“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინას და მომაკვდინებელი სანქციები რუსეთს” - პოლიტოლოგები აშშ-ს პრეზიდენტის მთავარ გზავნილებს გამოარჩევენ
“არსებული მძიმე ვითარების ფონზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვარშავაში ვიზიტი სიმბოლური და მნიშვნელოვანი იყო - ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლაში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის გაფრთხილების, ისე მასზე დასავლეთის რეალური პასუხის თვალსაზრისით.
პრაქტიკული ნაბიჯები კი აშშ-მა უკვე გადადგა, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მომაკვდინებელ სანქციებს მოიცავს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის პოლონეთში ვიზიტით და განცხადებით ნათლად გამოკვეთა, რომ ესაა მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლა და ყველაფერო უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ცივილიზებულმა სამყარომ გაიმარჯვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინას და მომაკვდინებელი სანქციები რუსეთს” - პოლიტოლოგები აშშ-ს პრეზიდენტის მთავარ გზავნილებს გამოარჩევენ.
“როგორც ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, დასავლეთმა და კერძოდ აშშ-მა ბოლოს და ბოლოს პრინციპული დასკვნა გააკეთა, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, ესაა სრული ანალოგი იმ მონსტრისა, რაც ჩვენ 1991 წელს დამარცხებულად ჩავთვალეთ. რომ მის წინაღმდეგ ყველაფერი უნდა გაკეთდეს და რომ ესაა თავისუფლებისთვის ბრძოლა და არა ბრძოლა ერთი ქვეყნის დასაცავად, მეორე ქვეყნის წინააღმდეგ. პრაქტიკული ნაბიჯები ამერიკამ უკვე გადადგა, ის სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნა შემოღებული, ესაა ეკონომიკისთვის მომაკვდინებელი და ის დახმარება, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას რუსეთის ეკონომიკის კატასტროფული ჩამოშლა და ასევე უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანის კატასტროფული დამარცხება მოჰყვება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
“დავაკვირდეთ რა ინფორმაციები მოდის მოსკოვიდან და პეტერბურგიდან, რა თქმა უნდა, სანქციებმა მოქმედება დაიწყო. ყოფით დონეზე და ძალიან მარტივად, რომ შევხედოთ, იქ უამრავი საქონელი პრაქტიკულად გაქრა, ხოლო ფასები კატასტროფულად იზრდება და რაც მთავარია, არ ჩერდება. ეს რომ ერთი ნახტომი ყოფილიყო, სხვა საქმეა, მაგრამ ეს ყოველდღიურად მზარდი ზვავია, რომელიც რუსეთის მოსახლეობას თავზე ატყდება. ეს კი მხოლოდ პირველი ნიშნებია, სულ მალე ბევრად უფრო მძიმე და უარესი შედეგებია მოსალოდნელი, თანაც ეს ვარაუდი კი არა, აბსოლუიტურად გარდაუვალი შედეგია იმ ნაბიჯებისა, რომელიც რუსეთის იზოლაციისთვის მსოფლიომ გადადგა”, - თვლის მენაღარიშვილი. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია კი აცხადებს, რომ მთავარი გზავნილი მაინც ის იყო, რომ ნატოს პოზიცია მე-5 მუხლთან დაკავშირებით და რუსეთის მხრიდან აკრძალკული იარაღის გამოყენების მხრივ მტკიცეა, ეს მანამდე რუსეთისთვის ბოლომდე ნათელი არ იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მთავარი გზავნილები ალბათ ის იყო, რომ ის ნატოს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით მტკიცედ დგას. რუსეთის ნებისმიერი მცდელობა თუ იქნება, რომ ნატოს წევრ რომელიმე სახელწიფოს დაემუქროს, ალიანსს ამაზე რეაგირება აუცილებლად ექნება. ეს კი საკმაოდ მყარად იყო ნათქვამი. მეორე - რაც მანამდე რუსეთისთვის ბოლომდე ნათელი არ იყო, გამოიკვეთა ის, რომ თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს შესაძლოა ის წითელი ხაზი აღმოჩნდეს, რომლის შემდეგაც არაა გამორიცხული, რომ კონფლიქტში რუსეთის წინააღმდეგ უკვე ნატო ჩაერიოს. მის განცხადებას რეალურად რა პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება, ამ ერთი გამოსვლით, ზუსტად ამას ვერც ჩასტევდა. მიზანი ის იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპელები, მოკავშირეები და უკრაინელები შთაეგონებინა. დაახლეობით ჩერჩილის და რეიგანის ცნობილი გამოსვლების სტილში იყო დაწერილი და ემოციებზე იყო გათვლილი და არ ჩანდა, ამის შემდეგ რას შეიძლება აპირებდეს. თუმცაღა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ცალკე უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, სადაც უკვე კონკრეტულად იყო საუბარი თუ აშშ უკრაინასთან მიმართებაში რას აპირებს. ასე რომ, ყველაფერს ერთ გამოსვლაში ვერ მოათავსებდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“მან რუსეთის ხელისუფლების შეცვლაზე მიუთითა. მიუთითა, რომ რუსეთის ხელისუფლება უკვე ისეთია, რომ მათთან ურთიერთობა საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან გაუჭირდება, ანუ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევაც ცოტა ხანში სასირცხვილო გახდება - ეს მან კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ რუსული საზოგადოება და პოლიტიკური კლასი ამაზე უნდა დაფიქრდეს. თუ არსებული ხელისუფლება შენარჩუნდა, ამ კონფლიქტის შემდეგაც რუსეთი კარგა ხანი იზოლაციაში იქნება. ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის ხალხის კი არა, არამედ პუტინის ავტორიტარული მანიაკალური ძალაუფლების წინააღმდეგ არიან”, - ამბობს კაკაჩია. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა იცის, რომ ვლადიმერ პუტინი რუსი ხალხის პოზიციების შედეგია, უნდოდა მათ წინაშე დიპლომატიურად წარმოჩენილიყო და ეთქვა, რომ ამერიკა არა რუს ხალხს, არამედ პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვის”, - დასძენს გამოცემა.
“ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ის, რომ გარკვეულწილად მას სურდა, რომ რუსული საზოგადოების წინაშე უფრო დიპლომატიურად წარმოჩენილიყო. მაგალითად, ამერიკა რუს ხალხს არ ებრძვის და მთავარი პრობლემა პუტინია, მიუხედავად იმისა, ბაიდენმა კარგად იცის, რომ პუტინი თვითონ რუსული საზოგადოების შედეგია. ბაიდენის მიზანია მოსახლეობა და პუტინი ერთმანეთისგან გამიჯნოს. ეს კი ძალიან სწორი არჩევანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული საზოგადოება ისევ პუტინის გარშემო მოიყრიდა თავს. ბაიდენის მინიშნება იყო, რომ სანქციების დაწესება და რუსეთში ვითარების გაუარესება პუტინის ბრალია და რუსეთის ბედი თავად მოსახლეობას მიანდო. ბაიდენმა რუსეთს მიანიშნა, რომ ზღვარი არსებობს და თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ამას უპასუხებენ, თუმცა, არ თქვა როგორ. ამით, ფაქტია, მიანიშნა, რომ თუ კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიდა და რუსეთმა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა, არსებობს იმის შესაძლებლობა, ამერიკა და დასავლეთი უშუალოდ კონფლიქტში ჩაერთოს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“გათვლა იმაზეა, რომ თუ რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, ეს უშუალოდ პუტინს დაბრალდეს. ჯერჯერობით რუსი ხალხის უმრავლესობა ომს მხარს უჭერს, ეს კი პროპაგანდის შედეგია. გარდა ამისა, ბევრს ჯერ კიდევ დანაზოგი აქვს და ეკონომიკურად ჯერ არ უგრძვნია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამსახური მილიონობით ადამიანმა დაკარგა უკმაყოფილება ნელ-ნელა თავს იჩენს. სხვადასხვა მონაცემებით რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ით შემცირდა და 1998 წელს, როცა რუსეთის დეფოლტი მოხდა, მაშინ მშპ 5.4%-ით, ხოლო 2009 წელს კი დაახლოებით 7%-ით იყო შემცირებული. დღეს ეს ციფრი ძალიან დიდია. ეს ის მონაცემია, როცა ჯერ კიდევ განსაკუთრებით ევროპა რუსულ ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული. ამაზე მუშაობა მიდის. თუ ევროპამ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაჭრა, მაშინ რუსეთს განსაკუთრებით გაუჭირდება. სხვადასვა მონაცემებია, მათ შორის მსოფლიო ბანკის ექსპერტების, რომ შესაძლებელია მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 25-30%-ით შემცირდეს, თუმცა, ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. შესაძლებელია ბაიდენს აქვს ეს გათვლა, რომ პუტინს თვითონ მოსახლეობა აუჯანყდება, თუმცა, აქ არაა ის გათვლა, რომ თავად ამერიკის სპეცსამსახურები უშუალოდ პუტინზე და მის რეჟიმზე იმუშავებენ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვი”, - დაასკვნის ჩიტაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი