“გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე...” - გია ხუხაშვილი

“რაც ხდება, ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის დიდი საშიშროებაა. რუსეთმა ახალი უპრეცედენტო ულტიმატუმები წამოაყენა - ითხოვს არა მარტო საქართველოს და უკრაინის საკითხის მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტას, არამედ ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას, რაც სრული ნონსენსია. დასავლეთისგან ასეთ დათმობაზე წასვლა იქნებოდა ყველაფრის ჩამოშლის ტოლფასი. რუსეთმა ეს იცოდა, მიუხედავად ამისა, ულტიმატუმი მაინც წამოაყენა.

შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ მოვლენების განვითარების გეგმა”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე...” / “სააკაშვილს აქციებიც და სხვა პოლიტიკური პროცესებიც მხოლოდ თავისი ბელადობით წარმოუდგენია... უკაცრავად, მაგრამ ასე ვერ იქნება”.

 

“რუსეთი შესაძლოა მართლაც ემზადება აღმოსავლეთ უკრაინაში შესაჭრელად სწორედ იმგვარი სცენარით, როგორითაც 2008 წელს საქართველოში, თითქოსდა თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით დაიწყო ომი. არ გამოვრიცხავ, წაიწიონ მაქსიმალურად წინ და მერე უკან გადადგან ნაბიჯები, როგორც მოხდა ჩვენს შემთხვევაში - გორსა და ხაშურში იდგნენ და მერე უკან დაიხიეს. დღეს თითქოს არა ვართ მაინცდამაინც ეპიცენტრში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე - კარგად ჩანს რუსეთის საბჭოთა კავშირის დიდი ნოსტალგია და გარკვეულწილად, მისი აღდგენის ცდაც. ბოლო ბასტიონი ჩვენ წინ არის უკრაინა. თუ იქ რუსეთმა შეძლო თავისი გეგმის შესრულება, ჩათვალეთ, რომ შემდეგ რიგში ჩვენ ვიქნებით. დღეს უკრაინაში წყდება როგორც გლობალური უსაფრთხოების, ისე საქართველოს მომავალი განვითარების საკითხი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“რუსეთს კარგად ესმის, რომ მისი გავლენის სფეროში საქართველოს პირდაპირი ინტეგრაცია დღეს მისთვის შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს იმავე შედეგს ბუფერული სისტემის მეშვეობით მიაღწიოს. ამისთვის სჭირდება “3+3”-ის ფორმატი... ლავროვის განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს არა პირდაპირ დაარწმუნოს საქართველო, არამედ ისეთი ქვეყნების საშუალებით, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენთან. საქმე საკმაოდ რთულად არის - როდესაც ასეთი სისტემები იქმნება რეგიონში, რომლის ნაწილიც ხარ, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის იოლი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, რომ საქართველო აიძულონ ამ სისტემაში მონაწილეობაზე, თუ ჩვენ მანამდე ვერ შევძლებთ დასავლეთიდან ფარისა და დაცვის მიღებას. ამიტომ არის საჭირო ფორსირებულად დასავლეთის საქართველოში ყოფნის ფიქსაცია, რათა თავდასაცავად მეტ-ნაკლებად სერიოზული ქოლგა გვქონდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ჩემი აზრით, შესაძლო კატასტროფული სცენარებიდან საქართველოს დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში ყოფნას ფიზიკურად დააფიქსირებს. არ ვამბობ, რომ ნატოში ხვალ უნდა მიგვიღონ, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია, თუნდაც სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა მცირე სამხედრო ბაზის ან რაიმე სხვა სახით. თუ დასავლეთმა ასე გააგრძელა, აი, კარი ხომ ღიააო, მაგრამ ვერ შევდივართ, მაშინ რისკები ძალიან მაღალი იქნება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაც ვერ გამოიყურება ამ ვითარებაში დიდად წელში გამოყვანილად. ისე ჩანს, რომ ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს - დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს ფასეულობათა მწყობრი სისტემა, ეს სახიფათო ვითარებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, რომ მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნისთვის. აგერ უკრაინაში ასეთი მძიმე ვითარების დროს, როდესაც კარგად გვესმის, რომ ჩვენი ბედიც დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, რაც იქ მოხდება, ჩვენი ხელისუფლების ამ მიმართულებით პასიურობა ძალიან მძიმე დასკვნების საფუძველს იძლევა და ადასტურებს იმ შიშს, რომელზეც ვილაპარაკე”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

 

“ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლოს განაჩენის სამი ვარიანტიდან ხელისუფლებამ აარჩია სწორედ ის, რაც ადასტურებს ამ პროცესში პოლიტიკურ ინტერესს და რომ ეს დაკავშირებული იყო სწორედ ანაკლიის პორტის პროექტთან. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ეს ვერდიქტი მოსამართლემ დამოუკიდებლად გამოიტანა. განაჩენი დაწერა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ეს სასამართლომ გაახმოვანა. მან დაადასტურა, რომ ამოცანა ხაზარაძე-ჯაფარიძის დაჭერა კი არ იყო, არამედ მათი დისკრედიტაცია და რაც მთავარია, ანაკლიის პროექტის ჩაშლა ან მასზე კონტროლის დაბრუნება. თავიდან ამ პროექტს ხელისუფლება ზერელედ უყურებდა. მიაჩნდა, რომ ეკონომიკურად მაინცდამაინც მომგებიანი პროექტი არ იყო, მაგრამ მსვლელობაში გამოჩნდა, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული დატვირთვა როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“ეს ცხადი გახადა ამერიკელების დაინტერესებამაც. გამოჩნდა ისიც, რომ პროექტის მიმართ რუსეთს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონტროლი დაებრუნებინა მასზე და ამით ევაჭრა, ერთი მხრივ, დასავლეთთან და მეორე მხრივ, რუსეთთან. კონტროლის აღდგენისთვის კი უნდა ჩამოეშორებინა კონსორციუმი. ამას დაემატა პიროვნული პრობლემები, კვირიკაშვილის მიუღებლობა და ა.შ. მოკლედ, რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც გადაწყვიტეს ამოექექათ ეს დოსიე. საქართველოში ხომ ყველა პოტენციურად საფრთხის შემცველ პირზე იქმნება ამგვარი საქმეები. სხვათა შორის, ეს დოსიე შეიქმნა არა ამ ხელისუფლების, არამედ წინას დროს. თქვენ გგონიათ, ამას სააკაშვილი არ გამოიყენებდა, თუ დასჭირდებოდა? აუცილებლად გამოიყენებდა და შესაძლოა უფრო მძიმედაც, რადგან იმჟამად საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა გასული”, - თვლის ექსპერტი.

 

“სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ ცხადყო, რომ მას და პარტიის თავმჯდომარეს არაერთ საკითხზე აქვთ განსხვავებული აზრი. ნიკა მელია პატარა პარტიებს აღიქვამდა როგორც სრულფასოვან პარტნიორებს და ამ ბაზაზე გეგმავდა პოლიტიკური პროცესის წარმართვას. მას საკმაოდ კარგი პროექტები ჰქონდა, გავიხსენოთ თუნდაც თბილისის კოალიციური მმართველობის პროექტი, რომელშიც “ლელოს” წევრი უფრო ბევრი იყო, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის”. კოალიციურ მმართველობაზე სააკაშვილიც ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს არათუ “ნაციონალური მოძრაობის” დომინირების, არამედ საერთოდ პროცესების მისი პიროვნების გარშემო, მის პირად ორბიტაზე დატრიალების ხარჯზე. მოკლედ, სააკაშვილი თავს პოლიტიკაში კი არ ხედავს, არამედ პოლიტიკას ხედავს საკუთარ თავში. სხვათა შორის, ამით ძალიან ჰგავს ბიძინა ივანიშვილს - ხომ თითქოს ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მთავარ რაღაცებში თითქმის ტყუპივით არიან”, - განმარტავს ხუხაშვილი.

 

“სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და მელიას კონცეფციით წასულიყო ყველაფერი, ოპოზიციას ჯამურად 5-7%-ით უკეთესი შედეგი ექნებოდა. სააკაშვილის ჩამოსვლა ყველაზე კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ და დღემდე სარგებლობს ამით. სააკაშვილით გადაიფარა უამრავი პრობლემა - თითქოს არც პანდემია გვაქვს, დღეში არც 60 კაცამდე გვიკვდება, არც ჰიპერინფლაცია გვაწუხებს, არც საგარეო გამოწვევები. ბოლო თვეებია მხოლოდ სააკაშვილზე ლაპარაკობს ოპოზიცია და ხელისუფლებაც ლაღად პასუხობს მათ. ეს არ არის სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი და არ მიგვიყვანს რიგგარეშე არჩევნებამდე. სააკაშვილს აქციებიც და სხვა პოლიტიკური პროცესებიც მხოლოდ თავისი ბელადობით წარმოუდგენია. ჰგონია, აგერ ციხეში დაგვიწერს პროგრამას და ამ პროგრამით ირბენს ქართველი საზოგადოება, უკაცრავად, მაგრამ ასე ვერ იქნება... სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ქვეყანაში მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს. ის ცდილობს თავისი ბედი დაუკავშიროს ქვეყნის ბედს. იმავეს ფიქრობს ივანიშვილიც”... - დასძენს რესპონდენტი.

წაკითხვა 476 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 17 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.