“ახალი ჰუმანიტარული რისკები როდის იფეთქებს, არავინ იცის...” - გია ხუხაშვილი

“საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი დაუჯერებელია გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს რეფორმა გატარდა დიდ მანკიერებასა და ფარსზე დაყრდნობით.

ამაზე მეტყველებს პრემიერ ღარიბაშვილის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, რომ თურმე მურუსიძე ყოფილა წინა რეჟიმის მსხვერპლი. როდესაც ის ამბობს, რომ მურუსიძე მსხვერპლი იყო, ამით ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოსამართლეებს გამოჰქონდათ პოლიტიკური განაჩენი, რასაც იმით ხსნის, რომ თურმე ეშინოდათ და ამას საკუთარი ნების გარეშე აკეთებდნენ. ამასთან, გვიმტკიცებენ, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს აკონტროლებს სასამართლო სისტემას, სააკაშვილის დროს იყო სავლე და ახლა გარდაიქმნენ პავლედო. არადა, ეს ბიბლიური სასწაულია და ასე ადამიანების შეცვლა მხოლოდ ღმერთს შეუძლია”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახალი ჰუმანიტარული რისკები როდის იფეთქებს, არავინ იცის...” / “უკრაინის ომი აისახება, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაზე. უპირველესად ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა”

 

“თუ ადამიანი ექვემდებარება პოლიტიკურ ზეწოლას ერთი ხელისუფლების პირობებში, ბუნებრივია, ის კომპრომეტირებულია და სამწუხაროდ, არანაირი ხელმოსაჭიდი არ არსებობს ფიქრისთვის, რომ ის სხვა ხელისუფლების პირობებში იმავენაირად არ მოიქცევა. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” დღევანდელ სასამართლოზე კონტროლი გადააბარა იმ ხალხს, რომელიც “ოცნებისავე” აღიარებით შემჩნეული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანაში. მოკლედ, ეს პროცესი დასაწყისშივე დისკრედიტირებული იყო, არადა, მოსამართლისთვის რეპუტაცია ფუნდამენტური ღირებულებაა. როცა რეფორმას ატარებ და თან სისტემას კომპრომეტირებულ მოსამართლეებს აბარებ, შეუძლებელია ვილაპარაკოთ სისტემის დამოუკიდებლობასა და მის ნდობაზე. ამას კი არ უარყოფენ, ამბობენ, რომ ამ მოსამართლეებს გამოჰქონდათ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან მიშა ცუდი ბიჭი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ კარგი ბიჭები მოვედით და ამას არ ვიკადრებთო. ისევ სუბიექტურ ფაქტორზე უნდა იყოს ასეთი მნიშვნელოვანი სისტემა თურმე აგებული და არა ინსტიტუციურ წესრიგსა და დამოუკიდებლობაზე. მათ კეთილ ნებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რაც ძალიან არადამაჯერებელი და არასანდოა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“რადგან ასეთი მანკიერი ალგორითმი ჩაიდო სისტემის მშენებლობაში, სისტემა ავგიას თავლად იქცა, რომლის სანდოობა, ფაქტობრივად, ნულოვანია და დიდი ალბათობით, ის გამოიყენება პოლიტიკური დევნისთვის. ცვლილება, რასაც ვხედავ დღევანდელ და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროინდელ სასამართლოს შორის, არის მართვის განსხვავებული ვერტიკალი. წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო პროკურატურის დანამატი, მის ვერტიკალში განიხილებოდა და, ფაქტობრივად, პროკურორი განსაზღვრავდა ამა თუ იმ ვერდიქტს. როდესაც პოლიტიკური ინტერესი ჩნდებოდა, ყველაფერი პოლიტიკურ დიქტატს ემორჩილებოდა. დღეს შეიცვალა ეს დაქვემდებარების სისტემა, ანუ დღეს სასამართლო აღარ არის პროკურატურის ვერტიკალში, ის უფრო პოლიტიკური ელიტის პარტნიორად იქცა. გარკვეული კონტრაქტი შედგა სასამართლო სისტემასა და ხელისუფლებას შორის, ისინი ერთმანეთს ამაგრებენ, აძლიერებენ... ერთი მხრივ, პოლიტიკური ელიტა უზრუნველყოფს ამ კომპრომეტირებული მოსამართლეების სისტემაში სამუდამოდ დარჩენას, მეორე მხრივ კი სასამართლო სისტემა იღებს ვალდებულებას, რომ როდესაც ხელისუფლებას დასჭირდება, ისინი მოემსახურებიან მის ინტერესებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ამის შედეგად გაჩნდა ახლა რისკები, ვგულისხმობ, კორუფციულ რისკებს. საქმე ისაა, რომ ამგვარი პარტნიორობისას სასამართლო სისტემასაც უჩნდება საკუთარი ინტერესი. სააკაშვილის ხელისუფლებისას მოსამართლე ვერ გაბედავდა კორუფციულ სქემებში გახვევას... ერთადერთი კარგი ის არის, რომ პროკურატურის ტოტალური კონტროლის შესუსტებამ მთელ სასამართლო სისტემაზე გამოიწვია მოსამართლეების გარკვეული ჯგუფის გაჩენა, რომელსაც არც კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა სურთ, არც პოლიტიკურ წნეხს ექვემდებარებიან და მათ აქვთ საშუალება ემსახურონ სახელმწიფოს. ისინი დღეს თავისუფალ დინებაში არიან, შედეგად მათი წყალობით შეიქმნა რამდენიმე პრეცედენტული საქმე, რაც ქმნის გარკვეულ ფასადს და წარმოაჩენს ისე, რომ თითქოს სისტემაში ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ვფიქრობ, ნიკა გვარამიას განაჩენი ნამდვილად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ავხსნი რატომაც. მე საქმის სამართლებრივ მხარის განხილვას არ დავიწყებ, უბრალოდ, საქმე როგორ აიგო, ამაზე ვილაპარაკებ”, - ამბობს ექსპერტი.

 

“როდესაც კერძო სამართლის სუბიექტში ლაპარაკია გაფლანგვაზე, საქმე შენდება დაზარალებულის ბაზაზე, ანუ თუ ვიღაცამ გაფლანგა ფული, ამით ვიღაცა დაზარალდა. გვარამიას საქმეში ასეთი დაზარალებული, შეიძლება ითქვას, უკანა რიცხვით გამოძებნეს. “რუსთავი 2”-ის რეალური ინვესტორი და რეალური აქციონერები ვინც იყვნენ, მათ ნიკა გვარამიასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ და არც აქვთ. დიდი ალბათობით, ისინი ფინანსების მართვის თაობაზე საქმის კურსში იყვნენ. ჰოდა, მოიძებნა ნომინალური აქციონერი ქალი, რომელიც გამოაცხადეს დაზარალებულად და ასე დაიწყო საქმის შეკერვა. ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი საქმე. რატომ ვამბობ, რომ ის ქალი ნომინალური აქციონერია? სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეს წილი გადაეცა მის მეუღლეს, რომელიც 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვედით, მეუბნებოდა, წილი გადმომიფორმეს თავის დროზე და ახლა თქვენ წაიღეთო. თვითონ მან იცოდა, რომ ნომინალური მეწილე იყო. საბოლოოდ ეს მეწილე, ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნის მექანიზმად იქცა. გვარამია შეიძლება ან მოგვწონდეს, ან არა, მაგრამ საქმე რომ პოლიტიკური მოტივით შეიკერა, ცხადია”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

 

“გასაგებია, რა პრეტენზიებიც აქვთ გვარამიასთან, მათ შორის არა სამართლებრივი, არამედ პირადი თუ მორალური. ეს პრეტენზიები საფუძვლიანიც შეიძლება იყოს. მეც ძალიან არ მომწონს, როდესაც ოპონენტს შეურაცხყოფას აყენებენ, ამგვარ ლექსიკას გვარამია ხშირად იყენებდა ივანიშვილის თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ სახელმწიფო და მართლმსაჯულების ინსტრუმენტების გამოყენება პირადი შურისძიების მიზნით კატასტროფაა. სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არ ხდება. თან ასეთი რამ მაინცდამაინც ახლა რომ ხდება, როდესაც ევროკავშირის კანდიდატობის დაჩქარებული წესით მიღების შანსი გვაქვს, ჩემი აზრით, ეს სრულად ჯდება ხელისუფლების რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაში. ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს და მათ ინტერესში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დიდად არ შედის, ვაიდა, რუსეთი გაღიზიანდეს. ამ პოლიტიკის გატარების შემდეგ თუ მაინც მივიღეთ კანდიდატობა, გამოვლენ და რუსეთს ეტყვიან, რა ვქნათ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მაინც მოგვცესო. თუ არ მიგვიღეს, ესეც აწყობთ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

 

“ ხომ ვხედავთ, როგორ მიდის ჩვენში ევროპელი პოლიტიკური ელიტის დემონიზაცია. ხვდებიან, რომ ევროპასთან აქვთ პრობლემები. კანდიდატი თუ გახდება ქვეყანა, ისინი კიდევ უფრო მეტად მოსთხოვენ სასამართლოს რეფორმას, ადამიანის უფლებების დაცვას, გვარამიას გამოშვებას და ასე შემდეგ... უნდათ ახლა ეს ყველაფერი? შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების ინტერესებში ევროკავშირის კანდიდატობა არაფრით არ შედის, მით უფრო, რომ არ იციან, როგორ დასრულდება ომი და რუსეთის ეშინიათ. თუ რუსეთი აქამდე ამბობდა, ჩვენთვის ევროკავშირი პრობლემა არ არისო, ახლა გადათქვეს და სხვაგვარ განცხადებებს აკეთებენ. ამათ იმ პოლიტიკურ ნარატივში, რასაც საზოგადოებაში ნერგავენ, ეს ყველაფერი ჯდება. მათ ევროკავშირთან ურთიერთობის მოდელად აიღეს “ორბანის ფენომენი”. განსხვავება ისაა, რომ ორბანს თავი უკვე ქუდში აქვს, ის იქ არის და ვაჭრობს, ჩვენ კი სად ვართ? “ორბანის მოდელის” გამოყენება, თან უხარისხო შესრულებით, როდესაც უზარმაზარი პრობლემები გაქვს და წინ ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიიწევ, სრული აბსურდია. დღეს “ქართული ოცნება” შანტაჟის ენაზე ელაპარაკება ევროპას, ვიცით, ჩვენით დაინტერესებული ხართ, რადგან ამ დიდ გლობალურ დაპირისპირებაში აქტივად გამოვდგებით, ამიტომ გვაპატიეთ ყველაფერი, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართო.. თუ არ მიგვიღებთ და, აი, დარდიო...” - დაასკვნის ექსპერტი.

 

“რუსეთ-უკრაინის ომი გაჭიანურების ფაზაში შედის, თუმცა დრო მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ამას კიდევ მოჰყვება მსხვერპლი. უკრაინაში, ამ გლობალურ ომში, დღეს წყდება მსოფლიოს მომავალი წესრიგი. უკრაინის ომი აისახება, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაზე. უპირველესად ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. დღეს ამ ომში პირდაპირი მნიშვნელობით წყდება ჩვენი ბედიც. ყველა მიმართულებით უკრაინასთან ერთად დასავლეთს ეს ომი უკვე მოგებული აქვს. მაგალითად, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით თუ ავიღებთ, რუსეთის ამოცანა იყო ნატოს გაფართოების შეჩერება, არადა, საპირისპირო მიიღო. აგერ რუსეთის მოსაზღვრე შვედეთი და ფინეთი ნატოში შედიან. წაგებული აქვს ასევე საინფორმაციო, ეკონომიკური თუ მსოფლმხედველობრივი ომი. გარდა ამისა, მსოფლიოში ჩნდება ირიბი პრობლემები, სურსათის, ენერგორესურსების... დღევანდელ მსოფლიოში ხომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იმდენი რისკია, იმდენი პარამეტრი ამ ომის ირგვლივ, პროგნოზირება რამდენ ხანს გაგრძელდება, ვის შეეხება, ვის საიდან დაარტყამს, რა ახალი ჰუმანიტარული რისკები გაჩნდება, ძალიან რთულია. ვიმეორებ, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, დრო უკრაინაზე მუშაობს, მაგრამ დამატებითი რისკები სად და როდის იფეთქებს და როგორ შემოუტრიალდება სამყაროს, არავინ იცის”, - თვლის გია ხუხაშვილი.

 

“ხელისუფლება სადღეგრძელოსავით ამბობს, რომ არ გაატარებს არასანქცირებულ ტვირთებს, მაგრამ ეს არ არის რიტორიკის საგანი. ამას სჭირდება თავისი ნორმატიული ბაზა. მებაჟეს თუ არა აქვს შესაბამისი ბრძანება ფინანსთა მინისტრისგან თავისი ჩამონათვალით, რისი გაშვება არ შეიძლება, მას უფლებაც კი არა აქვს შეაჩეროს ეს ტვირთები. უკვე თვეზე მეტია მე და ბევრი სხვაც ვკითხულობთ, გამოცემულია ასეთი ნორმატიული აქტი? - ხელისუფლებისგან კი სრული დუმილია. ჩნდება ბევრი სხვა კითხვაც, მაგალითად, აპრილში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან. არ არის გამორიცხული ამ ფულის დიდი ნაწილი ხმარდებოდეს სანქციების გვერდის ასავლელი სქემების დალაგების მცდელობას. მოკლედ, პირდაპირ ფული გამოჩნდა, არ არის ეს ეჭვის საფუძველი? - რა თქმა უნდა, არის. მხოლოდ პოზაში დგომა და ამ კითხვების შეურაცხყოფად აღქმა არ არის საკმარისი. ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ტყუილია. გგონიათ, შემთხვევით მოიკითხა ეს საკითხი ჯოზეფ ბორელმა? კი, კარგია, რომ გაეროში უკრაინას მხარს უჭერთ, ამისთვის მადლობა, მაგრამ სანქციებთან დაკავშირებით რა ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო. დასავლეთისთვის რუსეთთან ამ გლობალურ ბრძოლაში სანქციები არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, თუ შენ ამ იარაღისგან რუსეთს თავის დაღწევაში ხელს უწყობ, გამოდის, მტრის მხარეზე ხარ”, - დასძენს ექსპერტი.

წაკითხვა 411 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.