რამ გამოიწვია "ნაციონალურ მოძრაობაში" კადრების ცვლილება? - ზაზა ბიბილაშვილის შეფასება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.


პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.


"ცვლილებები აუცილებელია და განპირობებულია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , თითოეული ჩვენგანი ვდგავართ, ვგულისხმობ ქვეყანას და სახელმწიფოს. ახლა მე ვთვლი გარდაუვალ აუცილებლობად, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც თავისი დღის წესრიგი ასევე შიგთავსიც კი და ორგანიზაციული თვალსაზრისით ბევრად უფრო გასაგები სამართლებრივი იურიდიული ფორმა მივიღოთ საზოგადოებისთვის, რათა იცოდეს საზოგადოებამ რისთვის ვიბრძვით და რა გვინდა. ცვლილებების აუცილებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ის ვინც დღემდე აქტიური იყო პარტიაში ვერ ართმევდა თავს მოვალეობებს და სხვა გაართმევს, არა! არავითარ შემთხვევაში! ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ყველა გამოცდილ საქართველოს მოქალაქეს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

აღნიშნულ ფაქტს FirstNews.ge- თან საუბარში "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი გამოეხმაურა:

 

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია "ნაციონალურ მოძრაობაში" კადრების ცვლილება?


- „ცვლილება“ მგონი ხმამაღალი ნათქვამია, რეალურად, ეს იყო არსებული/ძველი კადრების როტაცია. კობა ნაყოფია, რომელიც მანამდე აღმასრულებელი მდივანი იყო, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც პარტიის ერთ-ერთი სახე იყო დაარსების დღიდან, აღმასრულებელი მდივანი იქნება (წარმატება მას ამ რთულ საქმეში!), ხოლო მელია, რომელიც პარტიის თავმჯდომარისა და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტებს ითავსებდა, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარისა და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტებს შეითავსებს.


თუ ამ სურათს მთავარი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის თვალით შევხედავთ, მაშინ გაუგებარია, რა საჯარო გზავნილია ეს? რომ მელიამ თბილისის ორგანიზაციაც ისევე უნდა ააღორძინოს, როგორც მთლიანად პარტია? რომ თბილისსაც ისეთივე პოლიტიკური სიმწიფე და ორგანიზაციული ნიჭი სჭირდება, როგორიც მან სრულიად პარტიაში გამოავლინა? რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას დედაქალაქში სხვა არავინ ჰყავს? რომ ენმ-ში დაგროვილი პრობლემების მიზეზი ამ პოსტზე მანამდე მყოფი ზალიკო უდუმაშვილი იყო და ის უშლიდა ხელს პარტიაში გახსნილობას, შიდა დემოკრატიასა და აუცილებელ რეფორმებს?!


...რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია გადაადგილებები. ერთი მხრივ, ცვლილებები გამოიწვია შიდა დინებებმა, რაც გარე თვალისთვის მეტისმეტად მოსაწყენი და უინტერესოა. მეორე მხრივ კი მიზეზად შეიძლება დასახელდეს პარტიის მომხრეებს შორის მზარდი უკმაყოფილება, რომელსაც პარტმუშაკები ნაცადი მეთოდებით ვეღარ ახშობენ. ზოგადად, ამგვარი გადაადგილებები არახალია ქართულ პარტიებში. ყოველ კრიზისს მოჰყვება კოსმეტიკური ცვლილებები კრიზისის გამომწვევი რეალური მიზეზების გადასაფარად, მომხრეების დროებით დასაშოშმინებლად, მოლოდინის შესაქმნელად, რომ ამჯერად რაღაც მართლა იცვლება, დროის მოსაგებად მორიგ კრიზისამდე, როცა ისევ გვეტყვიან, რომ „ახლა ამის დრო არაა“ და „ახლა ასეა საჭირო“. ენმ-ში მსგავსი ცვლილებები ბოლო სამ წელიწადში უკვე მესამედ ხორციელდება. თუმცა, შედეგი, საბოლოო ჯამში, ერთი იყო.


შესაბამისად, როგორც უკვე ვხედავთ, განწყობების მხრივ ამ გადაადგილებას არსებითი ცვლილებები არ მოუტანია. პირიქით, რეაქციებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დღეს ენმ-გან ყველაზე გაუცხოებული მისი ყველაზე ერთგული, საბაზისო ამომრჩეველია - ის ადამიანები, რომლებიც იდეოლოგიური თუ ფიზიკური ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ ივანიშვილის მოსვლის დღიდან. ამ გაუცხოებას თავისი ლეგიტიმური მიზეზები აქვს, რომლებიც სათავეს იღებს როგორც პარტელიტის საქციელში, ასევე ოპოზიციურ მედიაში. რაც მთავარია იმაში, რომ როგორც მელია მათ ეუბნება, ცვლილებებში სააკაშვილი ჩართული არ ყოფილა, მასთან ამ თემაზე კონსულტაციის მცდელობაც არ ყოფილა და საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა ესაუბრა ამ თემებზე სააკაშვილთან.

- ხომ არ იყო პარტიაში შიდა დაპირისპირება? ან ხომ არ შესუსტდა ნიკა მელიას პოზიციები?


- შიდა დაპირისპირებაზე ვერაფერს გეტყვით. არც ის მგონია, რომ მელიას პოზიციები შესუსტდა ან გაძლიერდა. ზოგადად, ყოველი წაგებული არჩევნები თუ შეუსრულებელი უსაფუძვლო დაპირება ყოველთვის აუფასურებს მომდევნო დაპირებას ამომრჩევლის თვალში. თუმცა, როდესაც პარტიები დემოკრატიულად არ იმართება, იქ პოზიციების ხელოვნურად შენარჩუნება მაინც შესაძლებელია, რაშიც, როგორც უკვე აღვნიშნე, საკვანძოა ოპოზიციური მედიის როლი. ეს ვრცელდება სხვა პარტიების ლიდერებზეც, მაგრამ პირველ რიგში ენმ-ზე. სინამდვილეში, ენმ-ს ძირითადი მხარდამჭერების აზრს თუ გავითვალისწინებთ, მელიას პოზიცია დიდი ხანია სუსტია და ერთი მხრივ, პუტინის მძევალი მიხეილ სააკაშვილის დუმილზე, მეორე მხრივ კი მცირე, მაგრამ გავლენიან ჯგუფზე დგას.

- თქვენი აზრით, ამ საკადრო ცვლილებით გაძლიერდა თუ დასუსტდა პარტია?


- ამ საკადრო ცვლილებებით არსებითად არაფერი შეცვლილა. ქართულ პოლიტიკურ პარტიებში რომ დემოკრატია იყოს, ალბათ გავიგებდით, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის საკადრო ცვლილება, რა შეიცვლება საკადრო გადაადგილების შემდეგ. ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ისევ კულუარული პოლიტიკის საგნად და, უბრალო ამომრჩევლისთვის, ბურუსით მოცულ სფეროდ რჩება. სწორედ ესაა პრობლემა - ის, რომ ხალხი არ მონაწილეობს იმ პარტიის გადაწყვეტილებებში, რომელსაც ხმას აძლევს და რომლის დაძახილზეც აქციებზე დადის. პრობლემა, რომელიც აღრმავებს ნაპრალს ხალხსა და პოლიტმუშაკებს შორის.

- როგორ შეიძლება გააგრძელოს ნაცმოძრაობამ მუშაობა? დღეს საუბარი იყო პარლამენტში მუშაობაზე ან მის დატოვებაზე.


- ეს უნდა ვკითხოთ ხალხს, პარტიის ერთგულ ამომრჩეველს. პარტია ხომ ხალხის ინტერესებს უნდა გამოხატავდეს? ჩვენში კი პირიქითაა - მცირე ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას და მერე მას აცნობენ ხალხს, რომელსაც არანაირი გავლენა არა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე.
პირადად ჩემს აზრს რაც შეეხება, ვისურვებდი, რომ როგორც არ უნდა გააგრძელოს მუშაობა პარტიამ, ეს იყოს არა იმწუთიერ ეფექტზე გათვლილი, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული, მთავარი მიზნისკენ მიმართული და არა კონკრეტული პირების კერძო ინტერესებით ნაკარნახევი. იქნება საპარლამენტო მუშაობა? იყოს. იქნება ბოიკოტი და ქუჩის აქციები? იყოს. იქნება ორივეს ნაზავი? იყოს. მაგრამ იმის განცდა მაინც უნდა არსებობდეს, რომ ვიღაცამ სადღაც, თუნდაც დახურულ კარს მიღმა (რა დაბლა დაიწია სტანდარტმა!) იცის, რას აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს გააზრებული ხედვა, გეგმა, სტრატეგია და ტაქტიკა; იცოდეს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა მიზნითა და მოტივით, ვის მიყვება აქციებზე თუ არჩევნებზე. დღეს ეს განცდა არ არსებობს. მათ შორის ამის გამოც, ისტორიულ ფსკერზეა ოპოზიციის ურთიერთობა ჩვენს უცხოელ მეგობრებთან.

- როგორ იმოქმედებს ყაზახეთის მოვლენები საქართველოზე? ხომ არ იქნება ეს ოპოზიციისთვის რაიმე მაგალითის მიმცემი?


- ყაზახეთის მოვლენებსა და საქართველოს რეალობას შორის პირდაპირი პარალელების გავლება ძალიან არასწორი იქნებოდა. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. შესაბამისად, ყაზახეთის მოვლენებიც ისეთივე რამდენიმე დღიან სასაუბრო თემად დარჩება საქართველოში, როგორიც იყო პაშინიანის ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში.

წაკითხვა 1532 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 13 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.