგომარეობაშია. “ქართული ოცნების” პროგნოზით, რუსეთი უკრაინას მალევე დაამარცხებდა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო რისკების თავიდან აცილების მცდელობა, მაგრამ ამგვარი გათვლითა და მასზე დამყარებული პოლიტიკით დაიზიანეს თავი და დააზარალეს ქვეყნის ინტერესებიც”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

 

“ხელისუფლების ანალიზი და პროგნოზი იმდენად მცდარი და ბრიყვულია, აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც იძულებული არიან სწყინდეთ მოყვასის გამარჯვება. ამ აბსურდულ ვითარებაში ჩაიგდეს თავი, ვეღარ გამოდიან და კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან ჭაობში. გადასხეს დესანტი და რაღაც ანტიდასავლური ბუშტი შექმნეს, რომელიც ჯერ ტრიო იყო, ახლა უკვე ნონეტია. ივანიშვილი სულ თავს იწონებდა, რომ მოვლენების სწორი ანალიზი შეეძლო, მაგრამ დღეს, ამ ანალიზისა და მცდარი პროგნოზის შედეგად ჩვენი ხელისუფლება სადღაც ჯანდაბაშია გაკვეხებული”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის წარმატებასთან ერთად, შეიცვლება ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებები, მით უფრო, რომ ამ ანტიუკრაინულ თუ ანტიდასავლურ რიტორიკაში საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აიყოლიეს...” - პასუხობს:

 

“ის, რომ ხელისუფლებამ რუსეთის მარცხთან ერთად შეიძლება პოზიცია შეიცვალოს, რეალურია, მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება ეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მაქვს განცდა, რომ მათში რუსეთის უძლეველობის მითი ძალიან ღრმად არის გამჯდარი. ეს შეიძლება რაღაც მენტალური ტრავმის შედეგიც იყოს. რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, ჩემი აზრით, პროპაგანდამ “აბა, ომი გინდათ” გავლენა მოახდინა საზოგადოების ნაწილზე, თანაც ხელისუფლების ანტიდასავლური დესანტის გაძლიერების ახალ-ახალ მცდელობებს ვხედავთ. თუმცა რიტორიკა ოდნავ შეცვალეს, დასავლეთთან რაღაც კომუნიკაციის დამყარებასაც ცდილობენ, მაგრამ ხელისუფლებაში უკვე იმ ტიპის სისტემური პრობლემებია, რომ რუსეთზე დასავლეთის გამარჯვების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა ვეღარც წარმომიდგენია.

წაკითხვა 311 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.