“დღეს ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის პირობებში” - გია ხუხაშვილი

“სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის პირობებში.

ომი არ არის მხოლოდ ჯარისკაცები, ტანკები და თვითმფრინავები... ომს აქვს ძალიან ბევრი ასპექტი, როგორც მსოფლმხედველობრივი, ასევე ეკონომიკური, სამხედრო-ტაქტიკური თუ სტრატეგიული და ასე შემდეგ... ამ ომში ჩართულია თითქმის მთელი მსოფლიო. უპირველესად მნიშვნელოვანია მსოფლმხედველობრივი განზომილება, რაც სამყაროს განვითარების ორ გზას შორის დაპირისპირებას გულისხმობს. ეს არის ფუნდამენტური დაპირისპირება - ერთი გზა გულისხმობს სამყაროს, რომელშიც ყველა თავისუფალი და თანასწორუფლებიანია, მეორე კი სამყაროს, რომელშიც ძლიერს აქვს სუსტის დაჩაგვრისა და დაქვემდებარების უფლება. ახლა ეს ორი მსოფლმხედველობა ეჯახება ერთმანეთს და გადაწყდება, თუ საით წავა მსოფლიო. იმედია, სწორი გზით”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის პირობებში” / “ჩვენ ტექტონიკური ძვრების წინაშე ვდგავართ. რკინის ფარდა ეშვება ევროპაში, საზღვარი სად გაივლის, ჯერ არ ვიცით, მაგრამ მისი დაშვება გარდაუვალია”.

 

“თუ ყველა ასპექტს გადავხედავთ, ამ ერთმა თვემ ცხადყო, რომ რუსეთს უკვე წაგებული აქვს ომი მსოფლმხედველობრივად, რადგან მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ თავის უფლებებსა და სუვერენიტეტში სუსტი და ძლიერი ქვეყნები თანაბარი არიან. რაც შეეხება სამხედრო-სტრატეგიულ მხარეს, აქაც აგებს რუსეთი. მისი ერთ-ერთი ამოცანა იყო ნატოში დაძაბულობისა და წინააღმდეგობების გაჩენა, ამ დროს კი მიიღო უკუშედეგი - ნატოში მაქსიმალური კოორდინაცია და მობილიზება დაიწყო. სამხედრო-ტაქტიკურადაც აგებს, რადგან ბლიცკრიგის გეგმა ჩაეშალა, წააწყდა ისეთ წინააღმდეგობას, როგორსაც არ ელოდა, ვერ მოახერხა კოლაბორაციული განწყობის გაღვივება უკრაინაში. დღეს უკრაინის ხელისუფლება, არმია და ხალხი არის უპრეცედენტოდ ერთიანი და გმირობის გასაოცარ მაგალითებს აჩვენებენ, ამიტომაც რუსეთს გამარჯვების არანაირი შანსი აღარ დაუტოვეს. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, რუსეთის გარშემო სასანქციო ყულფი მაქსიმალურად დავიწროვდება, ანუ გლობალური ეკონომიკის პირობებში რუსეთის ეკონომიკა იზოლაციაში აღმოჩნდება. ერთადერთი, რაც დარჩენია, არის სამხედრო-ტექნიკური ფრონტი, სადაც ჯერ კიდევ შეუძლია დიდი ზიანის მიყენება მთელი სამყაროსთვის. ეს ომი დღეს მხოლოდ ამ ასპექტში გრძელდება, დანარჩენი მიმართულებებით ყველაფერი გარკვეულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“რუსეთს არა აქვს უკან დახევის ფუფუნება. პუტინს თავიდანვე რომ სცოდნოდა, რა მოცემულობა ექნებოდა ერთი თვის თავზე, ამ ნაბიჯს აშკარად არ გადადგამდა, მაგრამ მას ჰქონდა სულ სხვა გათვლა, რაც წყალში ჩაეყარა და ახლა არის ვითარებაში, როდესაც უკან დახევის რესურსი აღარ აქვს. კრემლისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია უკრაინაში რაღაც ამოცანების მაინც წარმატებით გადაჭრა. შესაბამისად, პუტინი თავს კედელთან მიყენებულად გრძნობს და ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის აპოკალიფსური ინსტრუმენტების გამოყენებაზეც. მას ყველაზე მეტად ეშინია რუს საზოგადოებაში მისი უძლეველობის მითის დანგრევის. ჩვენ ვნახეთ ლვოვის დაბომბვა მაშინ, როცა ჯო ბაიდენი სიტყვით გამოდიოდა პოლონეთში. ეს იყო წმინდა პოლიტიკური გზავნილი დასავლეთისთვის, რომ კრემლი ყველაფერზე წამსვლელია. რატომ ლვოვი? იმიტომ, რომ ლვოვი არის ბოლო პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის კავშირს დასავლეთთან, ასევე მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი დასავლური ქვეყნის საელჩო ახლა ლვოვში ფუნქციონირებს. ასე რომ, რუსეთი ცდილობს აჩვენოს მსოფლიოს, რომ თითქოს ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ნატოსთან ცხელ ომზეც. ეს ბლეფია თუ რეალობა, მისი ამ სასოწარკვეთილი პოზიციიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ომს წააგებენ, რუსეთი დასრულდება და, ფაქტობრივად, ასეც არის. რომ არა ის მასობრივი განადგურების იარაღი, რაც აქვს, რუსეთის მარცხის გაფორმების პრობლემა არ იქნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ძალიან რთული ვითარებაა, დასავლეთის გამტყუნება იმაში, რომ ქმედითად არ მოქმედებს, არასწორია. დასავლეთი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, მაგრამ როცა ლაპარაკია ცის დაკეტვაზე, რაც უკრაინისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიდან მოხდეს საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა, ანუ რუსეთის თვითმფრინავები და რაკეტები უნდა ჩამოყარონ, რაც მესამე მსოფლიო ომის ცხელ ფაზამდე მიგვიყვანს. ცეცხლის ალში შეიძლება მთელი სამყარო გაეხვიოს. რაც შეეხება იარაღით უფრო აქტიურ დახმარებას, დასავლეთი უარს არ ამბობს, უბრალოდ, ჩემი აზრით, არსებობს ლოჯისტიკური პრობლემები. სამხედრო ექსპერტი არა ვარ და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ყველაფერს დაგეგმვა და შესრულება სჭირდება. მსუბუქი ტექნიკის მიწოდების შენიღბვა გაცილებით ადვილია, მაგრამ მძიმე ტექნიკის მიწოდება ძალიან ძნელია. რუსეთი ამ ყველაფერს უყურებს და შეიძლება მიწოდებაში დიდი პრობლემები შეიქმნას. ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და ისე დალაგება, რომ პროცესი შედეგიანად წარიმართოს. ვფიქრობ, დასავლეთი ასეც იქცევა”, - თვლის ექსპერტი.

 

“უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინაში სისხლი იღვრება საქართველოსთვისაც. რუსეთის გეგმა რომ შესრულებულიყო და უკრაინა დანებებოდა აგრესორს, როგორც კი კოლაბორაციულ ხელისუფლებას დასვამდა კიევში და ხელს მოაწერინებდა ნეიტრალიტეტზე, მეორე დღესვე საქართველო მიიღებდა იმავე წინადადებას და დავდგებოდით უმძიმესი რეალობის წინაშე. ის, რომ დღემდე ეს არ მოხდა, უკრაინელი ხალხის, არმიის, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების გმირობის დამსახურებაა. ამიტომაც არიან ეს ადამიანები არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს გმირებიც, რის მიჩქმალვასაც ჩვენი ხელისუფლება ცდილობს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამ ხალხს კავშირი არა აქვს საქართველოს უსაფრთხოებასთან. ეს წარმოუდგენელი პოლიტიკური უმადურობაა. რაც შეეხება ხელისუფლების ტაქტიკას, “ქართული ოცნების” ბუნებიდან გამომდინარე, ეს კანონზომიერია, იმიტომ, რომ არა აქვს ფასეულობითი არჩევანი. ვერბალურად, კი ბატონო, დასავლეთში სურთ ინტეგრაცია, მაგრამ მათი დამკვიდრებული მმართველობითი მოდელი არცთუ დასავლურია. მენტალურ ასპექტს რომ გადავხედოთ, თუ როგორ იმართება ქვეყანა, სწორედ რუსული მოდელია. თავიანთ სიმხდალეს, უპრინციპობას პროპაგანდისტულად ფუთავენ და სიფრთხილესა და სიბრძნეს უწოდებენ, რაც სასაცილოა”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

 

“მივყვეთ მოვლენების ლოგიკას. რუსეთმა, ისევე როგორც ნებისმიერმა იმპერიამ, მშვენივრად იცის, რომ შეიძლება ქვეყანა დაიპყრო სამხედრო ძალით, მაგრამ თუ იქ ვერ მოძებნე კოლაბორაციული დასაყრდენი, ქვეყნის გრძელვადიანი გაკონტროლება შეუძლებელი ხდება. ეს ძალიან კარგად აჩვენა უკრაინამ. რუსებს ამ ქვეყანაში აქვთ რაღაც ტერიტორიები ოკუპირებული, მაგრამ შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, რადგან დიდწილად კოლაბორაციულ ჯგუფებს ვერ ნახულობენ. ერთადერთი საშუალება, რომ აგრესორს არ გაუჩნდეს იმის ილუზია, შემიძლია დაგიპყრო და სრულად გაგაკონტროლოო, ის არის, რომ აჩვენო საზოგადოების ერთიანობა, აჩვენო, რომ ვერ იპოვის ამ ქვეყანაში დასაყრდენს”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ჩვენ სრულიად სხვა სურათი გვაქვს. პრორუსული, ფაქტობრივად, ძალადობრივი ჯგუფი ახერხებს პარტიის ჩამოყალიბებას და ლამის მთელ ქვეყანაში ფილიალების გახსნას და მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კიევის გვერდით დგას, საქართველოდან მოსკოვში მიდის გაუგებარი ხალხის დელეგაცია და ბედავს ქვეყნის სახელით ლაპარაკს” - პასუხობს:

 

“სამწუხაროდ, ყოველივე ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. ის ხელს უწყობს კოლაბორაციულ ჯგუფებს. კი ემიჯნება და კავშირს უარყოფს მათთან, მაგრამ, იმავდროულად, კვებავს და ასაზრდოებს. კონცეფცია, რომ თუ ლოიალურები ვიქნებით, რუსეთი თავს არ დაგვესხმება და არ ექნება ჩვენთან პრეტენზიაო, კარგ შემთხვევაში სიბრიყვეა, ცუდში კი - სახელმწიფო ინტერესების საბოტაჟი. ჩვენ მალე შეიძლება დაახლოებით იმ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რაც იყო გეორგიევსკის ტრაქტატის წინა პერიოდში, რის გამოც საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგა. ხელისუფლება პრორუსულ ჯგუფებს კვებავს, სულ ცოტა, იმით, რომ მათი შეჩერებისთვის არაფერს აკეთებს. შეჭამეს ტვინი იმის ლაპარაკით, გახარიას ფული საიდან აქვსო, ახლა არ უჩნდებათ კითხვა “ალტ-ინფოს” ფული საიდან აქვს? არ ვიცი, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ არჩევნებში ეს ჯგუფები ეხმარებოდნენ “ქართულ ოცნებას” და დავალებული არიან მათგან, თუ უარესად არის კიდევ საქმე”...

 

“შეიძლება ეს ყველაფერი საქართველოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. ხელისუფლება წინასწარი კაპიტულაციის რეჟიმში მუშაობს და რუსეთი ამას ხედავს. კარასინის შეფასებებიც ხომ მოვისმინეთ? თურმე საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს. ეს ყველაფერი ასე ჩანს რუსეთიდან და უკრაინიდანაც. ამას ხედავენ დასავლეთშიც. ის, რომ დასავლეთი ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავს ან ამართლებს საქართველოს ხელისუფლებას. ამას აქვს პრაგმატული მიზეზი - ამაზე რეაგირება რომ მოახდინონ, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას მეტად უბიძგონ რუსეთისკენ და ამას ერიდებიან. ჩვენ ტექტონიკური ძვრების წინაშე ვდგავართ. რკინის ფარდა ეშვება ევროპაში, საზღვარი სად გაივლის, ჯერ არ ვიცით, მაგრამ მისი დაშვება გარდაუვალია. ასეთ ვითარებაში, როცა ვერ ყალიბდები რკინის ფარდის რომელ მხარეს იქნები, მძიმე მდგომარეობაში აგდებ ქვეყანას, მის მომავალს”, - დაასკვნის ექსპერტი.

 

“ამბობ, რომ სანქციებს ომის შიშით არ შეუერთდი, უკაცრავად და, ამ სანქციებს ბევრი ქვეყანა შეუერთდა, მაგრამ რუსეთს არავისთან დაუწყია ომი, ახლა ამისთვის არ სცალია. ომით დაშინება, საზოგადოების გამუდმებით დამუნათება, ომი გინდათო, რუსული გზავნილია. რუსეთს ის კი არ სურს ქართველები სიყვარულით გიჟდებოდნენ ამ ქვეყანაზე, არამედ ის, რომ ქართველებს მისი ეშინოდეთ. ხელისუფლება სწორედ ამ შიშს ასხივებს და ამას ხალხშიც ნერგავს, თან ამ შიშს სიბრძნით ფუთავს. ომი არავის სურს, სიფრთხილეა ნამდვილად საჭირო, მაგრამ სიფრთხილე თუ გაკარგვინებს პრინციპულობას, ეს არის სწორედ ძალიან სახიფათო. ხომ გახსოვთ გამონათქვამი, თუ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის უსაფრთხოებას ირჩევ, საბოლოოდ ორივეს დაკარგავო. ეს ფრთიანი ფრაზა კი არ არის, დადასტურებულია ძალიან ბევრი ისტორიული მაგალითით. როდესაც შენი სიფრთხილე გადადის სიმხდალესა და, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ განწყობაში, ამით აგრესორს უქმნი იმის პირობას, რომ კიდევ უფრო გემრიელად შეგახრამუნოს. სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ არა სახელმწიფოებრიობის, ღირსებისა და პრინციპულობის ხარჯზე”, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

 

“სანქციებს შესაძლოა არ შევერთებოდით, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაგვეკეთებინა როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე გველაპარაკა ყველა ტრიბუნიდან. ამის ნაცვლად ზელენსკი ლამის “ნაციონალური მოძრაობის” წევრად გამოაცხადა ხელისუფლებამ. ადამიანი, რომელიც დღეს სამყაროს გმირია, საქართველოს კრიტიკა იმასთან მოსატანიც არ არის, ისე აკრიტიკებს დასავლეთს, მაგრამ დასავლეთს ესმის მისი მდგომარეობა, ტაშს უკრავენ, კი არ ბრაზდებიან. იმას კი არ ამბობენ, ომში რომ არ იყოს, დედას ვაგინებდითო.რასაც ახლა “ქართული ოცნება” აკეთებს, პოლიტიკური აბსურდია. ამ ხელისუფლებას აქვს პრობლემა დასავლეთთან კომუნიკაციაში, უამრავი კითხვა აქვთ მასთან, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის ეს მოქმედებები მისთვის შეიძლება გამხდარიყო მშვენიერი ალიბი. შეეძლოთ ეთქვათ, ჩვენს პოზიციას წარმოადგენს პრეზიდენტიო და დანარჩენში გამოეჩინათ დიდი სიფრთხილე და “სიბრძნე”. ამის ნაცვლად პრეზიდენტს უპირისპირდებიან. ამაში პოლიტიკური ლოგიკის დანახვა ძალიან რთულია. შეთქმულების თეორიები არ მიყვარს, მაგრამ თუ ძალიან მოვინდომებთ ამაში ლოგიკის დანახვას, ერთადერთი რამ, რაც შეიძლება დავასკვნათ, ის არის, რომ მათ აქვთ გარკვეული წითელი ხაზები დაწესებული რუსეთისგან და იმის შიშით, რუსეთში ვიღაცამ არ მიიჩნიოს ზურაბიშვილის განცხადებები წითელი ხაზების გადაკვეთად, დგანან და უპირისპირდებიან პრეზიდენტს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლაც აქვს მათ მოქმედებას პოლიტიკური ლოგიკა, მაგრამ თუ მხოლოდ ემოციებითაა განპირობებული ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება დაძაბულობას ე.წ. მთიან ყარაბაღში, ჩემი აზრით, ყარაბაღში ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა ამაში დიდ გეოპოლიტიკურ რაკურსს ვერ ვხედავ. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღი მთლიანად მისი ტერიტორიაა და როგორც ჩანს, მისმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც შესაძლებელია ყარაბაღი მთლიანად დაიბრუნოს. აზერბაიჯანს აქვს ამის რესურსი. თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთანაც მოვისმინეთ გიჟური მოწოდებები, იგივე ხომ არ გაგვეკეთებინა ჩვენცო, რაც დიდი სიბრიყვე და პროვოკაცია იქნებოდა. ეს ძალიან სახიფათოა. კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი განცხადებები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ უპირველესად დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები, ეს კი ომით წარმოუდგენელია”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 277 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.